„ქუთაისური ტალღა – როცა ჩარხები გაჩუმდნენ“ – დოკუმენტური ფილმი ქუთაისის ალტერნატიული სცენის შესახებ 

ფილმი პროექტ „ალტერნატიული ქუთაისის” ფარგლებში ანა აბაკელიამ გადაიღო.

„ქუთაისური ტალღა – როცა ჩარხები გაჩუმდნენ” – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 90-იანი წლების ქუთაისის ალტერნატიული კულტურის აღმოცენებისა და განვითარების ამბავს გვიყვება. ფილმი „უბან-არტისა” და ფონდი „ელექტრონავტის” ორგანიზებით პროექტ „ალტერნატიული ქუთაისის” ფარგლებში შეიქმნა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტისა და EU4Culture-ის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი ავტორი ჟურნალისტი ანა აბაკელიაა.

ანა აბაკელია:

„ეს არის 90-იანი წლების ეპოქა – ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებს მოიცავდა. საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ამ პროცესს თან ახლდა ეკონომიკური კოლაფსი, სამოქალაქო ომი და სოციალური არეულობა. ფილმი სწორედ ამ პერიოდის ქუთაისზეა, სადაც იქაური ახალგაზრდები იბრძოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური გაურკვევლობის, არამედ იმ საბჭოთა სისტემის გადმონაშთის, მემკვიდრეობისა და ტრადიციული ნორმების წინააღმდეგ, რომლებიც მათ თავისუფლებასა და თვითგამოხატვას ზღუდავდა. აი, ამ პირობებში ეს ახალგაზრდები ცდილობენ, იპოვონ საკუთარი ხმა და იდენტობა, რის შედეგადაც ამ ქალაქში ჩნდება ძალიან მძლავრი ალტერნატიული სცენა. 

კადრი ფილმიდან „ქუთაისური ტალღა – როცა ჩარხები გაჩუმდნენ“

მუსიკის ჟურნალისტი ლაშა გაბუნია არის ფილმის გმირი და ერთგვარი გზამკვლევიც, რომელიც ამ ისტორიულ ნარატივს გვიყვება და ქუთაისის ალტერნატიული სცენის სიღრმეებში შევყავართ. ჩემთვის ყველაზე მომნუსხველი იმის აღმოჩენა იყო, რომ ეს ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვია და ეს სცენა დღემდე ინარჩუნებს თვითმყოფადობას და იმ სულისკვეთებას, რითაც ყველაფერი დაიწყო. შესაბამისად, ფილმის გმირებიც ამ უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენენ: გვყავს, მაგალითად, ერთ-ერთი საკულტო ფიგურა და ქუთაისის ალტერნატიული სცენის უხუცესი წარმომადგენელი გოგა ჟორჟოლაძე, ასევე რობი კუხიანიძე და სხვა პიონერები. მათთან ერთად კი არიან ახალი თაობის წარმომადგენლებიც: ერეკლე დეისაძე, Skazz… ეს ახალგაზრდები ერთგვარი მედროშეები არიან წინა თაობის, რომლებმაც მათ ეს მემკვიდრეობა დაუტოვეს და დღესაც ამ ქალაქსა და ამ თაობაში იგრძნობა ის უწყვეტობა, ის ენერგია და სულისკვეთება, რითაც წინა თაობებმა დაიწყეს. ეს ეტყობა არა მხოლოდ ხელოვანებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს. თითქოს, ყველას აქვს ის პროტესტი და მუხტი, რომელიც შემდეგ უკვე მეტწილად ხელოვნებაში გადადის. და, სხვათა შორის, განსხვავებებზე საუბრისას, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ მართალია, თბილისში უფრო ადრე დაიწყო ეს მოძრაობა, მაგრამ ქუთაისმა კიდევ სხვა მუხტი შექმნა, თითქოს, უფრო გაბრაზებული ტონი მისცა ამ პროტესტსო. მართლაც, ქუთაისი ნაკლებად გამოირჩევა ქუჩის აქტივიზმით და ეს ამბოხი სრულად ვუალირდება ხელოვნებაში. იქ პროტესტის მთავარ იარაღად სწორედ მუსიკა იქცა.”

რობი კუხიანიძე
კადრი ფილმიდან „ქუთაისური ტალღა – როცა ჩარხები გაჩუმდნენ“

ანა აბაკელიასთან ერთად დოკუმენტურ ფილმზე ლევან ლეკიაშვილმა (ოპერატორი) და გიგა კიტიამ (მონტაჟი) იმუშავეს. ფილმის პრემიერა ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში შედგა. იგეგმება მისი გაგზავნა საერთაშორისო კინოფესტივალებზეც. 

„ამ ეტაპზე მხოლოდ ტრეილერი გავავრცელეთ, რადგან გვინდა, რომ ფილმს ჰქონდეს საფესტივალო ცხოვრება. უკვე მოძიებული გვაქვს დოკუმენტური ფესტივალები და ამაზე მუშაობა დაწყებულია, ამიტომ ჯერ ფილმის საჯაროდ ჩვენების უფლება არ გვაქვს. გვინდა, ის საზღვრებს გარეთაც გავიდეს და სხვა ქვეყნებსაც ვაჩვენოთ, თუ როგორი მოძრაობა იყო 90-იანი წლების ქუთაისში და რა კვალი დატოვა მან არა მხოლოდ ქუთაისზე, არამედ მთელ საქართველოზე, რადგან ამ მოძრაობის წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი კულტურული უნიკალურობა. 

პირადად მე, ამ ფილმზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ამ ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ხშირად ჩავდიოდი იქ. აბსოლუტურად სხვა სიღრმეებში და სხვა შრეებში ჩამიყვანა და სხვანაირად დამანახა ქუთაისი, ეს მოძრაობა და ეს ადამიანები, რომლებიც, ფაქტობრივად, ენთუზიაზმით ქმნიდნენ ახალ კულტურას. ვფიქრობ, მაყურებელიც სულ სხვა თვალით დაინახავს ქუთაისს. ამ ქალაქს ბევრი სტერეოტიპი აქვს, თუმცა, რეალურად, ძალიან ლაღი და მსუბუქია. ფილმიც ასეთია – იუმორნარევი, თან ცოტა სევდიანიც, რადგან პარალელურად სულ ჰქონდათ იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი დედაქალაქში ხდებოდა და ისინი მოწყვეტილები იყვნენ ამ რეალობას. ფილმშიც არის ეს ნაჩვენები. თუმცა მათ მაინც მოახერხეს, შეექმნათ ქვეყანაში ყველაზე მძლავრი ალტერნატიული სცენა. ამ სცენამ კი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა როგორც იმ სოციალური ნორმების დანგრევაში, ასევე ახალი თავისუფალი კულტურის შექმნაში. ეს ქალაქი ნამდვილად იყო 90-იანების, და არა მხოლოდ 90-იანების, კულტურის ცენტრი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ტრადიციას ის დღემდე განაგრძობს.”

ნახეთ ფილმის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Red Hot Chili Peppers 2023 წლის Global Citizen-ის კონცერტზე ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში - ფოტო: არტურო ჰოლმსი

Red Hot Chili Peppers-მა Unlimited Love ტურნე დაასრულა, მის ფარგლებში 3.4 მილიონი ბილეთი გაიყიდა

შემდეგი სტატია

გიორგი ერგემლიძე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ციფრული აუდიო პროგრამის ბაზაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი

Oasis-ის ალბომი Definitely Maybe გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაბრუნდა

უკანასკნელ 14 წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Oasis ოფიციალური ალბომების ჩარტების ლიდერია.
მეტი