„თბილისის ბაროკო ფესტივალის” რიგით მეცხრე სეზონი დასრულდა. ფესტივალი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც თბილისმა არაერთ მუსიკალურ კონცერტს, საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებს უმასპინძლა. ფესტივალი 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიხსნა და 30 ნოემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში დაიხურა.
გიორგი ქერელაშვილი – „საქართველოს სინფონიეტას” სამხატვრო ხელმძღვანელი:
„უკვე ცხრა წელია, რაც ბაროკოს ფესტივალი არსებობს საქართველოში და ეს ამ ტიპის ერთადერთი ფესტივალია მთლიანად ჩვენს რეგიონში. მთავარი ის არის, რომ ეს ფესტივალი არა მხოლოდ მსმენელისთვის არის საინტერესო, არამედ ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის და ყველა პროფესიონალისთვის, რადგან ჩვენი სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებს ჯეროვნად ამ ეპოქის მუსიკის შესწავლას. ეს არ ისწავლება არც ჩვენს კონსერვატორიაში და არც პოსტ-საბჭოთა კონსერვატორიების 99 პროცენტში. ჩვენი ფესტივალი სწორედ ამით გამოირჩევა ყველასგან. ბაროკოს ეპოქა უბრალოდ ეპოქა არ არის. ამ ეპოქის მუსიკაზე დგას სხვა ყველა: რომანტიზმიც, კლასიციზმიც, თანამედროვეც და არა მხოლოდ კლასიკურ მუსიკას ვგულისხმობ, არამედ პოპმუსიკაც, ჯაზიც – აბსოლუტურად ყველას ფესვები მიდის იქ. ძალიან ძნელია, როცა საძირკველი არ გაქვს კარგი, ააშენო ღირებული სახლი. ამიტომ ჩვენ ამ საძირკველს ჩავუღრმავდით, კიდევ ვუღრმავდებით და ეს ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მსმენელისთვისაც.”
წელს ფესტივალი 20 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა, რომელშიც „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად იტალიელი და პოლონელი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ კონცერტზე შედგა ბენედეტო მარჩელოს ახლადაღმოჩენილი ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა. ნაწარმოებები სულ ახლახან იტალიელმა მუსიკოსმა და მკვლევარმა სერჯო აცოლინიმ პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა და გადაწყვიტა, რომ პირველად ისინი სწორედ „საქართველოს სინფონიეტას” უნდა შეესრულებინა. მისივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა ნოემბერში უკვე დისკის სახით გამოვიდა.
გიორგი ქერელაშვილი – „საქართველოს სინფონიეტას” სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ეს დისკი უნიკალურია, რადგან მასში ორი ისეთი ნაწარმოებია, რომელთა მსოფლიო პრემიერა შედგა და პირველად ჩაიწერა. ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის იქნება აღმოჩენა და ბევრი უცხოელი მუსიკოსი გაკვირვებულიც დარჩება იმით, რომ იტალიელი ბაროკოს კომპოზიტორი პირველად ქართულმა ორკესტრმა ჩაწერა.”
„თბილისის ბაროკო ფესტივალის” მეცხრე საფესტივალო სეზონი 30 ნოემბერს დასკვნითი კონცერტით დაიხურა, სადაც ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის ნაწარმოებები შესრულდა. „საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად სცენაზე წარდგნენ გერმანელი მუსიკოსები: მევიოლინე ქრისტინე ბუში და კლავესინისტი და ორგანისტი იორგ ჰალუბეკი.
იორგ ჰალუბეკი – კლავესინისტი და ორგანისტი:
„ძალიან კარგი გარემოა საქართველოში. ჩემთვის ამ ფესტივალის ფარგლებში მეორე კონცერტია. ორშაბათს გვქონდა კამერული მუსიკის კონცერტი და დღეს უფრო საორკესტრო მუსიკა შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუსიკა ნაკლებად ცნობილია, აუდიტორია ძალიან დიდი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ამ ფესტივალის ჩატარება, რადგან ეს მუსიკა ძალიან განსაკუთრებული და იშვიათია. ფანტასტიკურ საქმეს ასრულებს „საქართველოს სინფონიეტა”, რომ ორგანიზებას უკეთებს ფესტივალს და დღის შუქზე გამოაქვს ბაროკოს ეპოქის მუსიკა.”
„თბილისის ბაროკო ფესტივალს” „საქართველოს სინფონიეტა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით ატარებს. ფესტივალი 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. 9 წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში თბილისს ძველებური მუსიკის მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები და სპეციალისტები სტუმრობდნენ. მათ შორის არიან ჟორდი სავალი, ქრისტინა ბუში, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ AKAMUS და სხვები.
თეა მუქერია – „საქართველოს სინფონიეტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
„თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა” ამიერკავკასიაში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ბაროკოს ორკესტრია, რომელიც ძველებურ მუსიკას ავთენტური შესრულებით უკრავს ისტორიულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ორკესტრისთვის კულტურის სამინისტრომ 2012 წელს შეიძინა. ზოგადად, იშვიათობაა, მსოფლიოში ძალიან მცირე რაოდენობის ორკესტრია, რომელიც ყველა რეპერტუარს ავთენტურად ასრულებს. არსებობს ან ბაროკოს ორკესტრი ან კამერული ორკესტრი. „საქართველოს სინფონიეტა” კი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს როგორც ძველებური მუსიკა, ასევე თანამედროვე მუსიკა, კლასიციზმი, რომანტიზმი და ამით ძალიან ვამაყობთ. ფესტივალსაც ამ კუთხით ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს და ეს ერთგვარად ჩვენი ექსკლუზივია.”
ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა საბავშვო კონცერტი „ბაროკო ბავშვებისთვის”, სადაც „საქართველოს სინფონიეტამ” და ზურა ბალანჩივაძემ სცენაზე პატარა მაყურებელს „დონ კიხოტეს” თავგადასავალი წარუდგინეს. კონცერტების გარდა, თბილისი ბაროკოს ფესტივალის ფარგლებში არაერთი მასტერკლასი და საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი” მომავალ წელს უკვე საიუბილეო, რიგით მეათე სეზონით დაბრუნდება.