გიორგი ცაგარელის დაბრუნება

„ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად სცენაზე დაბრუნება, ეს საკუთარ თავთან დაბრუნებაა.”
გიორგი ცაგარელი
ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

Comeback – ასე ჰქვია გიორგი ცაგარელის პროექტს, რომლითაც ალტისტი 2-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება. კონცერტი 28 ივნისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში შედგება. გიორგი ცაგარელთან ერთად სცენაზე დაუკრავენ ნიკალა და სოფო ჩოხელი. 

შემოქმედების ახალ ეტაპზე მუსიკოსი Billboard საქართველოსთან საუბრობს.

გიორგი ცაგარელი:

„კონცერტს Comeback დავარქვი, რაც ქართულად დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს პერიოდი  ყველა მეკითხებოდა, „ქამბექი” როდის გაქვსო. თუმცა, რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად სცენაზე დაბრუნება, ეს საკუთარ თავთან დაბრუნება უფროა. სწორედ საკუთარი თავის პოვნის პროცესი მინდა, რომ მსმენელს მუსიკალურად გავუზიარო.”

დაბრუნებამდე იყო შემოქმედებითი პაუზა, რომლის აღებაც მუსიკოსმა ორი წლის წინ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ პერიოდმა მოახდინა მისი, როგორც მუსიკოსის, იმგვარად ფორმირება, როგორსაც მსმენელი მას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იხილავს. 

„პაუზის აღება სხვადასხვა რაციონალური და არარაციონალური მიზეზის გამო გადავწყვიტე. ზოგადად, პაუზა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააფიქსირო, რომ აქ და ამჟამად ხარ. თავიდან არაფერზე ვფიქრობდი, არც მომავლის გეგმები მქონდა და უბრალოდ ვისვენებდი. პირველ ეტაპზე საერთოდ არც ვუკრავდი, რაც, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ყველას თავისი გამოცდილება აქვს. მერე უკვე მონატრება რომ გაჩნდა, ავიღე ხელში ინსტრუმენტი, თუმცა როცა სხვადასხვა ნაწარმოების გახსენება დავიწყე, უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს არაფერი მემორჩილებოდა – არც კონცენტრაცია მქონდა, ვერც თითებს ვგრძნობდი, ყველაფერი არაბუნებრივი იყო. მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი. წელს პირველად სცენაზე გია ყანჩელის იუბილეზე გამოვედი, სადაც „სტიქსი” უნდა შემესრულებინა და მე თვითონ ვიგრძენი, რომ სხვანაირად დავიწყე რაღაცების გადააზრება და შესრულება, თუნდაც ტექნიკურ დონეზე. არ ვამბობ, რომ უკეთესად, უბრალოდ – სხვანაირად. და სხვათა შორის, მსმენელებმაც აღნიშნეს, რომ რაღაც შეიცვალა ჩემში, რაც ალბათ სწორედ ამ პაუზის დამსახურებაა. 

დაბრუნებას რაც შეეხება, ჩემთვის პირველხარისხოვანი არ ყოფილა სცენაზე პუბლიკის წინაშე გამოსვლა. მთავარი იყო მუსიკასთან სხვანაირად დაბრუნება – უფრო გააზრებულად. მინდოდა, რომ საბოლოოდ უფრო კომფორტულად მეგრძნო თავი, ვყოფილიყავი, შეიძლება, უფრო გულწრფელიც, კონცენტრირებული… ეს პაუზა დამეხმარა იმაში, რომ ახლა რასაც ხელს ვკიდებ, ყველაფერს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. დამოკიდებულება შემეცვალა თითოეული კონცერტის და თითოეული ნოტის მიმართ – უფრო მეტად ვუფრთხილდები. შეიძლება ახლა ჩემს ცხოვრებაში ნაკლებია კონცერტები, გადაღებები, მაგრამ ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ამ ყველაფერმა.

გიორგი ცაგარელი და ნიკალა
ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

ამ პერიოდში დაისვენა გონებამ, თითებმაც და მერე უკვე თავისით მოვიდა ის იდეები,  რომლებიც მანამდეც მაწუხებდა, მაგრამ მათზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი. პაუზის შემდეგ კი კონცენტრაცია მოვახდინე ამ კონკრეტულ იდეებზე, რომლებიც თავიდან ქაოსის სახით მქონდა და ნიკალასთან ერთად შევეცადე, ეს ქაოსი მომეწესრიგებინა. დავიწყე მისი დალაგება და უბრალოდ მივენდე სამყაროს. არ მქონდა არანაირი მიზანი, უბრალოდ მივენდე საკუთარ თავს, პროცესს და იდეებმა თავისით დაიწყეს ფორმების მიღება. დაახლოებით ერთი წელია, მე და ნიკალა სტუდიაში ვმუშაობთ და ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ უნდა გავაკეთოთ პროექტი და ის კომპოზიციები, რაც დაგვიგროვდა, ხალხსაც გავუზიაროთ.”

Comeback სცდება ტრადიციული კონცერტის ფორმატს და ერთგვარი მუსიკალური წარმოდგენის სახეს იღებს. სცენარით, ვიზუალური მასალითა და სხვა დამხმარე ელემენტებით მუსიკოსი მსმენელს საკუთარ ბავშვობაში ამოგზაურებს, სადაც კლასიკური მუსიკა რადიოსა და ტელევიზიით მოსმენილ მეინსტრიმ კულტურას ხვდება. კონცეფციის, კომპოზიციებისა და სცენარის ავტორი თავად გიორგი ცაგარელია. პროექტზე ასევე მუშაობენ: ნიკალა (მუსიკალური პროდიუსერი), სოფო ჩოხელი (პიანისტი), თიკო სადუნიშვილი (კრეატიული ხელმძღვანელი), ლაშა ნათენაძე (ხმის ინჟინერი), ირაკლი ბერიკაშვილი (ვიზუალი), კოკა კიტია (გრაფიკა), ზურა ჯიშკარიანი (ტექსტების ავტორი), ვინდა ფოლიო (ვიდეო ინჟინერი) და სანდრო ბრაჭული (განათება).

გიორგი ცაგარელი, ნიკალა და სოფო ჩოხელი
ფოტო: ლევან ლეკო ჭყონია

„რა თქმა უნდა, პირველ პლანზე მუსიკა იქნება, თუმცა ბევრი დამხმარე ელემენტით. საბოლოოდ, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რაც ბავშვობიდან თავად მაწუხებს: როცა კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი, სულ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე დავდიოდი და სახლშიც იმავეს მასმენინებდნენ, რითაც ვერ ვკმაყოფილდებოდი, რადგან რადიოთი ან ტელევიზიით გაგონილი პოპმუსიკაც ძალიან მიზიდავდა. სცენარიც ამ ამბავს მიჰყვება: 90-იანი წლებია და მთავარი პერსონაჟი არის ბავშვი, რომელიც დადის მუსიკაზე. სახლში კი აკრძალულია სხვა მუსიკა, გარდა კლასიკურისა, რის გამოც ამ პერსონაჟს ჩუმად უწევს სასურველი მუსიკის მოსმენა. ამ დროს შემოდის რაღაც არსება, მისი მეგობარი, რომელიც მისთვის იმ მუსიკის გაზიარებას იწყებს, რომელიც მის სახლში ვერ აღწევდა. ამის შემდეგ იწყება მოგზაურობა –  მოგზაურობა კლასიკურსა და 90-იან წლებში მოსმენილ მუსიკას შორის. 

ძალიან მომინდა, რომ ჩემი პლეილისტი გამოვიტანო და ხალხს მოვასმენინო, რაც წლების განმავლობაში ჩემს გემოვნებაში დაილექა, ოღონდ ისე, რომ თავად ვიყო ამის შემადგენელი ნაწილი. ბავშვობაში გაგონილ იმ პოპმუსიკაში, რომლის არც ქავერი გამიკეთებია და კონკრეტულად არც ვუკრავ, თითქოს შევდივარ და ჩემებურად მოსმენილს ვუზიარებ მსმენელს. რეალურად, ეს მუსიკალური თემები ყველას ეცნობა, მაგრამ ეს არ იქნება რეალური შეგრძნებები, არამედ თითქოს ეს ყველაფერი გონებაში ხდება და ერთად ვიხსენებთ. დარწმუნებული ვარ, მაყურებლის 80%-ს ეს მუსიკა მოსმენილი ექნება და ალბათ ძალიან ბევრს უყვარს კიდეც. შეიძლება ვიღაცისთვის ეს სიზმრის ასოციაცია იყოს, ვიღაცისთვის მუსიკალური ფანტაზია, ვიღაცისთვის ნოსტალგიური მომენტი. ერთგვარი თავგადასავალი იქნება მეხსიერებაში. 

საბოლოო ჯამში მსმენელს მინდა ვაჩვენო, რომ, კი, ჟანრობრივად დაყოფილია მუსიკა და ყველა მათგანს თავისი მსმენელი ჰყავს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი მუსიკაა. უბრალოდ არის ისეთი, რომელიც მოგვწონს და არის ისეთი, რომელიც არ მოგვწონს – მეტი არაფერი. აი, ამის დემონსტრაცია იქნება – მუსიკალური სამყაროების გახლეჩა, მერე გეშტალტი, გაერთიანება, ჰარმონია და ა.შ.”

მუსიკოსი იმედოვნებს, რომ Comeback-ს ერთჯერადი სახე არ ექნება და პრემიერის შემდეგ პროექტი კიდევ არაერთხელ, არაერთ სცენაზე გაჟღერდება. 

„სხვათა შორის, სულ თეთრი შურით მშურდა მსახიობების, რადგან როცა სპექტაკლი იდგმება, პრემიერის შემდეგ ერთი და ორი წარმოდგენით არ შემოიფარგლება და ყოველ ჯერზე მსახიობი ცდილობს, რაღაც შეცვალოს. შეიძლება სეზონის დასაწყისში სულ სხვანაირად ითამაშოს და სეზონის ბოლოს – სხვანაირად. თვითონ ეს პროცესია ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არტისტისთვის და მეც სულ მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რასაც ხშირად გავიმეორებდი და ეს იქნებოდა პროცესი. იმედი მაქვს სწორედ ეს პროექტი იქნება ასეთი, რომელიც ხშირად გამეორდება. 

თუმცა მსმენელი პირველსავე კონცერტზე მიხვდება, რომ ისეთი გიორგი ცაგარელი, როგორიც აქამდე იყო, აღარ იქნება, რადგან, როგორც ვთქვი, ამ პაუზის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე ცხოვრებასა და მუსიკაში. მე თვითონ ველოდები და მაინტერესებს, მე როგორი ვიქნები სცენაზე ჩემს მეგობრებთან ერთად, როგორ დავინახავ და როგორ მოვუსმენ საკუთარ თავს გვერდიდან. ვნახოთ, როგორი გამოხმაურება ექნება.”

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – Rrari dal Tacco

შემდეგი სტატია

Ultramarine – Bedford Falls ახალ სიმღერას აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი