„მთავარია შთაგონება და ემოცია იყოს და ემოცია სადაც არის, იქ სიმღერა აუცილებლად იწერება.“ – ნატალია ნაყოფია

24 თებერვალს ნატალია ნაყოფიამ „დედაენა ბარში“ კონცერტი გამართა, სადაც ძველ სიმღერებთან ერთად მუსიკოსმა ახალი პროექტიდანაც შეასრულა სიმღერები.
ნატალია ნაყოფია
ნატალია ნაყოფია

ნატალია ნაყოფია ქართულ მუსიკალურ სივრცეში ორი წლის წინ გამოჩნდა და თავისი შემოქმედებითი იდენტობითა და ინდივიდუალური სტილით თავი ბევრს დაამახსოვრა. მელოდიური კომპოზიციები, ძლიერი ვოკალი, შთამბეჭდავი და ხარისხიანი ვიდეო-კლიპები არტისტის ვიზუალურ მიმართულებას და სტილსაც უსვამს ხაზს.

ავტორ-შემსრულებელი ნატალია ნაყოფია თავის მუსიკაში აქცენტს პირველ რიგში  მელოდიურობაზე, ტექსტებსა და შინაარსზე აკეთებს.

ნატალიამ „ბილბორდ საქართველოსთან“ ინტერვიუს დროს მის მუსიკალურ კარიერაზე, შემოქმედებით პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ნატალია ნაყოფია

ნატალია ნაყოფია:

“მუსიკა ბავშვობიდან მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილია, მართლა არ მახსოვს არცერთი დღე, როდესაც მუსიკას არ ვქმნიდი, ან არ ვმღეროდი. მიჭირს ასეთი დღის გახსენება. თავდაპირველად დედაჩემმა აღმოაჩინა, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა, როდესაც ძალიან პატარა ასაკში, სადღაც სამი წლის როცა ვიყავი, ფორტეპიანოსთან მივდიოდი და იმ სიმღერას, რასაც მიმღეროდნენ ან მესმოდა ჩემს გარშემო, დამოუკიდებლად ვაწყობდი და ვუკრავდი. ესე აღმოაჩინა დედაჩემმა ჩემი მუსიკალური ნიჭი და მალევე მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს, სადაც კლასიკური ფორტეპიანოს განხრით მივიღე განათლება. მუსიკალურ სკოლაში ვიყავი, სიმღერასაც ვსწავლობდი, ცეკვაზეც დავდიოდი, თეატრსაც, მოკლედ ბევრი რამ ვცადე, მერე უკვე 17 წლის ასაკში ბოსტონში, „ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში“ ჩავირიცხე და მუსიკალური განათლების მიღება იქ გავაგრძელე. თუმცა უნივერსიტეტის პერიოდშიც და მანამდეც, როგორც არტისტი ესე არ გამოვჩენილვარ. უფრო ჩემთვის ვწერდი მუსიკას. უნივერსიტეტის მერე პაუზა ავიღე, მგონი ყველა მუსიკოსს აქვს ცხოვრებაში ასეთი მომენტი, როდესაც სჭირდებათ, რომ ცოტა დაანებონ ამ საქმეს თავი, რადგან შეიძლება რაღაც არ გამოსდით ისე, როგორც თავად აქვთ ჩაფიქრებული. ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემ თავში, რომ ჩემი მუსიკა გამომექვეყნებინა ქართულ ან უცხოურ ენაზე. ქართულ ენაზე სულ ვწერდი, ბავშვობიდან. საბოლოოდ ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის იყო. მერე რაღაცები მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რამაც მიბიძგა, რომ ის მეკეთებინა, რაც მიყვარს, რაც ჩემი შექმნილია, ის გამეზიარებინა სხვისთვის, რაც საკმაოდ დიდი რისკიც იყო, თუმცა არანაირი ჯილდო არ მოდის რისკების გარეშე და ეს ნაბიჯები უნდა გადადგა აუცილებლად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ, არა როგორც მომღერალი ან ქავერ შემსრულებელი, არამედ როგორც მუსიკალური არტისტი, საავტორო სიმღერებით, კომპოზიტორ-შემსრულებელი, ასე გამოვჩენილიყავი და ჩემი პირველი სადებიუტო პროექტი „ცისფერი აბი“ გამოვუშვი.

ნატალია ნაყოფია

ეს ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, განათლება, ყველაფერი, რაც დავაგროვე, ამ ჩემ მუსიკალურ პროექტში ჩავდე და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი შემოქმედებით კარიერაში. ეს  მოხდა დაახლოებით ორი წლის წინ. 24 იანვარს, ზუსტად ორი წელი შესრულდა“. 

ნატალია ნაყოფიას მუსიკალური შემოქმედება მისი მუსიკალური ვიდეო-კლიპებითაც გამორჩეული და განსხვავებულია. ეფექტური, დასამახსოვრებელი ვიზუალი და კლიპების მაღალი ხარისხი ამ მხრივაც არტისტის ინდივიდუალური ხელწერაა, ნატალია ნაყოფიას პირველი მუსიკალური პროექტი „ცისფერი აბი“  მსმენელმა  მალევე აიტაცა და სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეც ამ ნამუშევარმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ნატალია ხშირად თანამშრომლობს Collaba Production-თან, რაზეც არტისტი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

„კლიპის გადაღების პროცესში აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ვარ ჩართული, მუსიკის ფროდაქშენიდან დაწყებული უკვე მაქვს წარმოდგენილი, როგორი მინდა იყოს კლიპის სცენარი, ჩემი იდეებიც მაქვს, და, რა თქმა უნდა, ფროდაქშენთან ერთად ვისხედით, ვუზიარებდით ერთმანეთს იდეებს და ძალიან საინტერესო იდეებით მოვიდა თვითონ გუნდი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მაინც შესაძლებლობიდან გამომდინარე ვაკეთებთ ყველაფერს. ხედვა სულ მაქვს, მაგრამ რეალობას როცა ეჯახები, რა ფაქტორებიც შემოდის, იქიდან გამომდინარე გიწევს რაღაც დათმობებზე წასვლა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგ გუნდთან ვმუშაობდით, Collaba Production-თან, და ყველაზე მინიმალურიდან მაქსიმალურს ვაკეთებდით სულ.“

ნატალიას თქმით, გარდა მუსიკალური ნაწილისა, არტისტისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სასცენო იმიჯი, რომელიც მის ინდივიდუალიზმს და მახასიათებელ ნიშნებს უსვამს ხაზს.

„არტისტის იდენტობის  ძალიან დიდი ნაწილია იმიჯი, ამიტომ ამაზე ძალიან ბევრი მუშაობა და ფიქრია საჭიროა. გარკვეულწილად ეს გამოცდილებასაც მოაქვს, ხან რაღაც იდეა შეიძლება არ გამოგივიდეს, ხან არ მოგეწონოს ის, თუ როგორი იმიჯით წარდგები და ეს ყველაფერი დროთა მანძილზე უფრო მეტ გამოცდილებას გძენს, პოულობ შენს თავს და ქმნი შენს არტისტულ იმიჯს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვისთვისაც, იმიტომ, რომ არა მხოლოდ სიმღერა და შესრულება უნდა იყოს კარგი, არამედ ისიც, თუ როგორ წარადგენ საკუთარ თავს სხვების წინაშე. ამას ძალიან დიდი როლი აქვს. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი არტისტი ზუსტად იმიჯის გამო შეიძლება გვიყვარდეს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს ფაქტორი და მიხარია, რომ დღეს ქართველი არტისტების უმეტესობა ამას დიდ ყურადღებას აქცევს. ეს ძალიან დასაფასებელია. ბევრად მეტი შრომა მიდის ამაში, რაც ხალხს შეიძლება არც წარმოუდგენია და ამიტომ უფრო ვაფასებ ამ ყველაფერს.“

ნატალია ნაყოფია
ნატალია ნაყოფია
მერცია ქუთათელაძე
მერცია ქუთათელაძე
ლუკა თოფურია
ლუკა თოფურია

24 თებერვალს ნატალია ნაყოფიამ „დედაენა ბარში“ კონცერტი გამართა, სადაც ძველ სიმღერებთან ერთად  მუსიკოსმა ახალი პროექტიდან გამოუქვეყნებელი სიმღერებიც შეასრულა. ბენდის შემადგენლობაში არიან: კლავიში – ლუკა თოფურია, გიტარა – საბა კასრაშვილი, ბას-გიტარა – მერცია ქუთათელაძე და დრამი – გიო კაპანაძე.

„დედაენაში ლაივზე ის მუსიკაც გაჟღერდება, რომელიც მსმენელს ჯერ არ აქვს მოსმენილი. რეალურად აქ მთლიან პროგრამას ვუკრავთ და ყველაფერი ჯერ გამოქვეყნებული არ მაქვს. სინგლების გამოცემას ვგეგმავ მარტის და აპრილის თვეში და ბევრი სიახლე ელოდება ჩემ მსმენელს.

რაც შეეხება ინსპირაციას, შეიძლება რაღაცამ ემოცია მომანიჭოს, მაგრამ სულ სხვა თემაზე დავწერო, მთავარია შთაგონება და ემოცია იყოს და ემოცია სადაც არის, იქ სიმღერა აუცილებლად იწერება.“

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსის შემოქმედება ქართულ და უცხოურ ენაზე შესრულებულ სიმღერებს მოიცავს, ნატალიას სიმღერებიდან ქართული ტექსტები ბევრად უფრო ახლოს დგას მსმენელთან. ამ თემასთან დაკავშირებით ნახეთ ნატალია ნაყოფიას ვიდეო, რომელიც მან „ბილბორდ საქართველოსთვის“ ჩაწერა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი რამიშვილი: „მჯერა, „ევროპაკონცერტის” შემდეგ საქართველო უფრო ახლოს იქნება ევროპასთან და ევროპა – საქართველოსთან”

შემდეგი სტატია

ეკატერინე არჩაიას ახდენილი ოცნება – „იმ თეატრში მოვხვდი, რომელსაც მთელი ბავშვობა შევნატროდი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი