Billboard აფრიკის 2026 წლის მარტი/აპრილის გარეკანის ვარსკვლავი: MOLIY

MOLIY
Obakeng Molepe/Red Hot Ops

10 მარტს Billboard აფრიკამ 2026 წლის მარტი/აპრილის ციფრული გარეკანი გამოსცა, რომლის მთავარი გმირიც განელ-ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი MOLIY-ა. 2020 წლის დებიუტის შემდეგ MOLIY აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ხმა გახდა, რომლის მუსიკაც აფროპოპის, R&B-ისა და დენსჰოლის უშიშარი ნაზავია. 

მომღერალი ყურადღების ცენტრში 2020 წელს მოექცა, როცა განელი არტისტის, Amaarae-ს აფროპოპ სიმღერაში SAD GIRLZ LUV MONEY გამოჩნდა. სიმღერის რემიქსმა კი, რომელშიც Kali Uchis მონაწილეობს, მომდევნო წელს Billboard Hot 100-ში მე-80 პოზიცია დაიკავა.

მისი ვირუსულად გავრცელებული 2024 წლის ჰიტი Shake It To The Max მსოფლიო სენსაციად იქცა. სიმღერის რემიქსმა კი არტისტს გლობალური ამომავალი ვარსკვლავის პოზიცია გაუმყარა, რომელმაც ჩარტებში მილიარდ სტრიმს გადააჭარბა.

MOLIY-მ ასევე ისტორია დაწერა, როგორც პირველმა განელმა მუსიკოსმა, რომელიც BET Awards-ზე წარდგა. ხოლო Shake It To The Max – FLY [Remix] წარდგენილი იყო საუკეთესო აფრობიტსისა და ზაფხულის საუკეთესო სიმღერის ნომინაციებში 2025 წლის MTV VMA-ზე. 

ამ აღიარებას მოჰყვა სინგლების სერიის გამოცემა, მათ შორისაა 2025 წლის Backie და დუეტი ტაილასთან Body Go. წარმატებისკენ სვლას კი MOLIY 2026 წელსაც განაგრძობს bees & honey-სთან კოლაბორაციით PARTY GYAL.

„MOLIY-ს უწყვეტი ზრდის ყურება ნამდვილად საოცარი იყო და მიხარია, რომ მისი წარმატების ამ გარეკანზე აღნიშვნა შეგვიძლია,” – ამბობს Billboard აფრიკის მთავარი რედაქტორი ნკოსიატი კუმალო. „ჩარტების ლიდერი სინგლებითა და კოლაბორაციებით MOLIY წარმოაჩენს აფრიკული მუსიკის მდიდარ მრავალფეროვნებას და იმას, თუ როგორ აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, როგორც კონტინენტზე, ასევე მის გარეთ. მან შექმნა არა მხოლოდ ერთგული აუდიტორია, არამედ აქტიური საზოგადოება სოციალურ ქსელში, რაც მაგალითია იმისა, თუ რა ძალა აქვს ავთენტურობისა და მიზანმიმართულობის კომბინაციას. ამ ყველაფერს კი თავისი უნიკალური სტილით აკეთებს, რომელიც დღევანდელ ამომავალ აფრიკელ ვარსკვლავებს წარმოაჩენს – ტალანტებს, რომლებიც ქმნიან თამამად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.”

გარეკანის ინტერვიუში MOLIY იხსენებს, თუ როგორ დაეხმარა სოციალური მედია აუდიტორიის მოკრებაში, კოლაბორაციები – კარიერის ფორმირებაში, ხოლო ჟანრების შერწყმა – კულტურებს შორის კავშირების პოვნაში. ასევე საუბრობს რწმენაზე, რომ ქალებს აფრიკული მუსიკალური სცენის განვითარება შეუძლიათ.

Billboard აფრიკის შესახებ

მისი დაარსებიდან, 1894 წლიდან, ინდუსტრიის ლიდერები და ფანები მთელი მსოფლიოდან „ბილბორდს” უყურებენ, როგორც ყველაზე სანდო მუსიკალურ გამოცემას. მისი ჩარტები, უახლესი ამბები, მრავალპლატფორმიანი ამბის თხრობა და ღონისძიებები მსოფლიო მუსიკის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ასახავს.

დღეს აფრიკის ხმები გლობალურ ჩარტებსა და კულტურას აყალიბებს – ლაგოსიდან ლონდონამდე, აკრადან ატლანდამდე და კიდევ უფრო შორს. 2025 წელს დაარსებული Billboard აფრიკა კი ამ მზარდი გავლენის ერთგვარი სახლი და ხმაა, რომელიც წარმოაჩენს არტისტებს როგორც კონტინენტზე, ასევე აფრიკულ დიასპორას მის ფარგლებს გარეთ. სიღრმისეული გაშუქებით, ლაივ ღონისძიებებითა და ჩარტებით, Billboard აფრიკა თავის ფოკუსში აფრიკელი სუპერვარსკვლავების მომავალ თაობას აქცევს.

წაიკითხეთ MOLIY-ს ციტატები ინტერვიუდან

MOLIY საუბრობს, თუ როგორ დაეხმარა სოციალური ქსელის აუდიტორიის შექმნა Shake It To The Max (FLY”)-ის წარმატებაში:

„ერთი მხრივ, დიდი ხანი იყო, რაც მუსიკა არ მქონდა გამოცემული – თითქმის ორი წელი. ინდუსტრიაში ურთიერთობებს ვამყარებდი და უფრო და უფრო მეტ მხრდაჭერას ვიღებდი. მაგრამ, რასაც ჰქვია, საკუთარი აუდიტორიისა და კომუნის ყოლა, ასეთი რამ მანამდე არ მქონია. 

ასე რომ, იმ პერიოდში დავფიქრდი: ‘ამ ეტაპზე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. უბრალოდ უნდა გავუშვა ზოგიერთი რწმენა და შეზღუდვა და გამოვიყენო ის, რაც ჩემს ხელთაა – სოციალური მედია. შეიძლება ახლა ბიუჯეტი არ მაქვს, შეიძლება რაღაცები მაკლია, მაგრამ ის, რაც არ მაკლია, არის უნარი, ავიღო ტელეფონი და რაღაც შევქმნა.’ და შიში, რომ სოციალურ მედიაში დაგაიგნორებენ ან მხარს არ დაგიჭერენ, როცა ახალ პროექტს უშვებ ან უბრალოდ შენს აზრებს საჯაროდ გამოთქვამ, საშიშად ჩანს. მაგრამ ვთქვი: ‘მე აღარ მივცემ უფლებას ამ ყველაფერს, შემზღუდოს. უბრალოდ ამას გავაკეთებ, რაც არ უნდა მოხდეს და ვიქნები თანმიმდევრული,’ რადგან სოციალურ ქსელში მანამდეც დამიპოსტავს, მაგრამ ასეთი თანმიმდევრული არასდროს ვყოფილვარ. 

ამაში ვგულისხმობ დღეში ხუთჯერ დაპოსტვას, ყოველდღე, გამოტოვების გარეშე. ამას თვეების განმავლობაში ვაკეთებდი, რის შედეგადაც თანდათან აუდიტორია იზრდებოდა. ამან კი თავდაჯერებულობა მომიტანა. და ფაქტი, რომ მე ვიპოვე ონლაინ საზოგადოება, რომელიც გვეხმიანება მე და ჩემს მუსიკას – და ვფიქრობ, ჩემს უცნაურობასაც – ძალიან დიდი შვება იყო. ზუსტი დროის დამთხვევაც და ის, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, სიგიჟეა, არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ, ამავდროულად, ლოგიკურიცაა. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არარეალური იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა და ამდენი ადამიანი ჩაერთვებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა გულწრფელად ერთობოდა.” 

MOLIY თავად აღწერს საკუთარ ჟღერადობას:

„ძალიან იგრძნობა კარიბიული გავლენა.  ვფიქრობ, ენერგიული ტრანსის მუსიკას ვქმნი. ძალიან საცეკვაო მუსიკაა – მუსიკა, რომლის მოსმენაც გინდა ფესტივალებზე, წვეულებებზე და იქ, სადაც კარგი გართობაა. თუ ჟანრის საზღვრებში უნდა მოვაქციო, ეს უფრო აფრო-დენსჰოლი იქნება. როცა ჟღერადობაზე მიდგება საქმე, ვფიქრობ, განა ყოველთვის რეგეტონისა და დენსჰოლის დიდი ფანი იყო. მახსოვს, ბავშვობაში, როცა მეგობრებთან ერთად მანქანით ვმგზავრობდით, სულ Vybz Kartel-ს, Massacre-სა და Popcaan-ს ვუსმენდით. და მაშინ, როცა ამ ადამიანებს პირადად შევხვდი, ამ სიყვარულის უკუკავშირი ვიგრძენი. ეს ერთგვარი დამაგვირგვინებელი მომენტი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა? 

კიდევ ერთ რამ, რაც იქ ყოფნისას ფიზიკურად ვიგრძენი, იყო განასა და იამაიკის მსგავსება. ცხადია, რომ ისინი განსხვავებული კულტურები არიან, ჩვენი აქცენტიც სრულიად განსხვავებულია, ქარიზმაც კი განსხვავებულია, რადგან, ვფიქრობ, რომ იამაიკელები უფრო ცოცხალი და ლაღები არიან, ვიდრე განელები, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის დაკარგულ ბიძაშვილებს შევხვდი. თითქოს ეს მეორე სახლი იყო ჩემთვის. როცა Vybz Kartel ციხიდან გამოვიდა და იამაიკაში თავისუფლების კონცერტი გამართა, მას პროგრამაში ჰყავდა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დენსჰოლის არტისტი შატა უეილი და ეს დაუჯერებელი იყო. მინდა, რომ ასეთი ურთიერთობები შენარჩუნდეს.”

MOLIY აფრიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მყოფი ქალების როლზე საუბრობს:

„იმედი მაქვს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას განვაგრძობთ. იმედი მაქვს, ნაკლები შეჯიბრი და მეტი ‘როგორ დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი’ და ‘როგორ გავაღოთ ერთმანეთისთვის კარები’ იქნება, რადგან აფრიკაშიც კი, ყოველთვის გაიგონებთ სიტყვებს ‘დიდი სამეული’ და ვინ არიან ისინი? – ყველა კაცი. მე კი ვამბობ ხოლმე: ‘გამარჯობა, შეიძლება, უბრალოდ წლევანდელ სტატისტიკას ჩავხედოთ? შეიძლება, უბრალოდ ვნახოთ, ვინ არის რეალურად წარმატებული?’ ეს არ არის შეჯიბრი, მაგრამ ვფიქრობ, ბალანსი საჭიროა. ასე რომ, იმედი მაქვს, უფრო და უფრო მეტი ქალი განაგრძობს ამ საქმეს, რომელიც კიდევ უფრო მეტ კარს გააღებს, მეტ შთაგონებასა და შესაძლებლობებს შექმნის. ვისურვებდი ა-კლასის აფრიკელი ქალების ერთობლივ ტურნეს, საერთო პროექტს, ან თუნდაც ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა არტისტებს დაეხმარება. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და შეიძლება დიდებული რამ გამოვიდეს.”

MOLIY გვიზიარებს, თუ რას უნდა ფიქრობდეს მსოფლიო აფრიკულ მუსიკაზე:

„მგონია, რომ ბევრი აფრიკელი არტისტი უნიკალურია იმით, თუ როგორ ქმნის მუსიკას. ყველა მათგანის აფრობიტსს მიკუთვნება საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაც უფრო ვვითარდებით, უფრო გლობალურები ვხდებით და გლობალურ აუდიტორიებს ვქმნით. ამის უარყოფა შეუძლებელია. 

თქვენ ვერ იტყვით ვინმეზე, ვინც Songbird-ივით მღერის, მაგრამ აფრიკელია, რომ ის აფრობიტსის არტისტია. ტემსიც ამის მშვენიერი მაგალითია  – ის აკეთებს აფრობიტსს, მაგრამ, ამავდროულად, მისი ბევრი ნამუშევარი სავსეა სულიერებით. არ მესმის, რატომ უნდა მიეკუთვნოს ეს ყველაფერი ერთ ჯგუფს. 

თუმცა, რაღაც მხრივ, ეს კარგიც არის, რადგან ერთგვარ რეპუტაციას ქმნის ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე მისი სეგმენტებად დაყოფა უნდა მოხდეს, როგორც დასავლური მუსიკა იყოფა სხვადასხვა ჟანრად. როცა ერთი ქოლგის ქვეშ ხარ დაჯგუფებული, შესაძლებლობები გეზღუდება, მაგრამ თუ ის სხვადასხვა სეგმენტად დაიყოფა, ეს მეტ შესაძლებლობას შექმნის ყველა აფრიკელი არტისტისთვის თითოეულ ჟანრში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჩარლზ ბუკოვსკი და ტომ უეიტსი – პოეზია მუსიკაში და პირიქით

შემდეგი სტატია

ზენდეიამ უიტნი ჰიუსტონისა და ქერი ბრედშოუს სტილი გააცოცხლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“
მეტი

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი