Starring Georgia – საქართველო საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიებების რუკაზე

„ეს არტისტები საქართველოში სწორედ იმ სტანდარტის მუსიკალური შოუებით წარდგებიან, როგორითაც ინდუსტრიის წამყვან ქვეყნებში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აუდიტორიას უმაღლესი ხარისხის საკონცერტო გამოცდილება ელოდება.“
Black Sea Arena


Starring Georgia  –  ასე ჰქვია  2 წლიან კამპანიას, რომლის ფარგლებში საქართველო მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი ვარსკვლავების მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სცენის ისეთი არტისტები ეწვევიან, რომლებიც დღეს არამხოლოდ მუსიკალური სფეროს, არამედ მსოფლიო პოპ კულტურის წამყვან სახეებად განიხილებიან. Imagine Dragons, The Killers, FKJ, Nile Rodgers & Chic, Damian Lazarus, All Day I Dream, ბრუნო მარსი. ეს არტისტები და მუსიკალური კოლექტივები შეკვეთილსა და საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბურ შოუებს გამართავენ. დროთა განმავლობაში ამ სიას კიდევ არაერთი საკულტო შემსრულებელი დაემატება. 

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ორწლიანი კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. როდესაც პროექტის მასშტაბურობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არამხოლოდ შესაძლებლობაა რომ მსმენელმა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო სტანდარტის მუსიკალური გამოცდილება მიიღოს, არამედ ის ხელს უწყობს საქართველოს მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე პოზიციონირებასა და დამკვიდრებას. 

კამპანიის შესახებ Billboard საქართველოსთან საუბრისას Black Sea Arena-ს წარმომადგენლები ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობენ, რომლის პროექტის დაგეგმვას ახლდა თან. 

ტატო ხარჩილავა, Black Sea Arena-ს დირექტორი: 

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით არტისტებს და მათ აქტუალობას. აქტუალობაში ვგულისხმობ არამხოლოდ მუსიკოსის, როგორც პერსონის გავლენას, არამედ იმას – ხშირად მართავენ თუ არა  შოუებს, აქვთ თუ არა მიმდინარე ტურები, არის თუ არა მსოფლიო მასშტაბით ამ არტისტებზე მოთხოვნა, რა ჯილდოები აქვთ ბოლო პერიოდში მოპოვებული და ასე შემდეგ. მაგალითად ნაილ როჯერსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ კამპანიის ფარგლებში ეწვევა, ახლახან აიღო მუსიკალური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – გრემი.“

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში სოციალური მედიის განვითარებამ და სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს ერთმანეთთან გადაკვეთამ, მუსიკის საზღვრები კიდევ უფრო მეტად გააფართოვა და ის კინოს, მოდის, ვიზუალური ხელოვნების განუყოფელ ნაწილად აქცია. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მუსიკოსის პოპულარობასა და აქტუალობაზე, აუცილებლად განიხილება ის ფაქტორიც, თუ რა სტატუსს ფლობს  იგი თანამედროვე პოპ კულტურაში. 

Starring Georgia-ს დაგეგმვა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. 

ტატო ხარჩილავა, Black Sea Arena-ს დირექტორი: 

„რაც შეეხება გამოწვევებს, უპირველესად უნდა აღვნიშნოთ მათი ე.წ. ტექნიკური რაიდერის უზრუნველყოფა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ვარსკვლავებზე, რომლებსაც მოთხოვნების უდიდესი ჩამონათვალი აქვთ  – სცენის სპეციფიკური ზომა და მახასიათებლები, გახმოვანება, განათება. ჩვენ Black Sea Arena-ს რესურსმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ მათი შოუების სტანდარტის შესაბამისი ტექნიკური მზადყოფნა გვქონოდა. გარდა Black Sea Arena-ს რესურსისა, საჭირო გახდა მოთხოვნილი რეიდერის ნაწილის სხვა ქვეყნებში მოძიებაც. საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამ არტისტების მხრიდან ტექნიკური კომპრომისი ძალიან მცირეა. საბოლოოდ ყველა გამოწვევა წარმატებით გადავლახეთ და შედეგად ეს არტისტები საქართველოში სწორედ იმ სტანდარტის მუსიკალური შოუებით წარდგებიან, როგორითაც ინდუსტრიის წამყვან ქვეყნებში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აუდიტორიას უმაღლესი ხარისხის საკონცერტო გამოცდილება ელოდება.“

Black Sea Arena

პანდემიის შემდეგ დიდ საკონცერტო შოუებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა. დღეს ამ ინდუსტრიაში უკვე სხვა სტანდარტები დაწესდა და კონცერტები გიგანტურ შოუებად გადაიქცა, შესაბამისად მეტი სანახაობრივი ელემენტი შეემატა. დღეს უკვე თვალსაჩინოა, რომ შოუბიზნესი იცვლება და საკონცერტო გამოცდილება სხვა ფორმებს იძენს. შესაბამისად გართულებულია კონცერტების ორგანიზების ნაწილიც და არტისტებთან ურთიერთობის პროცესიც. 

ციცი იაშვილი,  Black Sea Arena-ს პროექტების მენეჯერი:

„როდესაც ასეთი კატეგორიის ვარსკვლავებთან იწყებ მუშაობას, საკმაოდ ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება გიწევს – გასათვალისწინებელია ის, თუ ამ დრომდე რა კონცერტები ჩატარებულა და ცხადია როგორია ტექნიკური მზაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი უშუალოდ მუსიკის მსმენელი აუდიტორიის განსაზღვრას ეხება – მუსიკალურ მენეჯერებს აინტერესებთ, რამდენად შესაბამისი  მელომანები არიან ქვეყანაში – როგორი გემოვნება გვაქვს, რამდენად კარგად ვიცნობთ თანამედროვე პოპ კულტურას და ასე შემდეგ. პროექტის დაგეგმვისას, საბედნიეროდ ეს ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს ქვეყანას თანამედროვე მუსიკალური სფეროს ყველაზე აქტუალური ვარსკვლავები ეწვევიან.“  

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ყოველი ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სამომავლოდ დაგეგმილი შოუების ორგანიზება კიდევ უფრო მარტივდება, რადგან ჩამოსული არტისტების სახელები ქვეყნისათვის ერთგვარ პორტფოლიოდ იქცევა. 

საგულისხმოა  საერთაშორისო გამოხმაურების ფაქტორიც. მუსიკალური ინდუსტრია, ვარსკვლავების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართული კონცერტები და მათი მსვლელობა სწორედ ის მოვლენაა, რომელიც საერთაშორისო მედიის ფოკუსში ხვდება და ეს თავისთავად ზრდის ქვეყნის შესახებ ცნობადობას. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და საბოლოოდ პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდასთან. 

Black Sea Arena

მაია ომიაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

„Starring Georgia საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველო მოხვდეს გლობალური  ღონისძიებების კალენდარში და ღირსეული ადგილი დაიკავოს. უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებებს საერთაშორისო ტურისტები დაჰყვებიან. Starring Georgia-ს ფარგლებში დაანონსებულ კონცერტებზე გაყიდული ბილეთების მონაცემებით შეგვიძულა ვთქვათ, რომ ამ პროექტმა ტურისტები არაერთი ქვეყნიდან მოიზიდა – მათ შორის შეერთებული შტატებიდანაც. აღსანიშნავია იმიჯის ფაქტორიც -როდესაც ქვეყანა ასეთი მასშტაბების ვარსკვლავებს  შესაბამისი სტანდარტით მასპინძლობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტულად უსაფრთხო ქვეყანაა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ქვეყანაში მეგავარსკვლავი ჩამოდის, ეს მოვლენა აუცილებლად იწვევს საერთაშორისო მედია პლატფორმების ყურადღებას.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Starring Georgia 2-წლიანი პროექტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ფარგლებში კიდევ არაერთი საკულტო არტისტის კონცერტი დაანონსდება, შესაბამისად მსმენელს წინ უამრავი სიურპრიზი ელოდება. 

ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება:

Nile Rodgers & Chic  – 5 აგვისტო / Black Sea Arena /Front Stage

FKJ / 6 აგვისტო  – Black Sea Arena/Front Stage

Damian Lazarus – 10 აგვისტო / The Social Space

The Killers –  15 აგვისტო / Black Sea Arena

All Day I Dream  – 18 აგვისტო / The Social Space

Imagine Dragons  – 31 აგვისტო / მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

Ბრუნო მარსი – 1 ოქტომბერი/ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Imagine Dragons, Thunder

Imagine Dragons-ის სიმღერამ Thunder – YouTube-ზე ორ მილიარდ ნახვას მიაღწია

შემდეგი სტატია

We Are the World-ის ახალ ვერსიაზე მუშაობა იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი