ბრუნო მარსმა მამის, პიტერ ჰერნანდესის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. გრემის მფლობელმა სუპერვარსკვლავმა სამწუხარო ამბავი ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით გააზიარა.
„გასულ კვირას მამას უკანასკნელად ჩავეხუტე“, – დაწერა მარსმა. „თუ ოდესმე მოგისმენიათ, როცა მასზე ვსაუბრობდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ სწორედ მან მასწავლა ყველაფერი, რაც კი ვიცი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მუსიკას ეხება. მან მე, ჩემი ოთხი ლამაზი და და ჩემი ძმა გაგვზარდა.
„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო და ყოველდღე მომენატრება, სანამ კვლავ არ შევხვდებით ერთმანეთს. მიყვარხარ, მამიკო. დედას ჩემ მაგივრად აკოცე იქ“.
41 წლის მუსიკოსმა გარდაცვლილ მამასთან ერთად საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და რამდენიმე ძველი ფოტოც გააზიარა, რომლებზეც მისი მუსიკის მოყვარული მამაა აღბეჭდილი. პიტერ ჰერნანდესის გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ის 74 წლის იყო.
ბრუნო მარსმა დედა 2013 წელს თავის ტვინის ანევრიზმის შედეგად დაკარგა. მუსიკოსის მშობლები ერთმანეთს 1900-იან წლებში დაშორდნენ, როცა მარსი 12 წლის იყო. მათმა განქორწინებამ ოჯახის მუსიკალური ჯგუფის, The Love Notes-ის დაშლაც გამოიწვია.
2017 წელს ჟურნალ Latina-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრუნო მარსი მამის გავლენაზე საუბრობდა: „ჩემი რიტმის შეგრძნება მთლიანად იმის დამსახურებაა, რომ მამაჩემი ბავშვობაში ბონგოს დაკვრას მასწავლიდა. ის ძველი სკოლის პროფესიონალი მუსიკოსია და სწორედ მისგან მოდის ჩემი ბეჭდები ნეკა თითებზე, ლაქის ტყავის ფეხსაცმელი, კოსტიუმები და პომპადურის ვარცხნილობა. ყველაფერი მამაჩემზე დაკვირვებით დაიწყო“.
მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ბრუნო მარსი სასცენო საქმიანობას უბრუნდება და The Romantic Tour-ს აგრძელებს. დეკემბერში მას მეხიკოში ხუთი კონცერტი აქვს დაგეგმილი. პირველი შოუ 3 დეკემბერს გაიმართება.
მუსიკოსმა ალბომი The Romantic თებერვალში გამოსცა. ჩანაწერმა Billboard 200-ის პირველი ადგილი დაიკავა.