SZA-მ მსმენელებს თავისი ალბომის SOS-ის დაანონსებული ე.წ დელუქს ვერსიის დეტალებო გაუზიარა. ნიუ იორკში გამართულ საღამოზე 33 წლის გრემის მფლობელმა არტისტმა განაცხადა, რომ თავისი წარმატებული ალბომის დელუქს ვერსიის გამოცემას გეგმავს, რომელშიც 10-მდე ახალი ტრეკი შევა.
„ეს დელუქსი ახალი ალბომის მსგავსია და მისი სახელია Lana.“ -აღნიშნა SZA-მ. მუსიკოსის თქმით, ალბომი სექტემბერში გამოიცემა. მუსიკალური ნამუშევრის დაანონსების მომენტი ერთ-ერთმა ფანმა გადაიღო და ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა.
რაც შეეხება მუსიკალურ საღამოს, SZA აუდიტორიის წინაშე ბრუკლინის ერთ-ერთ დაწესებულებაში წარდგა. ეს არტისტის ექსკლუზიური შოუ იყო, რომლის მიმდინარეობისასაც მუსიკოსმა ფანების საყვარელი ჰიტებთან ერთად, გამოუქვეყნებელი ტრეკებიც შეასრულა. როგორც გამოცემა People იუწყება, ღონისძიებაზე მოულოდნელი სტუმარი – Ice Spice-ც გამოჩნდა.
SOS 2022 წლის დეკემბერში გამოიცა. გამოსვლიდან მალევე მან Billboard 200-ის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. Billboard 200-ის ჩარტებში SOS ათი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სადებიუტო კვირაში ალბომს შეერთებული შტატების მასშტაბით 400 მილიონი სტრიმი ჰქონდა.
ალბომის გამოცემას საკონცერტო ტურნე მოჰყვა. Billboard Boxscore-ის ინფორმაციით, ტურნეს ფარგლებში გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 238 ათასს მიაღწია, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა – 34.5 მილიონ დოლარს.
აგვისტოში SZA -მ მუსიკალური ვიდეო გააზიარა, რომელიც გადაღებულია კომპოზიციაზე Snooze. კლიპში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობს, მათ შორის ჯასტინ ბიბერი და ბენი ბლანკო.