22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award მიიღო. ჯილდო მას დომინიკელმა ვარსკვლავმა, ხუან ლუის გერამ გადასცა.
„ხუან ლუის, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადო იმ უზარმაზარი, წარმოუდგენელი პატივისთვის, რომ ეს ჯილდო შენი ხელით გადმომეცი. შენ შემოქმედებს შორის ნამდვილი ოსტატი ხარ – შენმა სიმღერებმა მატირა, მაცეკვა და მაგრძნობინა, რომ ცოცხალი ვარ. შოკში ვარ, ამ მომენტს არასდროს დავივიწყებ,” – განაცხადა ესპანელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა სიტყვით გამოსვლისას. „იმას, რასაც ვაკეთებ, ვერ გავაკეთებდი იმ არტისტების გარეშე, რომლებიც ჩემამდე იყვნენ და გზა გაკვალეს – ისეთი არტისტების გარეშე, როგორიც ხუან ლუისია და რომლითაც ასეთი აღფრთოვანებული ვარ. სელია კრუსი, როსიო, ბისენტე ფერნანდესი, Daddy Yankee. და ბოლოს, მაგრამ ნამდვილად არანაკლებ მნიშვნელოვანი – მადლობა ლათინურ ამერიკას იმ განსაკუთრებული ადგილისთვის, რომელიც მაჩუქეთ. იმედი მაქვს, კვლავაც ვიპოვი გზებს, რომ მთელი ეს სითბო და გულუხვობა უკან დაგიბრუნოთ. მადლობა!“
Billboard-ის დიდების დარბაზის ჯილდო პირველად 1995 წელს სელენა კინტანილიას მიეძღვნა. ჯილდო მუსიკოსებს გადაეცემათ განსაკუთრებული შემოქმედებითი კარიერის აღსანიშნავად, რაც განისაზღვრება მუსიკალური ინოვაციით, მხატვრული ხედვითა და ისეთი გავლენით, რომელიც სცდება ჟანრების, ენებისა და გეოგრაფიული მდებარეობის ფარგლებს.
მოგვიანებით საღამოს, როსალიამ ალბომისთვის LUX „წლის საუკეთესო ლათინური პოპალბომის“ ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ჩემს ოჯახს, გუნდსა და გულშემატკივრებს. ზუსტად არ ვიცი, არის თუ არა LUX პოპალბომი – ვფიქრობ, არის, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ბარსელონადან ვარ და უზომოდ ვამაყობ, რომ ესპანურენოვან მუსიკას ვქმნი. ჩემთვის ესპანური მუსიკის დღესასწაულის ნაწილად ყოფნა მართლაც განსაკუთრებულია – გაუმარჯოს ლათინურ მუსიკას, გაუმარჯოს ლათინური ამერიკის ხალხს და გაუმარჯოს მუსიკას ესპანურად!”
როსალია წლის დასაწყისში 2026 წლის Billboard-ის ლათინური მუსიკის ქალების გალა-დაჯილდოებაზე „წლის ქალად“ დასახელდა, სექტემბერში კი მაიამიში თავისი მსოფლიო ტურნე – LUX World Tour დაასრულა.
57-კონცერტიანი ტურნე მისი უახლესი სტუდიური ალბომის, LUX-ის მხარდასაჭერად იმართებოდა. ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა Billboard-ის ხუთ ჩარტში: საუკეთესო ლათინური ალბომების, საუკეთესო ლათინური პოპალბომების, კლასიკური ალბომების, კლასიკური სინთეზის და მსოფლიო ალბომების ჩარტებში.
Billboard-ის ლათინური მუსიკის დაჯილდოება Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის კვირეულის პარალელურად ჩატარდა. კვირეული 19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით მაიამი-ბიჩზე, Faena Forum-ში გაიმართა. წელს ლათინური მუსიკის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: Pitbull, Becky G, Maluma, Fuerza Regida, კანი გარსია, რუბენ ბლადესი, Grupo Frontera, Quevedo და მრავალი სხვა.