საფრანგეთის მუსიკის კვირეულის დახურვაზე პრეზიდენტმა მაკრონმა მუსიკალური ინდუსტრიის მომავალზე საკუთარი ხედვა წარადგინა

საფრანგეთის მუსიკის კვირეულის სამიტი პარიზის ოპერაში
Abderahman Lakhal for Billboard France

საფრანგეთის მუსიკალური კვირეულის ინაუგურაციულ წელთან დაკავშირებით, პარასკევს პარიზში, ოპერის თეატრში, სამიტი მოეწყო, რომელშიც მუსიკალური ინდუსტრიის 100 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის დასკვნითი ნოტი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გამოსვლა იყო.

16 ივნისს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ ოფიციალურად გახსნა ისტორიაში პირველი საფრანგეთის მუსიკის კვირეული. ღონისძიება საჯაროდ 2024 წელს დაანონსდა. ის იმეორებს მუსიკალური კვირეულების მოდელს, რომლებიც ტარდება მაიამიში, ელ-რიადში, დუბაისა და ათენში. კვირეულის ოფიციალური მედიაპარტნიორია Billboard საფრანგეთი, რომელმაც მთელი ღონისძიება გააშუქა. 

კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი ფრანგულ მუსიკალურ ინდუსტრიაში 500 მილიონი ევროს შენატანი იყო. დაფინანსება მოიცავს: 125 მილიონ ევროს ფრანგული კომპანიების  მხარდასაჭერად, 340 მილიონ ევროს სესხებისა და გარანტიებისთვის და 25 მილიონ ევროს ინოვაციებისთვის. 

„რვა წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ Choose France (საერთაშორისო ბიზნესსამიტი). ახლა კი გვინდა, რომ იგივე სხვა ძირითად სექტორებშიც გავიმეოროთ და მუსიკა ერთ-ერთი მათგანია,” – თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას. „შეგვიძლია უფრო წინ წავიდეთ. საფრანგეთს აქვს მთავარი კომპონენტები იმისთვის, რომ გლობალურად უფრო მიმზიდველი გახდეს.”

„მუსიკალური სექტორის ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი კულტურული სუვერენიტეტისა და ეკონომიკური იდენტობის ძირითადი ნაწილის დაცვას,” – დასძინა რაშიდა დატიმ გამხსნელ სიტყვაში. 

ინდუსტრიაზე დიალოგის დღე

გამომსვლელთა შორის იყო Warner Music Group-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ კინსელიც. მან მაგალითად მოიყვანა აია ნაკამურას საერთაშორისო წარმატება, რომელიც ცოტა ხნის წინ Billboard საფრანგეთის ყდაზე გამოჩნდა. „ჩვენ ბევრს ვაკეთებთ არტისტების განვითარებისთვის, მაგრამ მათი გრძელვადიანი წარმატებისთვის გლობალური ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ აია ნაკამურათი, რომელმაც Warner Chappell-სა და Warner Music-თან გააფორმა ხელშეკრულებები.”

Live Nation Entertainment-ის პრეზიდენტმა ჯონ რეიდმა ყურადღება გაამახვილა ლაივმუსიკის მომავალზე: „როცა უყურებ ახალ მუსიკალურ ბაზრებს, როგორებიცაა აზია და ახლო აღმოსავლეთი, ხედავ ტურნეების ტრაექტორიების ზრდას, რასაც 3-4 წლის წინ აშშ-ში ვხედავდით.” 

ჯონ რეიდი
Abderahman Lakhal for Billboard France


Sacem-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სესილ რეპ-ვებერმა კი ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქის საფრთხეს. „აი, სწორედ აქ ვკარგავთ ღირებულებებს. და სწორედ ამიტომ, Sacem და Universal ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც „დიზერზე” არტისტზე ორიენტირებული მოდელი შევქმენით. იმედი მაქვს, ყველა პლატფორმა დანერგავს ამ მოდელს, რომელიც აფასებს ნამდვილ შემოქმედებს ნამდვილი შემოქმედებისთვის.”

პარიზის ოპერაში ასევე იმყოფებოდნენ მუსიკალური სამყაროს ისეთი წამყვანი ფიგურები, როგორებიც არიან ლაიორ კოენი (იუთუბი), ვიქტორია ოუკლი (IFPI), ლი სუ-ნამი (SM Entertainment) და ადრიანა მოსკოსო დელ პრადო (GESAC). ასევე ფრანგული მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერები, მათ შორის „დიზერის”, Believe-ის, Warner Music France-ის, Sony Music France-ისა და Universal Music France-ის ხელმძღვანელები.  

სამი ძირითადი გამოწვევა წინაა

მუსიკალური ინდუსტრიის აღმასრულებლები მიიპატიჟა ელისეს სასახლეში პრეზიდენტმა მაკრონმა მუსიკის მსოფლიო დღის წინ. დახურულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რას მიიჩნევს თავად ინდუსტრიის სამ მთავარ გამოწვევად. პირველი – არტისტების სამართლიანი ანაზღაურებაა. 

„ალტერნატივები, როგორებიცაა არტისტებზე ან მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელები – და ზოგიერთი თქვენგანი დიდი შთაგონება ხართ ამ ცვლილების, რომელთაც წინ მიუძღვის ისეთი პლატფორმები, როგორიცაა დიზერი – სრულ ყურადღებას იმსახურებენ. ჩვენ უნდა მივდიოთ ამ საქმეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპული მიდგომაც დავნერგოთ.”

მეორე გამოწვევა მეგა-კონცერტების მზარდი რაოდენობაა. „ეს გასაოცარი წარმატებაა და ძალიან ამაყი ვართ ისეთი ვარსკვლავების მასპინძლობით, როგორიცაა, მაგალითად, ბიონსეს კონცერტი, რომელიც გუშინ Stade de France-ზე გაიმართა. მაგრამ მათ არ უნდა დაჩრდილონ ჩვენი უფრო ღრმა საკითხები. საშუალო სიდიდის ლოკაციებს, ფესტივალებსა და ადგილობრივი სცენებს უჭირთ, ფეხი აუწყონ მზარდ ფასებს. ეს ახალი მოდელი ძალიან შემოსავლიანია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს არ შევწიროთ ის, რაც ნამდვილად წარმოადგენს ფრანგული მოდელის ძალას.”

საბოლოოდ, მაკრონმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის დაფინანსების საჭიროებაზე იმისთვის, რომ საფრანგეთი არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი დარჩეს აშშ-სა და ჩინეთთან, არამედ ეს ყველაფერი ეთიკურად  გააკეთოს. „შემოქმედება და ინოვაცია არაა ერთმანეთის საპირისპირო და მუსიკის ისტორია მუდმივად განახლებას განიცდის. მუსიკა ყოველთვის ცვლილებების წინა ხაზზე იდგა. თუმცა დაურეგულირებელ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ორიგინალური ნამუშევრების საავტორო უფლებების უგულებელყოფა და ადამიანის შემოქმედებისთვის ღირებულების დაკარგვა.”

ღონისძიება ელისეს სასახლის ეზოში The Avener-ისა და Kassav’-ის გამოსვლებით დასრულდა. მეორე დღეს კი ლუვრის ეზოში დიდი კონცერტი გაიმართა, რომლითაც საფრანგეთის მუსიკალური კვირეული დაიხურა.

„ხელოვნური ინტელექტის მანქანა, რომელიც მუსიკის ღირებულებას ანადგურებს”

მაკრონის სიტყვის გარდა, ხელოვნური ინტელექტი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ ამ საკითხზე საკუთარი ხედვა გააზიარა. „მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი უნიკალური ინსტრუმენტია მუსიკალური სექტორისთვის, მის ძალას თან ახლავს სერიოზული პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სრულად სინთეტიკური, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკა რეალური შემოქმედების ხარჯზე არ გავრცელდეს.”

ხელოვნური ინტელექტი იყო მუსიკის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტის, ჟან-ბაპტისტ გურდენის სიტყვის მთავარი თემაც. „ხელოვნური ინტელექტი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო. ის უკვე ჩაება წარმოებაში, დისტრიბუციასა და საავტორო უფლებების საკითხებში. ეს კი წამოჭრის იურიდიულ, ეკონომიკურ და ეთიკურ კითხვებს. ცუდი რეგულაციის შემთხვევაში, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გახდეს მანქანა, რომელიც გაანადგურებს მუსიკის ღირებულებას.”

ფრანგული მოდელის დაცვა

დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საფრანგეთის კულტურული თავისებურების დაცვა და ამავე დროს ახალი ფრანგული მოდელის განვითარება ხვალინდელი მუსიკალური ინდუსტრიისთვის.

„მუსიკას სჭირდება ორივე – გლობალური კორპორაციების ინვესტიციის ძალა და შემოქმედებითობა და გამბედავი დამოუკიდებლობა, ასევე ადგილობრივი მოთამაშეები,” – თქვა გურდენმა. 

მაკრონმა დაამატა: „რამდენიმე წლის წინ, როცა ბევრ ადამიანს უნდოდა ამ კულტურული თავისებურებების გადახედვა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ზოგიერთ თქვენგანთან და მოვახერხეთ არტისტებისა და საავტორო უფლებების შენარჩუნება. ვფიქრობ, არ არსებობს მოდელი, რომელსაც შეგიძლია საავტორო უფლებები და არტისტების დაცვა შესწირო.” 

საფრანგეთის მუსიკის კვირეულის დაარსების მთავარი მიზანი საერთაშორისო სცენაზე საფრანგეთის პოზიციის გაძლიერებაა. „ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ჩვენს მთავარ მოთამაშეებს, სარგებელი ნახონ მიმდინარე გლობალური დინამიკით, რომელიც დიდწილად ფოკუსირებულია აზიაში, გალფის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკასა და სხვა ადგილებში,” – თქვა პრეზიდენტმა. 

გურდენმა დაასკვნა: „ექსპორტი აღარ არის არჩევითი – ეს მთავარი ღერძია ახალ ბიზნესმოდელში. მაგრამ გლობალიზაცია არ ნიშნავს სტანდარტიზაციას. ეს სწორედ ადგილობრივი კონტენტია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მომხმარებლის ჩართულობასა და ბაზრის ზრდას იწვევს. უნივერსალური ახლა უნიკალურზე გადის. ეს კი უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის ფრანგი და ფრანგულენოვანი შემოქმედებისთვის.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი, SZA და არიანა გრანდე 2025 წლის Kids Choice Awards-ის გამარჯვებულები არიან

შემდეგი სტატია

Cardi B 2024 წლის 26 სექტემბერი, პარიზის მოდის კვირეული. ფოტო ჯაკოპო რაული /Getty Images for Messika

Cardi B-მ დიდი ხნის ნანატრი მეორე ალბომი Am I the Drama? – დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

სპორტსმენის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, როგორ კოცნის ის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანია.
მეტი
King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

„ჯერ ნამდვილად არ ვიცით, საერთოდ გამოვა თუ არა ეს ალბომი.” - დაწერა ბენდის მენეჯერმა, დევიდ სინგლტონმა სოციალურ მედიაში.
მეტი

FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

საერთაშორისო ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს გლობალური განათლების მიზანს. რაც შეეხება მატჩს – „ჩელსიმ“ 3:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და თასი მოიპოვა.
მეტი

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

ორ მთავარ სცენაზე სულ 57 არტისტი იყო წარმოდგენილი და ეს რიცხვი არ მოიცავს ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში გამართულ პარალელურ კონცერტებს, რომლებიც ასევე Live Aid-ის გლობალური ტელემარათონის ნაწილი იყო.
მეტი

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
მეტი

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion.
მეტი