თამამად შეიძლება ითქვას, რომ Imagine Dragons-ის წევრები „მთვარეზე არიან” მათი ახალი ფილმის, Imagine Dragons: Live From the Hollywood Bowl-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის საპრემიერო ჩვენებებიც 26 და 29 მარტს შედგება. რეალურად კი, ბენდის მუსიკა პირდაპირი მნიშვნელობით მთვარეზეა.
5 მარტს Imagine Dragons-ის Children of the Sky, რომელიც ჯგუფმა ინონ ზურთან თანამშრომლობით 2023 წლის ვიდეოთამაშ Starfield-ისთვის შექმნა, „ათენას” მიამაგრეს – ხომალდს, რომელიც კოსმოსურმა სტარტაპმა Lonestar Data Holdings დედამიწიდან მთვარეზე გაგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე უკვე არაერთი მუსიკალური კომპოზიციაა გაგზავნილი, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სიმღერის ტრანსლაცია მთვარიდან უკან, დედამიწაზე უნდა მომხდარიყო.
Imagine Dragons-ის გიტარისტი უეინ სერმონი ჯერ კიდევ ეიფორიაშია იმით, რომ Children of the Sky-მ მშობლიურ პლანეტაზე დაბრუნება მოახერხა. „აქ ვიყავი და მისიას „იუთუბის” ლაივში ვუყურებდი. ძალიან მაინტერესებს კოსმოსური აღმოჩენები და თვალს ვადევნებ ყველაფერს, რასაც „ნასა” აკეთებს. მოხიბლული ვარ ასეთი რაღაცებით და ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი „კი” იყო, რაც კი ოდესმე გვითქვამს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვლენები ცოტა გართულდა, მაგრამ „ათენამ” მაინც მოახერხა რამდენიმე რამის გაკეთება და ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიმღერის ტრანსლირება იყო. ბედნიერები ვართ, რომ ამის ნაწილი ვიყავით. ეს სიგიჟეა.”
სერმონის თქმით, მისთვის კიდევ ერთი არაამქვეყნიური გამოცდილება ფილმის გადაღება იყო. 2024 წლის 27 ოქტომბერს ოთხი შოუდან ბოლო კონცერტი ბენდმა ლოს-ანჯელესის კინოორკესტრთან ერთად დაუკრა, რომელსაც ინონ ზური დირიჟორობდა.
„Hollywood Bowl-ის შოუები ჩვენი ტურნეში ყოფნის დროს დაიგეგმა. უბრალოდ ვგრძნობდით, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. სრულად გავყიდეთ ოთხი შოუ, რაც სიგიჟე იყო და უკვე ჩანდა, რომ ეს განსაკუთრებული გამოცდილება იქნებოდა. ამიტომ ვიფიქრეთ, ხომ არ ვცადოთ და კონცერტი ორკესტრთან ერთად გავაკეთოთ.” ჯგუფმა ზურს სიმღერების გაორკესტრება სთხოვა, რაც საბოლოოდ რამდენიმე კომპოზიციიდან სრულ, 22-სიმღერიან პროგრამაზე გავრცელდა.
„ზურისგან იმეილები არ წყდებოდა, ტექსტით: „გამომიგზავნეთ შემდეგი სიმღერა”. მეორე დღეს კი მოგვდიოდა გაორკესტრებული ვერსია და ახალი „გამომიგზავნეთ შემდეგ სიმღერა”. ეს კი იქამდე გაგრძელდა, სანამ შოუს ყველა სიმღერა არ გააორკესტრა. ეს თავიდან ბოლომდე კოლაბორაცია იყო, რაც, ვფიქრობ, ასეთი შოუსთვის ძალიან იშვიათია.”
კონცერტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სწორედ Children of the Sky-ს შესრულება იყო. „ეს სიმღერა სტუდიაში დაიბადა და ჩვენ იქ არ ვიყავით, როცა ზურმა მისი გაორკესტრება გადაწყვიტა. ჩვენ ჩვენი ნაწილი დავწერეთ, მან – თავისი და შემდეგ დისტანციურად შევაერთეთ. ის ჩვენ ორკესტრთან ერთად ერთ ოთახში არასდროს დაგვიკრავს. ასე რომ, ამ სიმღერის ერთად გაცოცხლება ერთგვარი წრის შემკვრელი მომენტი იყო.”
კინოჩვენებების შემდეგ სერმონი ელოდება, რომ ფილმი საბოლოოდ სტრიმინგ პლატფორმებზეც გამოვა. „ამ ფილმის მთელი არსი არის ის, რომ ადამიანებმა მისი ნახვა შეძლონ. კინოთეატრებში ყურება, განსაკუთრებით 4DX ფორმატით, საოცარი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ის დაისტრიმება.“
Imagine Dragons 4 აპრილს Loom World Tour-ს ჩინეთში განაგრძობს, მაისში კი უკვე ევროპულ ტურნეში გაემგზავრება. ტურნე 25-26 ივლისს ლონდონში დასრულდება, რის შემდეგაც ჯგუფი ახალი ალბომზე მუშაობას დაიწყებს.