Diddy-ს დედა თავის ვაჟს იცავს: „ის არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს”

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ასამართლებენ ჩემს ვაჟს იმისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ტყუილებისგან შექმნილი ნარატივია.”
Diddy დედასთან, ჯენის კომბსთან ერთად
Jason Kempin/Getty Images for MTV

ჯენის კომბსი, Diddy-ს დედა, ვაჟის გახმაურებულ საქმეზე ოჯახის სახელით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ რეპერი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავე არ არის. „ჩემი ვაჟი არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს და იმსახურებს შანსს, რომ თავისი პოზიცია გააჟღეროს.”

„ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ასამართლებენ ჩემს ვაჟს იმისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ტყუილებისგან შექმნილი ნარატივია,” – ვკითხულობთ განცხადებაში. „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მტკივნეულია იმის გაძლება, რაც ჩემი შვილის საჯაროდ ლინჩის წესით გასამართლებას ჰგავს იქამდე, სანამ მას იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ უდანაშაულობა დაამტკიცოს. როგორც ყველა ადამიანი, ჩემი ვაჟიც იმსახურებს შანსს, რომ საკუთარი პოზიცია გააჟღეროს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.”

სასამართლომ Diddy-ს გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებაზე უარი უთხრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერს მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელის მაქსიმალური ზომა კი უვადო პატიმრობაა. 

„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ ჩემი ვაჟი იდეალური გამოვიყვანო, რადგან ასეთი ნამდვილად არ არის. მას თავისი შეცდომები აქვს წარსულში ისევე, როგორც ჩვენ ყველას,” – აღნიშნავს რეპერის დედა და იხსენებს კომბსის მორიგებით დასრულებულ სასამართლო საქმეს ყოფილ მეგობარ გოგონა კეისი ვენტურასთან, რომელიც მას გაუპატიურებასა და ძალადობაში სდებდა ბრალს. თავდაპირველად Diddy-მ ბრალდება უარყო, თუმცა როცა მის მიერ ვენტურაზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, რეპერმა საჯარო ბოდიში მოიხადა. 

„ჩემი ვაჟი შესაძლოა ყველაფერში მართალი არ იყოს. მაგალითად, როცა ის უარყოფდა, რომ არასდროს უძალადია ყოფილ მეგობარ გოგონაზე, ამ დროს კი გავრცელებულმა ვიდეომ სხვა რამ აჩვენა,” – ამბობს ჯენის კომბსი განცხადებაში. „ხანდახან სიმართლე და ტყუილი იმდენად გადაეჯაჭვება ხოლმე ერთმანეთს, რომ გეშინია ამბის ერთი მხარის აღიარების, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმართლე ნორმებს მიღმაა ან ძალიან რთულად დასაჯერებელია. მჯერა, რომ სწორედ ამიტომ აირჩია ჩემი ვაჟის იურიდიულმა გუნდმა საქმის მორიგებით დასრულება, ნაცვლად იმისა, რომ ბოლომდე ებრძოლათ, რაც საბოლოოდ რიკოშეტის ეფექტით დასრულდა, რადგან ფედერალურმა მთავრობამ სწორედ ეს გადაწყვეტილება გამოიყენა ჩემი ვაჟის წინააღმდეგ და მას ინტერპრეტაცია გაუკეთა, როგორც ბრალის აღიარება.” ჯენის კომბსის თქმით, ეს შემთხვევა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ Diddy მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებაში დამნაშავეა.

„ბევრ ადამიანს, ვინც თავის დროზე არასწორად გაასამართლეს და მერე გაათავისუფლეს, თავისუფლება შეუზღუდეს არა იმიტომ, რომ წაყენებულ ბრალდებებში დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ მოერგნენ საზოგადოების მიერ შექმნილი „კარგი ადამიანის” ხატს. ისტორია გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ადამიანები უსამართლოდ გაასამართლო მათი წარსული ქმედებებისა თუ შეცდომების გამო,” – ამბობს კომბსი. „მტანჯველია იმის ყურება, თუ როგორ განუდგა ჩემს ვაჟს მთელი მსოფლიო ასე სწრაფად და მარტივად, ტყუილების საფუძველზე ისე, რომ მისი პოზიციაც კი არ მოუსმენიათ.”

„მის მიმართ ტყუილებისა და ტალახის სროლა მოტივირებულია მხოლოდ მათგან, ვინც აქედან ფინანსურ სარგებელს ეძებს და არა სამართალს. ამ ადამიანებმა დაინახეს, თუ როგორ სწრაფად მოაგვარა ჩემი ვაჟის იურიდიულმა გუნდმა ყოფილი მეგობარი გოგონას სარჩელი, ამიტომ ფიქრობენ, რომ მათაც შეუძლიათ მიიღონ სწრაფი ხელფასი ჩემი ვაჟის ტყუილად დადანაშაულებით. სექსუალური ძალადობის ცრუ ბრალდებები კი შემდეგ ნამდვილ მსხვერპლებს უშლის ხელს, იპოვონ სამართალი, რომელიც ეკუთვნით. საქმის დამძიმებისთვის ახლა ფედერალური მთავრობა ამ ტყუილებს იყენებს, რათა ჩემი ვაჟი გაასამართლონ. ჩვენი ოჯახისთვის ეს უსამართლობა გაუსაძლისია. ამ ამბის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის არის, რომ ჩემს ვაჟს ღირსებააყრილს ვხედავ – არა იმისთვის, რაც მართლა ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რისი დაჯერებაც ადამიანებმა გადაწყვიტეს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჟანრობრივად მრავალფეროვანი ალბომები, რომლებსაც, სავარაუდოდ, გრემის ნომინანტებად ვიხილავთ

შემდეგი სტატია

მერაია ქერი და არიანა გრანდე - ფოტო: კატია თემკინი

არიანა გრანდეს თქმით, მერაია ქერი მისი ცხოვრების დედოფალია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი