Irakli Gabriel-ის ახალი სიმღერა City in Chains

„არ ვიცი, მაგარ ქვეყანას მე და შენ მოვესწრებით თუ არა, მაგრამ მთელი გულით ვგრძნობ – აზრი და მუღამი მხოლოდ გზაშია, ყოველთვის პროცესშია…“ – Irakli Gabriel
Irakli Gabriel

ამერიკაში მცხოვრებმა მუსიკოსმა Irakli Gabriel-მა, რომელიც დუეტ  Anana Kaye-ის წევრია, ახალი სიმღერა სახელწოდებით City in Chains გამოსცა.

მუსიკა და ტექსტი  Irakli Gabriel-ს და  ფრედი სტივენსონს ეკუთვნის, პროდიუსერი ბრეტ რაიან სტიუარტია (Wirebird Productions),  კლავიში და ბექ ვოკალია – Anana Kaye, ბას-გიტარა – დევიდ კონრადი, დრამი – კრის ბენელი, ელექტრო გიტარა – კრის ტენჩი, ვიდეო კი სტეისი ჰაკებას და Duende Vision-ს ეკუთვნის.

არტისტის თქმით, სიმღერა ნიუ-იორკსა და თბილისს შორის ცხოვრებით, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებით, 9/11-ის ტრაგედიით ნიუ-იორკში, თბილისში მიმდინარე პროტესტებით და 2025 წლის მსოფლიო მდგომარეობით არის შთაგონებული.

Irakli Gabriel-მა Billboard Georgia-ს ჯერ გამოუქვეყნებელი ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც გასული წლის 26 მაისს, საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებულმა დაწერა.  მუსიკოსის თქმით სიმღერის იდეა სწორედ ამ ტექსტიდან გაჩნდა. Billboard Georgia – ღია წერილიდან ამონარიდებს გთავაზობთ:

Irakli Gabriel

„შენ იცი, უკან არასდროს ვიყურები. არასდროს. ასე იყო მაშინაც, მხოლოდ წინ ვიყურებოდი, ფიქრებით გასრესილი და მთლიანად გულგახეთქილი, თუ რა დღეში იყო სამშობლო. მერე ცრემლიც მომადგა, ფიქრებმა უფრო დამსრისეს და უცებ მივხვდი, დაკვრა უნდა გამეგრძელებინა. ფიქრი და დაკვრა შეუთავსებელია, რითმიდან ეგრევე ვარდები, ეგრევე გამოდიხარ, ეგრევე, ერთ წამში, წამის მეათასედში უკვე გარეთ ხარ. კაკაფონია გითრევს. გაყრუებს. გახრჩობს. თავს გავიწყებს…

წინა კვირას თბილისში რომ არ ვყოფილიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით არ მენახა და გულით არ მეგრძნო, ალბათ არც არაფერს მოგწერდი.  ისევ რუსთაველზე ვარ. ზუსტად ისე, როგორც 89 წლის აპრილში. დროშები და შეძახილი. ეს ყველაფერი მუსიკით უნდა გითხრა, ასე, წერილში ამის თქმა აბსურდია. მუსიკით გაჩვენებ. აღუწერელი ემოციაა.  მადლობა ღმერთს, ლაპარაკის და ღიმილის უნარი შევინარჩუნე და ახალგაზრდებს ვესაუბრებოდი, მაგრამ ჩემი გული მაინც ჯაზის რითმებით იყო დროს და სივრცეს უცნაურად გაცდენილი.

მინდა გითხრა, მართლა შთამბეჭდავად ჩანდა, წარსულისგან განსხვავებით, ვინმე ერთს ან თუნდაც ლიდერს რომ არ ადიდებდნენ. ვიცით და ყოველთვის ვიცოდით – ერთი პიროვნება არ არის მხსნელი. შენ თვითონ ხარ მხსნელი, არა ბევრი მე, არამედ ერთი ჩვენ. თან, უკვე განათლება ვიგრძენი, enlightenment, არა მხოლოდ education. ასე როცა გრძნობ, მაშინ აწმყოც გწყალობს. იმედი მომეცა, ხალხი პასუხისმგებლობას თავზე იღებს და არავითარ “მხსნელს” არ ელის. ღმერთმა ქნას, კერპებს დავემშვიდობოთ. ღმერთმა ქნას…

დრო არ მქონდა, მოკლედ დამეწერა. ბოდიში, გრძელი წერილი გამოვიდა. ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან თავს ვპოულობთ, ამიტომ, იმედით სავსე ვარ. დრო უნდა ყველაფერს. მეცოდება ის, ვინც თავს ვერ პოულობს, ის სხვის დასახიჩრებას იწყებს. 

არ ვიცი, მაგარ ქვეყანას მე და შენ მოვესწრებით თუ არა, მაგრამ მთელი გულით ვგრძნობ – აზრი და მუღამი მხოლოდ გზაშია, ყოველთვის პროცესშია. წვიმის თქეში და კალიების შრიალი, მეგობარო. ჰო, სწორედ ასე, წვიმის თქეში და კალიების შრიალი…

მაგრად იყავი. უზომოდ მიყვარხარ. მინდა, სულ შენთან ვიყო. ვარ კიდეც.

ღმერთი გვფარავდეს.

შენი ირაკლი”.

მოისმინეთ Irakli Gabriel -ის სიმღერა City in Chains:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Unfiltered: კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show „ნამდვილი რეპშოუ იყო”

შემდეგი სტატია

ოზი ოზბორნი ადასტურებს, რომ საფინალო შოუზე Black Sabbath-ის სრულ პროგრამას არ შეასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი