Cardi B-ის გლობალური ჯილდო Billboard Canada Women In Music 2026 – „თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ“

Billboard-ის ახალ ინტერვიუში რეკორდსმენი ვარსკვლავი დედობასა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე, საკუთარ თავში ეჭვების დაძლევასა და Little Miss Drama-ს ტურნეს ფარგლებში ისტორიულ წარმატებაზე საუბრობს. Cardi B-იმ ტორონტოში 24 ნოემბერს Global Woman of the Year-ის ჯილდო მიიღო.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი.
ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez.

რიჩარდ ტრაპუნსკი  – Billboard Canada

Cardi B-იმ გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა.

რეკორდსმენმა ვარსკვლავმა 24 ნოემბერს Billboard Canada Women in Music-ის ღონისძიებაზე „წლის გლობალური ქალის“ (Global Woman of the Year) ჯილდო მიიღო.

ჯილდო ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე, მათ შორის გრემის არაერთ ნომინაციას, რეკორდულ საკონცერტო ტურნესა და NPR-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ Tiny Desk-ის კონცერტს. 

Cardi-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ჯილდო გასული წლის შეჯამებაა – პერიოდის, რომელიც მისი ცხოვრებისა და კარიერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არტისტისთვის, რომელმაც საზოგადოებაში გამოჩენის დღიდან მუსიკასა და კულტურაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

„თავს ნამდვილად წლის ქალად ვგრძნობ, თუმცა ეს მხოლოდ მუსიკას არ ეხება. ეს ეხება ყველაფერს, რაც წელს გავაკეთე -კარიერისა და ოთხი შვილის აღზრდის შეთავსებას. ეს ძალიან ბევრია“. – განუცხადა Cardi B-მ Billboard Canada-ს.

წელს დიდი ხნის ნანატრი მეორე სტუდიური ალბომის, Am I The Drama?-ს გამოშვების შემდეგ, ბრონქსში დაბადებულმა რეპერმა კარიერაში პირველად სოლო საკონცერტო ტურნე გამართა. 2025 წელს გამოცემული ალბომი მისი პირველი სრულფასოვანი სტუდიური ნამუშევარია შვიდწლიანი პაუზის შემდეგ. სცენაზე დაბრუნება კი  Cardi B-ის აღარ გადაუდია, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე შვილი სულ რაღაც სამი თვით ადრე შეეძინა.

„საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარს გადავაბიჯე. ბავშვის გაჩენიდან სამ თვეში ტურნეში წავედი და ამასთან ერთად, საკუთარი ბიზნესიც წამოვიწყე. მიზნის მისაღწევად საკუთარ თავს ფიზიკურად და მენტალურად ძალიან ბევრი რამ მოვთხოვე. ახლა თავს ნამდვილად ძლიერ ქალად ვგრძნობ – ძალიან, ძალიან ძლიერად,“ – ამბობს არტისტი.

2020 წელს, როდესაც Cardi B-იმ Billboard-ის წლის ქალის ჯილდო მოიპოვა, კრიტიკოსების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ამ გადაწყვეტილებას და აღნიშნავდნენ, რომ იმ წელს არტისტს მხოლოდ ერთი ახალი სიმღერა ჰქონდა გამოცემული. თუმცა სწორედ ეს კომპოზიცია – Megan Thee Stallion-თან ერთად ჩაწერილი WAP იქცა მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტად და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მომღერლის კულტურული, პოლიტიკური და კომერციული გავლენა.

თუმცა ამჯერად Cardi B-ის ყველაზე დიდი კრიტიკოსისთვის – საკუთარი თავისთვის  უნდა დაემტკიცებინა, რომ ცდებოდა. 

Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. <br> ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი.
ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.

„შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ალბომის გამოშვება დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, ეს ძალიან დიდი წნეხი იყო.  გულწრფელად რომ ვთქვა, კრიტიკოსების გამოც ვგრძნობდი ზეწოლას. თუმცა ყველაზე დიდი წნეხი საკუთარ თავს თავად შევუქმენი“, – აღიარებს მომღერალი. 

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკასა და საჯარო იმიჯში Cardi B თავდაჯერებულობით, ქარიზმითა და ერთი შეხედვით ძალდაუტანებელი სიამაყით გამოირჩევა, არტისტი არასდროს ერიდება საკუთარი თავის გულწრფელი და დაუფარავი  მხარეების წარმოჩენას. მისთვის არც თვითირონიაა უცხო და ხშირად თავადვე ხდება ხუმრობის ობიექტი.

მუსიკალურ ინდუსტრიაში ახალგაზრდა ქალ არტისტებს Cardi B ურჩევს, არასდროს დამალონ საკუთარი ნამდვილი მე, რადგან ხშირად ადამიანებს მუსიკასთან ერთად მისი შემქმნელის ადამიანური მხარეც უყვარდებათ. გულწრფელობა კი საკუთარი თავის მხოლოდ იმ მხარეების გამორჩევას არ გულისხმობს, რომლებიც კარგად წარმოგაჩენს. სწორედ ამიტომ, წლის ქალის მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღებამდე განვლილ პერიოდზე საუბრისას, მომღერალი არ ერიდება გულწრფელად ისაუბროს იმ მენტალურ დაბრკოლებებზე, რომელთა გადალახვაც მოუწია.

წლიდან წლამდე, Cardi B-ის სადებიუტო სინგლ Bodak Yellow-ის, 2018 წელს გამოცემული პირველი ოფიციალური ალბომის, Invasion of Privacy-სა და გასული წლის Am I The Drama?-ს შორის პერიოდებში, არტისტი საკუთარი თავისგან სულ უფრო მეტს მოითხოვდა. ეს განცდა მაშინაც ძლიერდებოდა, როდესაც ისეთი სიმღერები, როგორებიცაა WAP, Up, Maroon 5-თან ერთად ჩაწერილი Girls Like You და Bad Bunny-სა და J Balvin-თან კოლაბორაცია I Like It, ჩარტების სათავეში მოექცა. ახალი ალბომის გარეშეც ეს წარმატებები მის მუსიკალურ მრავალფეროვნებასა და ჰიტების შექმნის განსაკუთრებულ უნარს ადასტურებდა. თუმცა საზოგადოება გამუდმებით კითხულობდა, სად იყო მისი ახალი ალბომი, რის გამოც არტისტს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. 

„სწორედ ალბომი დამანახებდა, იმას ისევ შემრჩა თუ არა მუსიკალური გემოვნება, ისევ მაქვს თუ არა ის ნიჭი. ზოგჯერ შეიძლება რაღაც ძალიან მოგვწონდეს და გვეგონოს, რომ ეს საუკეთესოა, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია. მაგრამ თუ მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ის, რაც შენ საუკეთესოდ მიგაჩნია, სინამდვილეში სულაც არ არის საუკეთესო, მაშინ ფიქრობ: ჯანდაბა! და საკუთარ თავში ეჭვი შეგაქვს, შენს თავს კითხვას უსვამ – იქნებ საკმარისად კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხში.” – ამბობს გულწრფელად  მომღერალი.

Cardi B ამ განცდას მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადის ნამცხვრის გამოცხობას ადარებს. შესაძლოა, თავად ძალიან მოგწონდეს შენი მომზადებული ნამცხვარი, ისევე, როგორც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებსაც უმასპინძლდები, მაგრამ თუ მის გაყიდვას დაიწყებ და არავინ შეიძენს, ეჭვი მხოლოდ რეცეპტში კი არა, საკუთარ გემოვნებაშიც შეგეპარება. მით უფრო მაშინ, როცა სწორედ ეს გემოვნება შენი პროფესიული საქმიანობისა და შემოსავლის მთავარი საფუძველია – ასეთ დროს შეიძლება ყველაფრის გადაფასებაც დაიწყო. 

ბევრი თვალსაზრისით, ალბომის გამოშვებამ Cardi B-ის ეს შიშები გაუქარწყლა. გასული წლის სექტემბერში გამოცემული Am I The Drama? მომღერლისთვის Billboard 200-ის ჩარტში ზედიზედ მეორე N1 ალბომი გახდა. ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა Outside, Magnet და ErrTime, ჰიტებად იქცა როგორც Billboard Hot 100-ის, ისე Canadian Hot 100-ის ჩარტებში. ალბომში Cardi B-იმ საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და პიროვნების ყველა მხარე წარმოაჩინა: ნიუ-იორკული ჰიპ-ჰოპის ტრადიციებზე დაფუძნებული ენერგიული რეპიდან პოპისა და R&B-ის ჟანრში ჩაწერილ კოლაბორაციებამდე. ნამუშევარში ასევე სრულად იგრძნობა მისი ქარიზმა, იუმორი და გამორჩეული, ექსპრესიული ხასიათი, რაც არტისტს მსმენელისთვის განსაკუთრებით ახლობელს ხდის.

ალბომი ამავდროულად საკუთარი თავის გააზრებისა და თვითრეფლექსიის პროცესიცაა. Cardi B წარსულ დაპირისპირებებზე პასუხის გაცემას ცდილობს, სადაც აქცენტი საკუთარ პოპულარობაზე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევასა და რეპერ Offset-თან გახმაურებულ განქორწინებაზეა. ალბომის სახელწოდებაც მის საჯარო იმიჯს უკავშირდება – წლების განმავლობაში Cardi B არაერთი კონფლიქტის მონაწილე გამხდარა, როგორც სხვა არტისტებთან, ისე ცნობილ ადამიანებთან. ამჯერად კი მომღერალი საკუთარ თავში იხედება და ცდილობს, გაარკვიოს, საიდან იღებს სათავეს ეს მუდმივი დრამა.

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ალბომი თითქმის ათი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მასში თავმოყრილია ყველაფერი, რაც დღეს Cardi B-ის შესახებ ვიცით: როგორც პიროვნების, ისე გლობალური ვარსკვლავის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ჩნდება Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუს სცენაზე და Met Gala-ზე ყურადღების ცენტრში ექცევა. 

თუმცა ალბომის გამოსვლის შემდეგაც მომღერალს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დრო, საკუთარი შრომის შედეგით დამტკბარიყო.

„ჩემი საქმე ჯერ დასრულებული არ იყო. ახლა ტურნესთვის უნდა მოვმზადებულიყავი და გამერკვია, ფიზიკურად შევძლებდი თუ არა ამ ყველაფერს. შეგიძლია მთელი დღე იჯდე და სტუდიაში ჩწერო სიმღერები, მაგრამ შეძლებ კი ყოველ საღამოს ორი საათის განმავლობაში სცენაზე დგომას?“ – ამბობს არტისტი.

Little Miss Drama-ს ტურნეს გადატვირთული, 35-ზე მეტ სიმღერიანი საღამოს სეტლისტი, ერთიანი ნარატივი და მუდმივი ქორეოგრაფია ნებისმიერი არტისტისთვის გამძლეობის გამოცდაა. ეს განსაკუთრებით რთული იყო Cardi B-ისთვის, რომელსაც მეოთხე შვილი სულ რაღაც სამი თვით ადრე შეეძინა. მიუხედავად ამისა, მომღერალმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მიაჩნდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას როგორც მსმენელები, ისე, რაც მთავარია, საკუთარი თავი ავალდებულებდა. 

„სრული დატვირთვით ვმუშაობდი. ამას მიზნად კი არ ვისახავდი, უფრო მისიად მიმაჩნდა, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა“, -ამბობს Cardi B.

ახლა მომღერალი აცნობიერებს, რომ საკუთარ თავს დასვენებისა და დედობის ახალი ეტაპით ტკბობისთვის საკმარისი დრო არ დაუთმო. მშობიარობიდან სულ რაღაც ორ კვირაში უკვე ტურნესთვის მზადებას შეუდგა. მაღალი მოლოდინების გასამართლებლად კი სპორტდარბაზშიც დაიწყო სიარული, მაშინ, როცა მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ორსულობის შემდგომ ჰორმონულ ცვლილებებს ერგებოდა.

საბოლოოდ, ტურნეს დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რეპეტიციებს გადიოდა. ახლა კი ფიქრობს, რომ მინიმუმ ორი თვე უნდა დაეთმო დრო მომზადებისთვის:

„ახლა, როცა ვვარჯიშობ, სული მელევა, ისე მინდა სცენაზე გასვლა“, – ამბობს მომღერალი. 

Cardi B-იმ პირველი მასშტაბური სტადიონური ტურნე  მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი რეპერტუარის დაგროვების შემდეგ გამართა, როცა ის უკვე 33 წლის იყო და კარიერის დასაწყისთან შედარებით სრულიად განსხვავებულ ეტაპზე იმყოფებოდა. 

„ისევ ისეთი სხეული მაქვს?“ – ვეკითხებოდი საკუთარ თავს. „როდესაც 25 წლის ასაკში ამას ვაკეთებდი, ქალიშვილი ახალი გაჩენილი მყავდა, თუმცა უფრო ახალგაზრდა და გამხდარი ვიყავი. ხმაც კი შემეცვალა“.

ახლა კი Cardi B-ის თამამად შეუძლია თქვას: „მე ეს მართლა შევძელი“. და არა მხოლოდ შეძლო, არამედ ისტორიაც შექმნა.

Billboard Boxscore-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკის სატადიონურმა ტურნემ 70 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა და 453 000 ბილეთი გაიყიდა. 35-ვე კონცერტის ბილეთები სრულად გაიყიდა, რითაც ქალი რეპერის მიერ გამართულ ყველაზე შემოსავლიან სადებიუტო ტურნედ იქცა – ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მის უკვე შთამბეჭდავ კარიერაში.

Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. <br> ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი.
ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.

ტურნეს ფარგლებში კანადაშიც სამი კონცერტი სრულად გაიყიდა. ამ ქვეყანაში Cardi B-ის Billboard Canadian Hot 100-ის ჩარტში 46 სიმღერაა შესული, მათ შორის რვა – საუკეთესო ათეულში.

მაგრამ ეს წარმატებული სერია მარტში საფრთხის წინაშე დადგა. ვანკუვერსა და ტორონტოში დაგეგმილი კონცერტების ყველა ბილეთი გაიყიდა, თუმცა მის კონცერტზე ონტარიოს ქალაქ ჰამილტონში, რომელიც ცოცხალი მუსიკის ცენტრ ტორონტოდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა – შოუმდე რამდენიმე კვირით ადრე ბილეთების მხოლოდ 80% იყო გაყიდული.

Cardi B-ისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, მომღერალმა სოციალურ ქსელში ადგილობრივ აუდიტორიას მიმართა და უკმაყოფილება გამოხატა: „ჩემს იდეალურად გაყიდული კონცერტების სერიას ვერ ჩამიშლით. არ ვხუმრობ!“ – დაწერა მან.

„ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, ჰამილტონი სად არის-მეთქი? ყველა მეუბნებოდა, ჰამილტონში კონცერტებს არავინ ესწრება, რატომ დაგეგმეს იქ შენი გამოსვლაო? მართლა ვნერვიულობდი“, – იხსენებს მომღერალი.

თუმცა მისმა მიმართვამ შედეგი გამოიღო. განახლებულ და ხელახლა გახსნილ TD Coliseum-ში გამართული კონცერტი მხოლოდ წარმატებული გაყიდვების სერიის შენარჩუნებით არ შემოიფარგლა – ის ტურნეს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შოუდ იქცა. შესაძლოა, ეს კანადაში Cardi B-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოსვლაც იყო მას შემდეგ, რაც 2017 წელს, Bodak Yellow-ის წარმატების პიკზე, ტორონტოში Drake-ის OVO Fest-ზე გამოვიდა. მომღერალი ამ ფესტივალს 2019 წელსაც დაუბრუნდა.

ჰამილტონის კონცერტი საკონცერტო არენის ხანმოკლე ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ-ჰოპ შოუ და სოლო ქალი შემსრულებლის მონაწილეობით გამართული პირველი კონცერტი გახდა. ეს ყველაფერი კი ქალაქში, რომელიც, როგორც წესი, რეპის მსმენელი პუბლიკით არ გამოირჩევა.

„არამხოლოდ ყველა ბილეთი გაიყიდა, არამედ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორია იყო. საოცრად გავერთე. მართლა დაუჯერებელი იყო! შესანიშნავი დრო გავატარე. მინდა ჰამილტონს კიდევ დავუბრუნდე“, – ამბობს მომღერალი და ემოციებს ვერ მალავს.

Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. <br> ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი.
ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.

მისთვის განსაკუთრებული მხოლოდ საკუთარი გამოსვლა ან TD Coliseum-ის დარბაზი არ ყოფილა, რომელსაც „ულამაზეს არენას“ უწოდებს. მთავარი აუდიტორიის ენერგია იყო – ის მუხტი, რომელიც ტურნეს განმავლობაში ყოველ საღამოს ახალ ძალას აძლევდა. Cardi B მსმენელებს მოუწოდებს, ყველა კონცერტზე სწორედ ასეთი განწყობით მივიდნენ, რადგან დარბაზის ენერგია პირდაპირ აისახება სცენის პერფორმანსზეც.

„თუ კონცერტზე დამსწრეებს რაიმე რჩევას მივცემდი, ეს იქნებოდა: ნუ იდარდებთ იმაზე, რას აკეთებს თქვენს გვერდით მდგომი ადამიანი. დატკბით მომენტით. იყვირეთ, იცინეთ, მხარი დაუჭირეთ არტისტს – როგორც თავად გსურთ. ამით შემსრულებელს ენერგიასა და სიცოცხლის მუხტს გადასცემთ, რაც მას სცენაზე კიდევ უფრო მეტ ძალას აძლევს. როდესაც აუდიტორიის ენერგიას იგრძნობ, გეუფლება განცდა, თითქოს შენში სუპერძალა იღვიძებს.” – ამბობს Cardi B. 

თუმცა Cardi B-ისთვის Little Miss Drama Tour-ის წარმატება მხოლოდ შემოსავლით, აღიარებით თუ გაყიდული ბილეთების რაოდენობით არ განისაზღვრება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ემოციური კავშირია, რომელიც მსმენელებთან დაამყარა. კონცერტების შემდეგ გულშემატკივრები მასთან მიდიოდნენ, ტიროდნენ და უყვებოდნენ, როგორ შთააგონა მათმა საყვარელმა არტისტმა და როგორ დაეხმარა რთული პერიოდის გადალახვაში. მომღერლის თქმით, მსგავსი მომენტები მას „ყოველდღე კურნავდა“.

ეს გამოცდილება Cardi B-ის კიდევ ერთხელ ახსენებდა, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას მის ცხოვრებასა და მენტალურ მდგომარეობაზე. რთულ ემოციურ პერიოდებში ის ხშირად უსმენდა საყვარელ ალბომებს და ერთსა და იმავე კომპოზიციებს იმეორებდა. მათ შორის ასახელებს Mariah the Scientist-ს, Beyoncé-ს, Rihanna-სა და არეტა ფრანკლინს.

ფავორიტ შემსრულებლებს შორის Cardi B ასევე R&B მომღერალ Summer Walker-ს გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ Walker-იც Billboard Canada Women in Music-ის წლევანდელი ღონისძიების საპატიო სტუმარია. 

Cardi B-ის კარგად ესმის, რას გრძნობენ მისი მსმენელები, რადგან თავადაც ზუსტად ისეთ ემოციებს განიცდის იმ არტისტების შემოქმედების მოსმენისას, რომლებმაც მის ცხოვრებაზე გავლენა მოახდინეს.

სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მისთვის ენერგიის მთავარი წყარო სცენაზე გამოსვლაა. „ეს შეგრძნება ჩემთვის ნარკოტიკივითაა“, –  ამბობს მომღერალი.

ამ ეტაპზე ეს მისთვის უფრო დიდი მოტივაციაა, ვიდრე ინდუსტრიის მიერ აღიარება. მას არასდროს უვლია ტრადიციული გზით და კარიერის დასაწყისიდანვე ამტკიცებდა, რომ მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი წარმომადგენლები მის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ.

22 ნოემბერს, Billboard Canada Women in Music-თან პარტნიორობით გამართულ Girl Connected Breakfast Club-ის ინდუსტრიულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას, Cardi B-ის მენეჯერმა პეიშენს ფოსტერმა გაიხსენა მათი თანამშრომლობის ადრეული წლები – ათწლეულზე მეტი ხნის წინ, როდესაც ფოსტერი სტაჟიორიდან პუბლიცისტად, შემდეგ კი მის შემოქმედებით მარჯვენა ხელად და ახლო გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად იქცა.

„ყველას ყოველთვის აოცებს ის ფაქტი, რომ Cardi B ჩემი პირველი კლიენტი იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის სოციალური მედიისთვის საინტერესო, მზარდი და ახალბედა ვარსკვლავი იყო, მას თავდაპირველად როგორც არტისტს, სერიოზულად არ აღიქვამდნენ“. – იხსენებს ფოსტერი.

მისი თქმით, ინდუსტრიის გავლენიანი წარმომადგენლების ნაწილი Cardi B-სთან თანამშრომლობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. მიზეზი მომღერლის წარსული იყო – მანამდე ის სტრიპტიზკლუბში მუშაობდა და რეალითი შოუში მონაწილეობდა, რაც მის მიმართ გარკვეულ სტიგმას ქმნიდა.

„მეუბნებოდნენ: თუ პირველი კლიენტი, რომელთანაც თანამშრომლობას დაიწყებ, სწორედ ის იქნება, საკუთარ თავს ჩარჩოებში მოაქცევ. არავინ მიგიღებს სერიოზულადო. ბევრი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მისი კარიერული წინსვლის მხარდაჭერა და ამბიციების გაზიარება, პირდაპირ ეუბნებოდა უარს. ეუბნებოდნენ, რომ ეს მისი საქმე არ იყო და უმჯობესი იქნებოდა, Love & Hip Hop-ზე გაეკეთებინა აქცენტი – VH1-ის შოუზე, რომელშიც 2015-2016 წლებში მონაწილეობდა“, – ამბობს ფოსტერი .

მენეჯერის შეფასებით, ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ მცდარი, არამედ შეურაცხმყოფელიც იყო.

„სხვები შენს ნაცვლად წყვეტენ, რისი აღქმა შეგიძლია და რისი არა. თითქოს საკმარისად მრავალმხრივი და კომპლექსური ადამიანები არ ვიყოთ იმისთვის, რომ დავინახოთ და მოვიწონოთ ისეთი ნიჭი, რომელიც არ ჯდება იმ შაბლონურ ჩარჩოში, რომლის მოსმენაც და ნახვაც, ხალხის აზრით, ჩვენ გვსურს“. –  აღნიშნავს ფოსტერი. 

ეს დამოკიდებულება მალევე მცდარი აღმოჩნდა, როდესაც Cardi B სიმღერით Bodak Yellow მეინსტრიმულ მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა. 2017 წელს კომპოზიციამ Billboard Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1998 წლის შემდეგ, როდესაც სოლო ქალი რეპერის სიმღერა ჩარტის სათავეში მოექცა. მანამდე ასეთი შედეგი  ლოურენ ჰილმა აჩვენა სიმღერით – Doo Wop (That Thing).

ალბომმა Invasion of Privacy – Cardi B მესამე ქალ რეპერად აქცია, რომელიც წლის ალბომის ნომინაციაზე წარადგინეს. მანამდე ეს აღიარება ლოურენ ჰილსა და Missy Elliott-ს ჰქონდათ მიღებული. Cardi B ასევე ლიდერობს ქალ რეპერების შორის საუკეთესო რეპშესრულების კატეგორიაში მიღებული ნომინაციების რაოდენობით. 2027 წლის ნომინაციამ სიმღერისთვის ErrTime მისი რეკორდი კიდევ უფრო გაამყარა, ხოლო გრემის ნომინაციების საერთო რაოდენობა 15-მდე გაზარდა. 

ფოსტერის თქმით, Cardi წარმოუდგენლად გამჭრიახი ადამიანია და ხშირად მუსიკის მიღმა რამდენიმე ნაბიჯით წინ იყურება. ის ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შექმნას კულტურა, როგორ განავითაროს შემოქმედებითი მიმართულებები ისე, რომ ბრენდინგი, მოდა და საკუთარი იმიჯიც კი მოიცვას.

ფოსტერმა Cardi B-სთან ერთად დააარსა Grow-Good Beauty. თმის მოვლის ახალი ხაზი Cardi-B-ის დომინიკური წარმომავლობითა და თავის მოვლის მისივე ინდივიდუალური, სახლის პირობებში შექმნილი მეთოდებითაა შთაგონებული. ბრენდი ცოტა ხნის წინ კანადაშიც ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დებიუტის შემდეგ მისი პროდუქცია რამდენჯერმე სრულად გაიყიდა.

Cardi B ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირს საკუთარ კულტურულ ფესვებთან. ამის დასტურია მისი არაერთი ლათინურენოვანი ჰიტი: I Like It-იდან დაწყებული, DJ Snake-თან, Ozuna-სა და სელენა გომესთან ერთად ჩაწერილი Taki Taki-თ დამთავრებული. ოქტომბერში გამოცემულ Daddy Yankee-ს ახალ ალბომში LA POSTAL მომღერალი კომპოზიციით COSITA  მიწვეული არტისტის სტატუსით არის წარმოდგენილი. სიმღერაში ის ესპანურ ენაზე მღერის და რეპის ნაცვლად ვოკალურ შესრულებას ანიჭებს უპირატესობას. 

„სიმღერა გამომიგზავნეს და მაშინვე ვთქვი, რომ მონაწილეობა მინდოდა. მით უმეტეს, რომ ეს ბაჩატაა – დომინიკური მუსიკალური ჟანრი. ცოტა მეშინოდა კიდეც, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ხმა შემეცვალა. Daddy Yankee-ს შვილი კი  წარმოგიდგენიათ, Daddy Yankee-ს შვილი? პროდიუსერი და ხმის ინჟინერია. ის ვოკალის ჩაწერისას მეხმარებოდა და ზრუნავდა, რომ კარგად მემღერა“, – ამბობს Cardi B.

მომღერლისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია საკუთარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორიც მისი სიმღერების დღევანდელი წარმატება. ის ხშირად ფიქრობს იმაზეც, როგორ გაიხსენებენ წლების შემდეგ. 

სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას Billboard-ის ჩარტებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„The Beatles-მა 60 წლის წინ დაიკავა ჩარტის პირველი ადგილი, ხომ ასეა? წარმოიდგინეთ, 60 წლის შემდეგ ვთქვათ, რომ ჩარტის სათავეში არტისტი მოექცა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. რობოტმა დაიკავა პირველი ადგილი? ხვდებით, რა აბსურდულად ჟღერს? – ემოციურად აცხადებს Cardi B.

მომღერალს ასევე ენერგიული და ადვილად დასამახსოვრებელი კომპოზიცია აქვს წარმოდგენილი ვიდეოთამაშ Grand Theft Auto VI-ის ახალ ალბომში. ამგვარად, მისი ხმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოთამაშშიც გაიჟღერებს. სიმღერას ირონიული სათაური აქვს  – Don’t Chart, და მასში ისმის ფრაზა: „შემიძლია ამ სიმღერას  – Don’t Chart  დავარქვა, მაინც მოხვდება ჩარტში“. 

მიუხედავად იმისა, რომ Billboard Canada-ს წლის გლობალური ქალის  (Global Woman of the Year) ჯილდო მის გრძელვადიან შემოქმედებით მემკვიდრეობას აღიარებს, Cardi B დღემდე არ კარგავს შესაძლებლობას, ყოველ ნაბიჯზე დაამტკიცოს, რომ მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ცდებოდნენ.

Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი. <br> ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.
Cardi B ლოს-ანჯელესი, 2026 წლის ნოემბერი.
ფოტოები: Ahmad Barber და Donté Maurice (AB+DM Studio). სტილისტი: Kollin Carter. მაკიაჟი: Erika La’ Pearl. ვარცხნილობა: Tokyo Stylez, მანიკური: Coca Michelle.

ახლა კი მომღერალი საკუთარ თავს ახალ მიზანს უსახავს:

„ღვთის წყალობით, მსურს, 2027 წელს ახალი ალბომი გამოვუშვა“, – ამბობს ის.

ტურნე იქნება?

„რა თქმა უნდა! ერთი სული მაქვს!“ – პასუხობს Cardi B.

Cardi B-იმ Global Woman of the Year-ის ჯილდო 24 ნოემბერს ტორონტოში, Rebel-ში გამართულ Billboard Canada Women in Music 2026-ის ცერემონიაზე მიიღო. ღონისძიების სხვა საპატიო სტუმრებისა და შემსრულებლების სრული სია იხილეთ აქ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Rolling Stones-ის 1973 წელი ჯგუფის კლასიკური პერიოდის ნაწილი იყო თუ დასასრულის დასაწყისი?

შემდეგი სტატია

ლანა დელ რეის თქმით, ახალი ალბომები დასრულებას უახლოვდება: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლანა დელ რეის თქმით, ახალი ალბომები დასრულებას უახლოვდება: „შედეგით კმაყოფილი ვარ“

მომღერალმა ფანებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა Stove-ისა და მისი თანმხლები ალბომის, Spyda-ს შესახებ და, როგორც ჩანს, იდუმალი ტექსტებით რაღაც ახალზეც მიანიშნა.
მეტი

The Rolling Stones-ის 1973 წელი ჯგუფის კლასიკური პერიოდის ნაწილი იყო თუ დასასრულის დასაწყისი?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის Vintage Pop Stardom-ის ამ ეპიზოდში განხილულია წელი, როდესაც მსოფლიოში უდიდესი როკ-ენ-როლის ჯგუფი კვლავ მთელი ძალით იყო მოქმედებაში, თუმცა შესაძლოა მისი კარიერის ახალ ეტაპზეც გადადიოდა.
მეტი
Nodariko Khutsishvili - თბილისის ქუჩებს (Original Version) ft Luka Kitiashvili and Nikala

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და მუსიკალური კლიპი – „თბილისის ქუჩებს“

სიმღერაზე ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალამ იმუშავეს. კომპოზიციის ტექსტის თანაავტორია საბა ზაქალაშვილი.
მეტი

სლოვაკი პოპმომღერალი Adéla 2027 წლის მსოფლიო ტურნეს აანონსებს

სოციალურ ქსელებში ვირუსულად ქცეული ჰიტის – Nicole Kidman-ის შემსრულებელი მომღერალი 2027 წლის იანვრიდან ევროპას, ავსტრალიას, სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ს ეწვევა.
მეტი

პიტერ ბერგი რიანას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის გამოსვლის იმედს არ კარგავს

2023 წელს რეჟისორმა განაცხადა, რომ პროექტზე ექვს-ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა.
მეტი

იქნება თუ არა All I Want for Christmas Is You წელსაც პირველი საშობაო სიმღერა, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს დაიკავებს?

ჯერ უცნობია, მოიპოვებს თუ არა კვლავ პირველობას ქერის კლასიკად აღიარებული ჰიტი Hot 100-ის ჩარტში და შეძლებს თუ არა Wham! პირველად გავიდეს №1 პოზიციაზე. Billboard-ის სარედაქციო გუნდი ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
მეტი

ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ „შიმშილის თამაშები“ საუნდტრეკების ჩარტის პირველ ადგილს უბრუნდება

The Hunger Games: Sunrise on the Reaping (The Album), რომელშიც ნოა კაჰანის, ელა ლენგლისა და სხვა შემსრულებლების მუსიკაა წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ჩარტის სათავეში მოექცა.
მეტი