როდესაც ჩაპელ როანი 2025 წელს „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიაში Grammy-ს მისაღებად სცენაზე ავიდა, სამადლობელი სიტყვის შემდეგ ლეიბლებს მოუწოდა, საკუთარი არტისტებისთვის ღირსეული ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველეყოთ. შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სიტყვებს „დამწყები შემსრულებლები“. დღეს ეს ტერმინი მუსიკალურ ინდუსტრიაში სულ უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს.
„ირგვლივ უამრავი რამ ხდება, რაც ადამიანების ყურადღებას იპყრობს“, – ამბობს ჯასტინ ეშაკი, Island Records-ის თანათავმჯდომარე და თანააღმასრულებელი დირექტორი. 2026 წელს Island Records ათწლეულების განმავლობაში პირველი ლეიბლი გახდა, რომელმაც „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიაში ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა (ჯერ ჩაპელ როანის, შემდეგ კი ოლივია დინის წყალობით).
„იშვიათია შემთხვევა, როდესაც ვინმე წარმატებას სულ რაღაც 12 თვეში აღწევს. ამისთვის ხშირად ოთხი-ხუთი წელია საჭირო“, – ამბობს ჯასტინ ეშაკი.
ამ ტენდენციას ხმის ჩამწერი აკადემიაც გაჰყვა. ივნისში, Grammy-ს 69-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ამოქმედებული არაერთი ცვლილებისა და ახალი კატეგორიის პარალელურად, აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა. კერძოდ, გაიზარდა იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც არტისტის ან ჯგუფის ნამუშევარი კატეგორიაში განსახილველად შეიძლება სამი წარდგენის ნაცვლად, ახლა ოთხჯერ იყოს ნომინირებული.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენმა დაჯილდოებისა და ნომინაციების კომიტეტმა „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის უფრო სიღრმისეულად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო,“ – ამბობს რუბი მარშანი, ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდოებისა და გლობალური ინდუსტრიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი თქმით, სწორედ ამ კატეგორიისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა, რამდენჯერმე შეიკრიბა და სხვადასხვა ჟანრის არტისტებთან სპეციალური შეხვედრაც გამართა. „გვინდოდა, სხვადასხვა მოსაზრება განგვეხილა და დავრწმუნებულიყავით, რომ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ამ პროცესში სრულად იყვნენ ჩართულნი“, – ამბობს რუბი მარშანი.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს წლევანდელი პოტენციური ნომინანტების სიაზე. ელა ლენგლი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად განიხილება – მისმა სიმღერამ Choosin’ Texas Billboard Hot 100-ის სათავეში რეკორდული 24 კვირა გაატარა. ახალი წესების გარეშე კი ის ამ კატეგორიაში მონაწილეობას ვერ შეძლებდა.
იგივე ეხება მეგან მორონის, რომლის ალბომი Cloud 9 Billboard 200-ის სათავეში მოექცა და ნიუ-იორკულ როკჯგუფ Geese-ს, რომლის გამოსვლებიც მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან სცენას ითვლის, მათ შორის დიდ ფესტივალებსა და Saturday Night Live-ს.
„ეს კატეგორია, საბოლოო ჯამში, კულტურაზე გავლენას ეხება. ეს ყოველთვის არ უნდა იყოს დამოკიდებული გაყიდვების, სტრიმინგის ან რადიოეთერის მოცულობაზე, რადგან კულტურა ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალფეროვანია.“ – ამბობს ზენა უაითი, Geese-ის ლეიბლის, Partisan Records-ის, ოპერაციული დირექტორი.
რუბი მარშანის თქმით, ხმის ჩამწერმა აკადემიამ კატეგორიის აღწერილობაც შეცვალა. თუ ადრე კრიტერიუმში საუბარი იყო არტისტებზე, რომლებმაც აღიარებას მიაღწიეს, ახლა ყურადღება გამახვილებულია მათზე, ვისაც „მნიშვნელოვანი კულტურული და საზოგადოებრივი გავლენა აქვს ინდუსტრიასა და მუსიკალურ სივრცეზე“.
აკადემიამ საკვალიფიკაციო პერიოდის ერთი წლით გაზრდის მიზეზად არტისტის განვითარების იდეა დაასახელა – ეს პროცესი მუდმივად იცვლება, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მსმენელი ახალ მუსიკას სულ უფრო მრავალფეროვანი გზებით ეცნობა. დღეს, შესაძლოა, არტისტებს უფრო მეტი დრო და მეტი რელიზი დასჭირდეთ, რათა იმ გავლენას მიაღწიონ, რომელსაც განახლებული კატეგორიის აღწერა ითვალისწინებს.
წელს ასეთი არტისტების მაგალითები არაერთია. Slayyyter 2019 წელს Charli XCX-ის ტურნეს შეუერთდა, თუმცა დიდ წარმატებას მხოლოდ ამ გაზაფხულზე მიაღწია საცეკვაო-პოპ ალბომით Wor$t Girl in America. Don Toliver კი წლის დასაწყისში Billboard 200-ის სათავეში პირველად მოექცა, კარიერაში მეხუთე სტუდიური ალბომით.
Dominic Fike-მაც მნიშვნელოვან წარმატებას წლების შემდეგ მიაღწია. მისი სადებიუტო სინგლის – 3 Nights გამოსვლიდან შვიდი წლის შემდეგ, არტისტმა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური წარმატება მოიპოვა და ოქტომბერში ახალი ალბომის გამოშვებისთვის ემზადება.
Role Model-მა კი 2025 წელს, კარიერის დაწყებიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, ვირუსული წარმატება მოიპოვა. მისი ახალი ალბომის მთავარი სინგლი High Hopes 3000 პირველად მოხვდა Billboard Hot 100-ის ჩარტში.
„თითქმის ოცი წლის განმავლობაში არტისტების განვითარებაზე ვმუშაობდი და ერთი რამ ზუსტად ვიცი – არტისტი არასდროს არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. როგორც ჩვენ – ადამიანები, ვიცვლებით შესაბამისად იცვლება ემოციებიც. იცვლება ისიც, თუ როგორ გამოხატავენ არტისტები საკუთარ სათქმელს და როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს საზოგადოება“, – ამბობს უაითი.
კრიტერიუმების ცვლილება მნიშვნელოვნად აფართოებს იმ პოტენციურ არტისტთა წრეს, რომლებსაც ნომინაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორია კი არტისტებისთვის, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, Grammy-ს დაჯილდოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კატეგორიად ჩამოყალიბდა.
განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოპმუსიკის ფარგლებს გარეთ მოღვაწე არტისტებისთვის გამარჯვება სწრაფად აისახა როგორც კარიერაზე, ისე მუსიკალურ შედეგებზე. მაგალითად, 2017 წლის Grammy-ის ცერემონიაზე Chance the Rapper-ის მიერ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ჯილდოს მიღების შემდეგ, მომდევნო კვირაში მისმა სიმღერებმა, Luminate-ის მონაცემებით, 38.5 მილიონი ოფიციალური სტრიმი დააგროვა და წინა კვირასთან შედარებით 103%-იანი ზრდა დააფიქსირა.
ჯაზის შემსრულებელმა სამარა ჯოიმ, რომელმაც 2023 წელს ამ კატეგორიაში Grammy მოიპოვა, ყოველკვირეულ ოფიციალურ სტრიმინგზე 343%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო მისი ალბომი Linger Awhile Billboard 200-ში შევიდა და ჯაზ ალბომების (Jazz Albums) ჩარტში პირველად დაიკავა პირველი ადგილი.
„ამ გამარჯვებამ ჯოისთვის, რომელიც Verve-ის ლეიბლის არტისტია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უამრავი კარი გააღო“. მას გაუჩნდა შესაძლებლობები კინოს მიმართულებით, უამრავი არტისტი გამოჩნდა, ვისაც მასთან დუეტის ჩაწერა სურდა, დიდმა პროდიუსერებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, გაჩნდა ფილმებისთვის მუსიკის შექმნისა და ბროდვეიდან მიღებული შეთავაზებები. ყველა ის მიმართულება, რომლის გახსნასაც ასეთი მასშტაბის აღიარებისგან უნდა ელოდო, რეალურად გაიხსნა.“ – ამბობს ჯეიმი კრენცი – UMe-ისა და Verve Label Group-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
ასევე დიდ სარგებელს იღებენ პოპ-მიმართულების გამარჯვებულებიც, რომელთაც დაჯილდოებამდეც საკმაოდ სტაბილური ფართო აუდიტორია ჰყავდათ. როუნისა და დინის გამარჯვებების შემდეგ მათი სტრიმინგები მნიშვნელოვნად გაიზარდა – მომდევნო კვირის ოფიციალურმა მოსმენებმა 70%-იანი და 39%-იანი მაჩვენებლით მოიმატა.
თუმცა, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ ორი წლის წინ Grammy-მ საუკეთესო ახალი არტისტის ყველა ნომინანტის გამოსვლა მთავარი ტელე-ტრანსლაციის ნაწილად აქცია. შედეგად, ამ კატეგორიაში მოხვედრილი არტისტის აღიარებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
„სწორედ ასეთი შესაძლებლობები აძლევს არტისტებს ნამდვილ მოტივაციას. ინდუსტრია მათ შესაძლოა იმიტომაც ამჩნევს, რომ ჩვენ სამყაროსგან განსხვავებული პერსპექტივა გვაქვს. თუმცა დღესდღეობით ძალიან ცოტაა ასეთი საერთო კულტურული მასშტაბის ღონისძიება, რომელიც ყველას ერთ სივრცეში აერთიანებს. მუსიკის შემთხვევაში Grammy სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა. ამ ნომინაციის მიღება და სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა მართლაც წარმოუდგენლად დიდი შანსია.“ – ამბობს ეშაკი.
„ჩვენი, როგორც ლეიბლის ამოცანაა, ავიყვანოთ არტისტი და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ მისი ხმა. ამის გაკეთება ბევრად უფრო ეფექტურად შეგიძლია, როდესაც არტისტი მთავარი ღონისძიების ნაწილია, ნებისმიერი ფორმით.“ – დასძინა უაითმა.
გარდა ამისა, რადგან „მუსიკის ყველაზე დიდ საღამომდე“ დარჩენილი პერიოდი სულ უფრო ივსება ინდუსტრიული ღონისძიებებით, ნომინანტებს შანსი ეძლევათ, პირდაპირი მნიშვნელობით ისეთ შეხვედრებზე მოხვდნენ, სადაც სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, მათთვის კარი ჩაკეტილი ყოფილიყო. მაგალითად Spotify-ს „საუკეთესო ახალი შემსრულებლისადმი“ მიძღვნილი წვეულება ბოლო ათი წლის განმავლობაში ნომინანტებისთვის დამატებით სცენად იქცა. ხოლო ისეთი ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ღონისძიებები, როგორიცაა კლაივ დევისის Pre-Grammy Gala და MusiCares Person of the Year-ის საღამო, კონკურსანტებს კიდევ ერთ პლატფორმას სთავაზობს.
„საუკეთესო ახალი შემსრულებელის ნომინაცია კვირის მთავარ მოვლენად იქცა. რა თქმა უნდა, არის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც პირდაპირ ეთერში შუქდება, თუმცა კულისებს მიღმა არსებული გარემო ახალი არტისტების ზეიმია. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ინდუსტრიისთვის, რადგან წამყვანი ლეიბლების როლი სწორედ ახალი შემსრულებლების აღმოჩენა, მათთან კონტრაქტის გაფორმება და მათი განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასვლაში დახმარებაა“. – ამბობს ეშაკი.
თუმცა, რაც უფრო იზრდება კატეგორიის საკვალიფიკაციო პერიოდი, მით უფრო იცვლება „ახლის“ მნიშვნელობაც – ის მხოლოდ დროის ფაქტორით აღარ განისაზღვრება. ბოლო წლებში ნომინანტებს შორის იყვნენ საბრინა კარპენტერი, Jelly Roll და Khruangbin, რომლებიც ნომინაციის მომენტისთვის უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ და უშვებდნენ მუსიკას.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, მუსიკალური პროდუქციის რაოდენობაზე ზედა ზღვარი ჯერ კიდევ არ არსებობს. ფაქტობრივად, განსაზღვრულია მხოლოდ მინიმალური მოთხოვნა: ნომინირებისთვის უფლებამოსილ არტისტებს გამოცემული უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ხუთი სინგლი ან ერთი ალბომი. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლების უმეტესობა წლევანდელ ცვლილებას მხარს უჭერს, ჯეიმი კრენცსი აღნიშნავს, რომ ახლა თავად დაჯილდოების ორგანიზატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ფართო საზოგადოებას სათანადოდ განუმარტონ, თუ როგორ მუშაობს ეს კატეგორია.
„ვფიქრობ, გულშემატკივრებისთვის ეს ზოგჯერ დამაბნეველი იქნება, რადგან შესაძლებელია იკითხონ: „როგორ შეიძლება ეს ადამიანი საუკეთესო ახალი შემსრულებელი იყოს, როდესაც მისი სამი ან ოთხი ჩანაწერი უკვე გამოცემულია? მაგრამ რეალობა ის არის, რომ ადამიანები საბოლოო წარმატებამდე მისასვლელად ძალიან განსხვავებულ და ხშირად საკმაოდ გრძელ გზას გადიან.“ – ამბობს ჯეიმი კრენცსი.
ამ ეტაპზე კატეგორიის სახელწოდების შეცვლა არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ MTV Video Music Awards-მა, BRIT Awards-მა და Juno Awards-მა წლების განმავლობაში სახელწოდებები შეცვალეს, რუბი მარშანის თქმით, არსებული სახელის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი განმარტებით, შესაძლოა სიტყვა „გარღვევა“ (Breakthrough) ჯილდოს არსს უკეთ გამოხატავდეს, თუმცა ამ ეტაპზე სახელწოდების ბრენდული ღირებულება უფრო მნიშვნელოვანია.
„სამუშაო ჯგუფმა ეს საკითხი ძალიან, სიღრმისეულად განიხილა. განსაკუთრებით იმ მუსიკოსებთან საუბრისას, რომლებიც სამუშაო ჯგუფს კონსულტაციას უწევდნენ, გამოიკვეთა, რომ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა, ღირებულება და გავლენა აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ Grammy-ს დაჯილდოების სისტემაში არსებობს რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და საკულტო“, – ამბობს რუბი მარშანი.