Chili Peppers-ის ბასისტი Flea, რომელიც ნიკ ქეივის მსგავსად ავსტრალიის ვიქტორიის შტატშია დაბადებული, Bad Seeds-ის ფრონტმენის 2006 წლის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. მან აღიარა, რომ თავდაპირველად გაბრაზდა, ხოლო ზოგადად, ქეივი მისი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია.
„ნიკ ქეივს რომ ჩემი ჯგუფი არ უყვარს, ამაზე არ ვდარდობ, რადგან მისი მუსიკა ჩემთვის ყველაფერია,“ – თქვა Flea-მ. „ის ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი, ვოკალისტი და მუსიკოსია. ეს წყენა მხოლოდ წამიერად გაგრძელდა, რადგან ჩემი სიყვარული მისი მუსიკისადმი უფრო დიდია, ვიდრე ეს [ამბავი] და თუ მას ჩემი ბენდი სულელურად ეჩვენება, ეს მისაღებია.“
ახლახან კი ნიკ ქეივმა Red Hand Files-ის ვებ-გვერდზე უპასუხა ერთ-ერთ ფანს, რომელიც ამ განცხადების ნამდვილობით დაინტერესდა. მან აღიარა, რომ ეს „იმპულსური და არცთუ ისე კეთილგანწყობილი“ კომენტარი იყო.
„არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონია, ეს უბრალოდ იმდროინდელი ერთ-ერთი უხეში გამონათქვამი იყო, რომლითაც ხალხს ვაღიზიანებდი,“ – განმარტა ნიკ ქეივმა. „მაშინ პროვოკატორი ვიყავი, პრობლემების მაძიებელი, საზოგადოების გაღიზიანება მსიამოვნებდა. შეიძლება, ეს ჩემი თაობის ავსტრალიელი მუსიკოსების საერთო მახასიათებელიც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ეს კომენტარი უკვე საუკუნის მეოთხედია, თან დამყვება.“
ქივმა ასევე გაიხსენა, რომ Flea-ს პასუხი მას მალევე გააგებინეს. ნიკ ქეივის თქმით, მან გააცნობიერა, რომ „Flea სრულიად განსხვავებული, უფრო მაღალი დონის ადამიანი იყო.“ ქეივის თქმით, მას შემდეგ მათ ურთიერთობა გამოასწორეს და წლების განმავლობაში, სხვადასხვა სიტუაციაში, როგორც სცენაზე, ასევე მის მიღმა, საკმაოდ სასიამოვნო შეხვედრები ჰქონდათ.
საუბრის ბოლოს ნიკ ქეივმა აღნიშნა, რომ Flea ამჟამად ახალ ალბომზე მუშაობს და მან თავადაც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში.
„გასულ კვირას Flea-მ მომწერა და მთხოვა, ერთ-ერთ სიმღერაში ვოკალი ჩამეწერა,“ – თქვა მუსიკოსმა. „სიმღერის დასახელებას არ გავამხელ, მაგრამ ეს ერთ-ერთია იმ ნაწარმოებებიდან, რომლებსაც განსაკუთრებული პატივისცემით ვეპყრობი – ალბათ ყველაზე დიდებული ტექსტით, რაც კი ოდესმე დაუწერიათ. სიმღერა იმდენად კარგია, რომ ჩემს თავსაც ვერ მივცემდი უფლებას, მის შესრულებაზე მეფიქრა, რომ არა Flea-ს თხოვნა. ოთხშაბათს სტუდიაში შევედი და ვოკალი ჩავწერე.“