A$AP Rocky-მ მოდის ინდუსტრიაში თავისი გავლენა კიდევ ერთხელ განამტკიცა. 14 ნოემბერს ცნობილმა გამოცემა Footwear News-მა დააანონსა, რომ ჰარლემელი რეპერი Puma-სთან ერთად Footwear News Achievement Awards-ზე წლის თანამშრომლობის ჯილდოს მიიღებს. ამ დაჯილდოებას არაფორმალურად „ფეხსაცმლის ოსკარებსაც” უწოდებენ. ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროდუქტზე, რომელიც ჩემს კულტურას გამოხატავს და შლის საზღვრებს სპორტის, ქუჩის სტილსა და მოდას შორის,“ – აღნიშნა A$AP Rocky-მ თავის განცხადებაში. „ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევაა და მოხარული ვარ, რომ ჩემი დიზაინებითა და კრეატიული ინტერპრეტაციებით საკუთარი ხედვის გადმოცემა შევძელი. Puma-მ მომცა საშუალება, საზღვრები გავაფართოვო, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია.“
Rocky და Puma წარმატებით თანამშრომლობენ მას შემდეგ, რაც გასულ წელს არტისტი F1-ის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელი გახდა. სპორტულმა ბრენდმა და რეპერმა 2024 წელს ფეხსაცმლის არაერთი მოდელის დიზაინი წარადგინეს.
“კოლაბორაციული პროექტების ასეთ კონკურენტულ გარემოში ეს წყვილი ნამდვილად გამორჩეულია,“ – აღნიშნა Footwear News-ის სარედაქციო დირექტორმა მაიკლ ატმორმა განცხადებაში. „A$AP Rocky-ს გავლენა და შემოქმედება, რომელიც შერწყმულია Puma-ს დიზაინთან, იდეალურ მოცემულობად იქცა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია Footwear News Achievement Awards-ზე Puma-ს და Rocky-ს დამსახურება შესაბამისად დავაფასოთ.”
რაც შეეხება A$AP Rocky-ს მუსიკალურ სიახლეებს, მსმენელები კვლავაც ელიან მისი ახალი ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოშვებას, რომლის გამოსვლაც აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო და მისი ამ ეტაპზე გამოცემის თარიღი კვლავ გაურკვეველია. აგვისტოში რეპერი Billboard-ის გარეკანზეც გამოჩნდა და ვრცელ ინტერვიუში თავის შემოქმედებასა და დაანონსებულ ალბომზე ისაუბრა.