TAHA თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე: სიტყვა, როგორც იარაღი

17 ოქტომბერს თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი ჩატარდება.

ქართული ჰიპ-ჰოპი წლების განმავლობაში ორ უკიდურესობას შორის მერყეობდა: ერთ მხარეს ძველი თაობის ხისტი, გულწრფელი სოციალური პროტესტი იდგა, მეორე მხარეს კი – თანამედროვე საკლუბო ტრეპი, სადაც ჰიპნოზური ბასი მთავარი გახდა, ტექსტმა კი თითქმის დეკორატიულ ფუნქციამდე დაიხია. სწორედ ამ გაცვეთილ გზაზე გამოჩნდა TAHA – არტისტი, რომელმაც ქართულ რეპს ყველაზე მთავარი დაუბრუნა: ტექსტის ძალა, უშეცდომო ტექნიკა და პირდაპირი, უკომპრომისო ენერგია. სწორედ ის იქნება პირველი თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის ერთ-ერთი ქართველი ჰედლაინერი.

მისი მუსიკალური გზა ქუჩის კლასიკური კლიშეებით არ დაწყებულა. პირველი ნაბიჯები ჩაკეტილ ოთახს, მძიმე გიტარებს, მეტალსა და ინგლისურენოვან ტექსტებს უკავშირდება. 

„მე და ჩემი ძმაკაცი სკოლიდან როცა გამოვდიოდით ხოლმე, სულ ჩემთან ვიკრიბებოდით ორნი. ჩავრთავდით YouTube-ზე ბიტებს და მთელი დღე ფრისტაილს ვკითხულობდით. ორი წელი რომ მაგას ვაკეთებდით, მერე გამოჩნდა ჩაწერის ალტერნატივა… 16 წლის ვიყავი. მანამდე უფრო ალტერნატიულ მუსიკას ვაკეთებდი,“ – იხსენებს ტაჰა.

ეს წარსული მის შესრულებას დღესაც მკაფიოდ ეტყობა. როცა მიკროფონთან დგება, მაშინვე იგრძნობა როკში გამოწრთობილი ვოკალისტის გამძლეობა: ძლიერი, ენერგიული ხმა და სუნთქვის კონტროლი, რომელიც მსმენელს დასვენების საშუალებას თითქმის არ უტოვებს.

ნამდვილი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა ტაჰამ მშობლიურ ენაზე წერა დაიწყო და PVP Battle-ის არენაზე შეაბიჯა. ბეტლ-რეპი, განსაკუთრებით კი აკაპელა რაუნდები მუსიკის გარეშე, შემსრულებლისგან სრულ გაშიშვლებას ითხოვს. იქ აღარ არის მძიმე ბასი ან ავტოტიუნი, რომელსაც შეგიძლია შეცდომა ამოაფარო. რჩება მხოლოდ ორი ადამიანი, მიკროფონი და ცოცხალი სიტყვა. ისეთ ძლიერ მეტოქეებთან შეჯახებით, როგორიცაა, მაგალითად, BXNNY, მან საბოლოოდ გამოჭედა საკუთარი იარაღი: უწყვეტი სუნთქვის დინამიკა, დამთრგუნველი სცენური თავდაჯერებულობა და მრავალმარცვლიანი რითმების ზუსტი დარტყმები.

ქართულად სწრაფად და რიტმულად რეპის კითხვა ყოველთვის ურთულეს ამოცანად მიიჩნეოდა. ინგლისურისგან განსხვავებით, ქართული ენა გრძელი სიტყვებითა და რთული დაბოლოებებით გამოირჩევა, რაც ხშირად ტექსტს ამძიმებს და მონოტონურ საუბრამდე დაჰყავს. ტაჰამ უარი თქვა მარტივ, იაფფასიან გრამატიკულ რითმებზე. მან სიტყვის ფონეტიკური დაშლა დაიწყო – რითმა მხოლოდ სტრიქონის ბოლოს კი არ ჩნდება, არამედ ფრაზის შიგნით ფეთქდება; მკვეთრი და ყრუ თანხმოვნების მონაცვლეობა ტექსტს ცოცხალი დასარტყამი ინსტრუმენტის ეფექტს აძლევს, ხოლო რითმის მოულოდნელ წილებზე გადანაცვლება მსმენელს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. ენასთან ამგვარ დამოკიდებულებას ის პირდაპირ საკუთარ შემოქმედებით პრინციპს უკავშირებს:

„ქართულად წერა თავიდანვე ბრძოლა იყო. არ მინდოდა ისეთი ტექსტები, სადაც უბრალოდ ერთნაირი დაბოლოებები ებმის ერთმანეთს. ჩემთვის სიტყვა დარტყმაა – ყველა მარცვალს თავისი წონა და ხმაური უნდა ჰქონდეს, როგორც დრამს.“

ამავდროულად, მისი ტრეკები მხოლოდ მეტოქეების დამარცხებით არ შემოიფარგლება. ტაჰას შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა შინაგანი დრამატურგია. ერთ მხარესაა დაუნდობელი თავდაჯერებულობა და ტექნიკური უპირატესობა, მეორე მხარეს კი იშლება თბილისის ნაცრისფერი ყოველდღიურობა, უძილო ღამეები და ემოციური გამოფიტვა.

დღეს ტაჰა იმ ზღვარზე დგას, სადაც ყველა მსგავსი კალიბრის რეპერი ხვდება: როგორ შეინარჩუნოს მიწისქვეშეთის პირველყოფილი ბრაზი მაშინ, როცა მისკენ დიდი სცენების ყურადღებაა მიპყრობილი. მეინსტრიმი ხშირად სიმარტივეს, რადიოფორმატსა და კომფორტულ პათოსს ითხოვს. ტაჰას ამოცანა კი საპირისპიროა – არა საკუთარი თავის მორგება დიდ სცენაზე, არამედ მსმენელის იძულება, მიიღოს რეპი მისი უხეში, დაუვარცხნელი და ლიტერატურულად რთული ფორმით.

პატარა ბაზრის, ინდუსტრიული სიმწირისა და მოკლე ვიდეოების ეპოქაში, სადაც მუსიკა ხშირად ერთჯერად ფონად იქცევა, მან შეძლო, ტექნიკური და მრავალშრიანი რეპი კვლავ აქტუალურ მოვლენად ექცია.

სწორედ ამ ენერგიისა და ტექნიკის გამოცდის დრო დგება დიდ სცენაზეც: 17 ოქტომბერს, Tbilisi Hip-Hop Festival-ზე, Factory Tbilisi-ის სივრცეში, ტაჰა საკუთარ უკომპრომისო ხმასა და გამოჭედილ რითმებს უკვე ფესტივალის მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე გააჟღერებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE-სა და Biletebi.Ge-ზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

შემდეგი სტატია

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი