ჯეი-ჯეი იოჰანსონის კონცერტი თბილისში – Billboard Georgia-ს ინტერვიუ არტისტთან

„ჩემი მუსიკა დღიურს ჰგავს.”

30 მარტს MONO HALL-ის სცენაზე შვედი მუსიკოსი ჯეი-ჯეი იოჰანსონი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იოჰანსონი თბილისში კონცერტს მართავს, ამიტომ აუდიტორია უკვე კარგად იცნობს მის ექსპერიმენტულ მუსიკას. იოჰანსონი თბილისს პირველად 2016 წელს, პროექტ „მუზამეს” ფარგლებში ეწვია და მას შემდეგ სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში კიდევ რამდენიმე პერფორმანსი გამართა. 

ტრიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული პოპის შემსრულებელი არტისტის მუსიკალური კარიერა 25 წელზე მეტია რაც გრძელდება. მუსიკოსმა  ამ დრომდე 14 სტუდიური ალბომი გამოსცა და მისი არაერთი სინგლი ჰიტადაც იქცა. მათ შორის არის სიმღერები: On the Radio,  Far Away, It Hurts Me So, Believe in Us და She Doesn’t Live Here Anymore.

MONO HALL-ში გამართული კონცერტის წინ Billboard Georgia-მ ჯეი-ჯეი იოჰანსონთან ინტერვიუ ჩაწერა.

იოჰანსონის მელანქოლიური მუსიკა ყოველთვის მელოდიურობითა და სენტიმენტალური ტესტებით გამოირჩევა. როგორც იოჰანსონმა საუბრისას აღნიშნა, ეს ტექსტები რეალურ ისტორიებს ეფუძნება და მის მუსიკას ერთგვარი დღიურის ფორმა აქვს. 

ჯეი-ჯეი იოჰანსონი:

„ყველაფერი რეალურია – ეს არის ამბები, რაც მე თავს გადამხდენია ან ახლა ხდება ჩემ ცხოვრებაში. ხშირად შთაგონებას ისევ ჩემი მსმენელისაგან ვიღებ – მათგან საინტერესო ისტორიებს ვისმენ, რომლებიც შემდეგ ჩემს შემოქმედებაში გარკვეული ფორმით აისახება. ვფიქრობ, ჩემი მსმენელი საკმაოდ საინტერესოა, ამიტომ კონცერტის შემდეგ ვრჩები და მათ ვეკონტაქტები, ვესაუბრები. ვცდილობ, გავიცნო და გავიგო, ვინ არიან; რატომ მოვიდნენ ჩემს შოუზე, რა აინტერესებთ, რა მოსწონთ და ასე შემდეგ. მათთან საუბარი ჩემში შთაგონებას და ფანტაზიის უნარს აღვიძებს.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

იოჰანსონი თბილისს მუსიკალური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ამ ტურნემ სხვადასხვა ცნობილი მუსიკალური სივრცე მოიცვა, მათ შორის ლონდონის Royal Albert Hall. იოჰანსონი სიმღერების ჩაწერისას თუ ლაივზე შესრულებისას უკვე წლებია ერთსა და იმავე შემოქმედებით პარტნიორებთან თანამშრომლობს. როგორც ამბობს, ამის გამო სცენაზე თავს ძალიან მშვიდ და მეგობრულ გარემოში გრძნობს. მუსიკის წერის ადრეული ეტაპისათვის კი განმარტოება სჭირდება და სწორედ ამ დროს იქმნება მისი გულწრფელი ნაწარმოებები. 

„მუსიკის წერისას სრულიად მარტო უნდა ვიყო, ჩემს ნაჭუჭში. საკუთარ თავთან მარტო დავრჩე, ვიფიქრო, ემოციებს დავაკვირდე, რათა რაღაც ახალი შევქმნა,”- ამბობს არტისტი. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯეი-ჯეი იოჰანსონი თავისი შემოქმედების განმავლობაში ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან გადაიკვეთა. 2023 წელს ის Balenciaga-ს ჩვენებაზე გამოვიდა. შოუზე დემნამ 2024 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა და მოდელების ამპლუაში ოჯახის წევრები და მეგობრები გამოიყვანა. ინტერვიუში მუსიკოსმა ეს თანამშრომლობაც გაიხსენა. 

ჯეი-ჯეი იოჰანსონი:

„დემნა სამი წლის წინ გავიცანი და მალევე დავახლოვდით. წარმოდგენა არ მქონდა, რომ მას ჩემი მუსიკა მოსწონდა. შემდეგ ამ ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა და ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა. დემნა რასაც ქმნის, ეს ხელოვნებაა. ჩემი მუსიკალური ტურნეს დასაწყისში, როცა Royal Albert Hall-ში მქონდა კონცერტი, მსმენელს შორის დემნაც იყო. ახლა კი ამ ტურის დასასრულ კი კონცერტს საქართველოში, თბილისში ვმართავ. ეს ყველაფერი ერთი დიდი წრეა და მოვლენებს თითქოს ერთმანეთთან სიმბოლური კავშირი აქვს.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ჯეი-ჯეი იოჰანსონმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქ თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობს და ეს ადამიანების დამსახურებაა. 

ჯეი-ჯეი იოჰანსონი:

„აქ ხალხი ძალიან დიდსულოვანი, თბილი და ცნობისმოყვარეა. ბევრ შემოქმედებითებით ადამიანს ვხვდები. უამრავი მათგანი კინოს, მუსიკის ან ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობს. როდესაც ქართველებთან სხვა ქვეყნებში ყოფნისას ვიკვეთები, განსაკუთრებულად მიხარია, რადგან მათთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა.”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

კონცერტზე ჯეი-ჯეი იოჰანსონი ქართველ მსმენელთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. არტისტმა შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება – ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა და კონცერტზე მოსვლისათვის მადლობა გადაუხადა. მუსიკალური საღამოს შემდეგ კი იოჰანსონი კულისებიდან გამოვიდა და მსმენელს შეხვდა. 

მსმენელს ჯეი-ჯეი იოჰანსონის შემოქმედებაში რომ დიდი როლი აქვს, არტისტმა ეს Billboard Georgia-სთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნა. 

„ბედნიერი ადამიანი ვარ – საუკეთესო საქმე მაქვს, რომელიც არაჩვეულებრივ ადამიანებთან შეხვედრის საშუალებას მაძლევს,”- ამბობს ჯეი-ჯეი იოჰანსონი. 

ნახეთ ვიდეო: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლაშა გაბუნია ჯგუფ „სახლის” აქამდე უცნობ სიმღერებს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

შერი და ჯენიფერ ჰადსონი, 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 1 აპრილს, Dolby-ის თეატრში, ლოს-ანჯელესი.

შერმა iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი