SZA-ს კიდევ ერთი დიდი მიღწევა აქვს: მუსიკოსის ალბომი SOS „ბილბორდის” ჩარტში მაიკლ ჯექსონის Thriller-ს გაუთანაბრდა. თითოეულ ალბომს Billboard 200-ის ტოპ ათეულში 79 კვირა აქვს გატარებული. Luminate-ის ცნობით, ალბომების ჩარტის ტოპ ათეულში მსგავსი ან უკეთესი შედეგი არც ერთ სხვა შავკანიან არტისტს არ ჰქონია.
„ჩემი ალბომი მაიკლ ჯექსონის Thriller-ს გაუთანაბრდა… სიტყვები არ მაქვს,” – თქვა მუსიკოსმა. SZA-ს მენეჯერმა და Top Dawg Entertainment-ის პრეზიდენტმა ტერენს ჰენდერსონმა კი ეს მოვლენა ერთი სიტყვით შეაფასა: „სიგიჟე.”
ალბომმა SOS ტოპ ათეულის 79-ე კვირას 15 მარტით დათარიღებულ ჩარტში მეოთხე ადგილზე გასვლით მიაღწია. Thriller-ს კი 79-ე კვირა 2022 წლის 2 დეკემბერს შეუსრულდა, როცა მისმა 40 წლის იუბილესთან დაკავშირებულმა ხელახალმა გამოცემამ 115-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ცნობისთვის, Billboard 200-ის ტოპ ათეულში ყველაზე მეტი, 173 კვირით „ჩემი მშვენიერი ლედის” ორიგინალი ჩანაწერი ლიდერობს.
გარდა ამისა, ამ კვირას SZA კიდევ ერთ მიღწევას აღნიშნავს: მისი და კენდრიკ ლამარის დუეტი Luther უკვე მესამე კვირაა, რაც Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ლამარისა და SZA-ს ერთობლივი ტურნე 19 აპრილს მინეაპოლისში დაიწყება.