5-16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პიანისტთა მერვე საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს. კონკურსი სათავეს 1997 წლიდან იღებს და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. 2022 წლიდან ის ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის, 2007 წლიდან კი ჰააგის „ალინკ-არგერიხის“ ფონდის წევრ კონკურსს წარმოადგენს.
კონკურსი ოთხ ტურად ჩატარდება. I და II ტურების შემდეგ შერჩეული 10 მონაწილე ნახევარფინალში დაუკრავს. ფინალში გადასული 6 კონკურსანტი კი სცენაზე უკვე სიმფონიურ ორკესტრთან წარდგება, რომელსაც მოწვეული დირიჟორი პაველ პრჟიტოცკი უხელმძღვანელებს.
კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 27 პიანისტი მიიღებს. წინაშესარჩევ მოსმენებში მონაწილეობა კი 16-დან 33 წლის ჩათვლით ნებისმიერ პიანისტს შეუძლია.
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”, რომელიც პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. სწორედ ქართველ პიანისტს ეძღვნება კონკურსის წლევანდელი, მერვე გამოშვება. ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ამჟამად მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია იკავებს.