მაილი საირუსი გულშემატკივრებისთვის რაღაც განსაკუთრებულს ინახავს. პოპვარსკვლავმა გაზაფხულის ბოლოს ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა, რომელშიც 13 სიმღერაა გაერთიანებული.
24 მარტს მომღერალმა ინსტაგრამზე ალბომის გარეკანი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ალბომი Something Beautiful 30 მაისს Columbia Records-ის მეშვეობით გამოვა. პოპვარსკვლავმა ალბომზე აღმასრულებელ პროდიუსერ შონ ევერეტთან ერთად იმუშავა.
პოსტის აღწერის მიხედვით, Something Beautiful-ის ყდა ხაზგასმით გამოხატავს ალბომის თამამ ესთეტიკასა და ვიზუალურ თხრობას.
მომავალი ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით მაილი საირუსმა ოფიციალური განცხადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა, როდესაც გულშემატკივრებს ახალი ეპოქის დასაწყისზე მიანიშნა.
Something Beautiful მაილი საირუსის 2023 წლის ალბომ Endless Summer Vacation-ის შემდეგ პირველი ალბომია. ამ უკანასკნელმა კი Billboard 200-ის რეიტინგში მე-3 ადგილი დაიკავა. ალბომში ასევე შედის ჰიტი Flowers, რომელიც Billboard Hot 100-ის სათავეში რვა კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა, 2024 წლის Grammy-ის დაჯილდოებაზე კი საირუსმა წლის ჩანაწერისა და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ჯილდო მიიღო, რაც მისთვის Recording Academy-ის პირველი აღიარებაა.
მომღერალმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მომავალი ალბომი Pink Floyd-ის The Wall-ის ინსპირაციითაა შექმნილი, თუმცა მისი თქმით, ეს ალბომი უფრო გლამურული და პოპ-კულტურით გაჯერებული იქნება.
„ეს პროექტი ჩემ გულთან ძალიან ახლოს დგას, ალბომის ვიზუალური კომპონენტი მის ჟღერადობას განსაზღვრავს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თითოეულ სიმღერას ჰქონოდა საამო ჟღერადობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ნგრევას, გულისტკივილს ან სიკვდილს ეხებოდეს, მათი ვიზუალი მაინც ლამაზია, რადგან ცხოვრების ყველა რთულ პერიოდს თავისი სილამაზე ახლავს.“ – აღნიშნა მაილი საირუსმა.
ნახეთ მაილი საირუსის ალბომის Something Beautiful-ის ოფიციალური ანონსი.