ქეთათო ნერგაძის ახალი სიმღერა „მიპოვნე“ მსმენელისთვის უკვე ხელმისაწვდომია. კომპოზიცია მუსიკოსმა ზაფხულში, აგვისტოში დაწერა. როგორც თავად არტისტი იხსენებს, ჩაწერისას ყველაზე რთული ტემპის პოვნა იყო:
„მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ერთი მოსმენით მარტივად აღიქმება, ჩაწერა გამიჭირდა, რადგან ვერ ვპოულობდი შესაფერის ტემპს. სანამ ამას გადავწყვეტდი, ვფიქრობდი, საერთოდ ტემპის გარეშე ჩამეწერა. მერე ყველაფერი წყალივით წავიდა და საბოლოოდ მინიმალისტური არანჟირებით ჩაიწერა”. – ამბობს ქეთათო.
სიმღერის ვიზუალური მხარეც მის განწყობასა და სათქმელს ეხმიანება. გარეკანის ფოტო ზუკა სიმონიშვილმა ბათუმში გადაიღო. მუსიკოსის თქმით, მას სურდა, შეექმნა გარემო, რომელიც კომპოზიციის ემოციას გამოხატავდა. წყალქვეშა კადრი კი, მისი აზრით, ზუსტად გადმოსცემს სიმღერის მთავარ განცდას – მდგომარეობას, როცა ადამიანს მყარი საყრდენი არ აქვს და თითქოს მიწა ფეხქვეშ ეცლება.
სიმღერის სათაურისა და მთავარი იდეის შთაგონების წყარო ამერიკელი მუსიკოსისა და მწერლის, პატი სმიტის წიგნი M Train („მოგონებების მატარებელი“) გახდა. ქეთათო ნერგაძე იხსენებს ფრაზას, რომელიც წიგნში ნახსენებ დეტექტიურ სერიალში ერთ-ერთ პერსონაჟს ეკუთვნის:
„სიმღერის სახელი „მიპოვნე“ და მთელი თემა პატი სმიტის წიგნიდან – „მოგონებების მატარებელი“ წამოვიდა. იქ არის ავტორის საყვარელი დეტექტიური სერიალიდან ფრაზა, სადაც მთავარი გმირი ამბობს: „ადამიანი ყველაზე მარტოსულად მაშინ გრძნობს თავს, როცა უნდა, რომ ვიღაცამ იპოვოს“. ამ სიმღერის იდეაც აქედან დაიბადა“. – სწორედ ეს ციტატა გახდა კომპოზიციის აგების საწყისი წერტილი, ინსპირაცია და ემოციური შინაარსის განმსაზღვრელი.
მუსიკოსი ამ პერიოდში სხვა სიმღერებზეც აქტიურად მუშაობდა. მისი თქმით, რამდენიმე ახალი ქართული კომპოზიცია უკვე დაწერილი აქვს და მათ გამოცემას ეტაპობრივად გეგმავს. მსმენელს კი ახალ ნამუშევრებს სინგლების სახით წარუდგენს.
6 დეკემბერს კი მსმენელს ლაივ-სესიების პროექტ „ბევრი კაბელის“ ფარგლებში ქეთათო ნერგაძის მუსიკალურ სესიაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. მუსიკოსი როგორც ახალ, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ, ისე ნაცნობ სიმღერებს შეასრულებს.
სიმღერის ავტორი, შემსრულებელი და პროდიუსერი თავად ქეთათო ნერგაძეა. კომპოზიციის ბექვოკალში Sandro Bibich, დათი ქიმერიძე და გიორგი გვარჯალაძე მონაწილეობდნენ. მიქსინგი და მასტერინგი გიორგი გვარჯალაძეს ეკუთვნის, ნამუშევარი კი ლეიბლ Lenø Records-ის მხარდაჭერით გამოიცა. სიმღერის ვიზუალიზერი Lunãtic-მა შექმნა, გარეკანის ფოტოს ავტორი კი ზუკა სიმონიშვილია.
მოუსმინეთ ქეთათო ნერგაძის ახალ სიმღერას – „მიპოვნე“