KPop Demon Hunters და Sinners 2026 წლის ოქროს გლობუსის მუსიკალური კატეგორიების გამარჯვებულები გახდნენ

Sinners-ის საუნდტრეკმა და სიმღერამ Golden ერთი კვირის წინ იგივე კატეგორიები Critics Choice Awards-ზე მოიგეს.
EJAE ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე
RICH POLK/2026GG/PENSKE MEDIA

სიმღერა Golden ფილმიდან KPop Demon Hunters 2026 წლის ოქროს გლობუსის საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 11 იანვარს ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში შედგა. სიმღერა პირველი ნომინანტია ანიმაციური ფილმიდან, რომელმაც ოქროს გლობუსი მოიგო პრინცის The Song of the Heart-ის შემდეგ (ანიმაციური ფილმი Happy Feet), რომელმაც გამარჯვება 2007 წელს მოიპოვა. 

HUNTR/X-ის Golden-მა რვა კვირა გაატარა Billboard Hot 100-ის ლიდერის პოზიციაზე. ერთადერთი სიმღერა, რომელიც მანამდე Hot 100-ში რვა ან მეტი კვირის განმავლობაში ლიდერობდა და შემდეგ ოქროს გლობუსი მოიგო, You Light Up My Life არის 1977 წლის ამავე სახელწოდების ფილმიდან. ჯოსეფ ბრუკსის ნაწარმოებმა, რომელსაც დები ბუნი ასრულებს, ჩარტის პირველ ადგილზე ათი კვირა გაატარა. 

ჯილდო EJAE-მ და Sonnenblick-მა მიიღეს. EJAE-ს მადლობის სიტყვა ძალიან პერსონალური იყო: „როცა პატარა გოგო ვიყავი, 10 წლის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდი, რათა ჩემი ოცნება ამეხდინა – გავმხდარიყავი K-პოპის ვარსკვლავი. თუმცა მუდმივად უარყოფილი და იმედგაცრუებული ვიყავი,” – თქვა მან. „ჩემი ხმა არ იყო საკმარისად კარგი, ამიტომ სიმღერებსა და მუსიკას ვეყრდნობოდი, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ახლა კი აქ ვარ, როგორც ავტორი და შემსრულებელი. ასე რომ, ეს ჩემი ოცნების ასრულებაა, ვიყო სიმღერის ნაწილი, რომელიც სხვა გოგონებსა და ბიჭებს ეხმარება სირთულეების დაძლევასა და თავიანთი თავის მიღებაში.”

საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული კი ლუდვიგ გორანსონის მუსიკა გახდა ფილმისთვის Sinners. ამ კატეგორიაში ეს შვედი კომპოზიტორის მეორე ჯილდოა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ორი წლის წინ მან გამარჯვება მოიპოვა ფილმისთვის „ოპენჰაიმერი”. გორანსონი პირველი კომპოზიტორია, რომელმაც ეს ნომინაცია სამ წელიწადში ორჯერ მოიგო, ჯასტინ ჰურვიცის შემდეგ (2017 წელს La La Land-ისა და 2019 წელს First Man-ისთვის).

Sinners-ის საუნდტრეკმა და სიმღერამ Golden ერთი კვირის წინ იგივე კატეგორიები Critics Choice Awards-ზე მოიგეს. ორივე ცერემონიაზე გამარჯვების შემდეგ, ისტორიული გამოცდილებით, მათ დიდი შანსი აქვთ, წარმატებას ოსკარზეც მიაღწიონ.

მანამდე, Critics Choice Awards-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებული 11 სიმღერიდან ცხრამ ოსკარიც დაიმსახურა. ხოლო 17 საუნდტრეკიდან, რომელმაც ორივე ცერემონიაზე მოიგო, 12 მათგანი ოსკარის მფლობელი გახდა.

Golden და Sinners-ის საუნდტრეკი ოსკარის „შორტლისტში” არიან. ამ წლის ოსკარის ნომინაციები 22 იანვარს გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია კი 15 მარტს გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ 2026 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

ანდრეა ბოჩელი მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი