თქვენ ვერავინ მოგიყვებათ თუნდაც ერთ რეალურ ამბავს ტომ უეიტსისა და ჩარლზ ბუკოვსკის არათუ მეგობრობაზე, სულ უბრალო, შემთხვევით შეხვედრაზეც კი. არც ლიტერატურულ ჟურნალებში და არც თუნდაც მოყვითალო მუსიკალურ გამოცემებში მსგავსი არაფერი დაწერილა.
ორივე ლოს-ანჯელესში ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდნენ, დადიოდნენ ერთნაირ, თამბაქოს სუნით გაჟღენთილ, ნახევრად ჩამქრალ ბარებში, ჰყავდათ საერთო ნაცნობები, სვამდნენ, ეწეოდნენ, წერდნენ და მღეროდნენ ამერიკულ ოცნებაზე, რომელიც ნეონის აბრასავით ციმციმებს, ხოლო როცა ღამენათევი ბარის მეპატრონე ბოლო ნათურასაც ჩააქრობს, ქუჩაში გამოდიან აჩრდილები დაძენძილი პერანგით, გახუნებული ფედორათი და გაცვეთილი ტყავის ჩექმებით. გამოდიან მაწანწალა ძაღლები, მეძავები, მარგინალები, ლოთები, უკომპრომისო მეოცნებეები და ხელაღებული თაღლითები. ისინიც სვამენ, ისინიც ეწევიან და ფონად მთელი ღამე ისმის საბეჭდი მანქანის და ფორტეპიანოს ხმა.
ტომ უეიტსს რომ არ ემღერა, ის აუცილებლად ჩარლზ ბუკოვსკი იქნებოდა და პირიქით, ბუკოვსკის ტექსტები თუ უნდა იმღერო, აუცილებლად უეიტსის ჩახლეჩილი ხმით.
სიმღერას არა, მაგრამ ადვილად იპოვნით ჩანაწერებს, სადაც უეიტსი ბუკოვსკის ლექსებს კითხულობს. ერთ-ერთ ინტერვიუში კი მისივე ციტატით ცდილობს, ახსნას, როგორ შეიძლება საკუთარ სახლში დაიკარგო ისე, როგორც უცხო ქალაქის მეგაპოლისში, რომ ადამიანისთვის ტრაგედიად შეიძლება იქცეს არა რაიმე კატასტროფა, მეორე მსოფლიო ომი ან საყვარელი ადამიანის დაკარგვა, არამედ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი შემთხვევის – უდროო დროს ფეხსაცმელის თასმის გაწყვეტის გამო შეიძლება ფსიქიატრიულში მოხვდე.
დღეს თუ ვინმეს მართლა წამლად სჭირდება უეიტსის მუსიკა ან ბუკოვსკის პოეზია, ან ორივე ერთად, ისიც აუცილებლად მათსავით დაღლილია ნეორეალისტური პრიალა კადრებით, ბრჭყვიალა ქაღალდებში შეფუთული ბინძური რეალობით, ფსიქო-ქოუჩების ხუთპუნქტიანი რეცეპტებით ბედნიერ ცხოვრებაზე და ენატრება რაღაც ნამდვილი, მართალი, თუნდაც სასტიკად გულწრფელი, ოღონდ ნუ იქნება ძალით ლამაზი და ფანტასმაგორიული.
“აუდიტორიისთვის კითხვა სიქას მაცლის, სულს მწოვს. ის მადარდებს, რომ მათი გამრთობის როლში ვარ. მოსწონთ, რომ საკუთარი მძღნერის ჭამა მიწევს. მაგრამ რას იზამ, მაგ ფულით შუქის გადასახადს ვიხდი და დოღზე დავდივარ. ეს კი საკმარისი საბაბია პოეზიის საღამოების გასამართად.” – ამბობდა ბუკოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში, თუმცა, ბოლოს საჯარო გამოსვლებსაც შეეშვა, კალიფორნიაში, სან-პედროს ერთ-ერთ პატარა უბანში გადასახლდა და ცხოვრების ბოლო წლები წერაში, კლასიკური მუსიკის სმენასა და სმაში გალია.
ლოს-ანჯელესის ხმაურიანი ქუჩები დატოვა უეიტსმაც. დღეს ის ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სონომას ოლქის ერთ-ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს, პრაქტიკულად აღარ მართავს ტურნეებს და ინტერვიუებსაც იშვიათად იძლევა.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა უეიტსის ხმას კრიტიკოსები ასე აღწერდნენ: „თითქოს ჯერ ბურბონის კასრში დაალბეს, რამდენიმე თვე შესაბოლად დაკიდეს, მერე გარეთ გაიტანეს და მანქანით გადაუარეს.“ ამიტომაც, რამდენჯერაც არ უნდა მოუსმინოთ უეიტსის წაკითხულ Nirvana-ს, რომელიც ბუკოვსკის ეკუთვნის, მაინც ვერასდროს დაიმახსოვრებთ, რომლის ხმაა და რომლის – ტექსტი.
ლექსი კი ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც ავტობუსით ჩრდილოეთ კაროლინაში მიემგზავრება. დიდთოვლობის გამო პატარა კაფესთან ჩერდებიან. კაცი უკვეთავს ყავას და ის ისეთი გემრიელია, როგორც არსად, მიმტანი ქალი ისეთი ლამაზი, როგორც არავინ, ჭურჭლის მრეცხავის ღიმილი ისეთი გულწრფელი, როგორც არასდროს. ახალგაზრდა კაცი ფანჯრიდან თოვას უყურებს და უნდა, სამუდამოდ დარჩეს ამ კაფეში. მერე დგება და სხვა მგზავრებთან ერთად ჯდება ავტობუსში. ავტობუსი მიუყვება თოვლიან უღელტეხილს. მგზავრებიდან ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი თავს იმძინარებს, ზოგი უბრალოდ ლაყბობს, ვერცერთმა ვერ შეამჩინა ის რაღაც ჯადოსნური. ახალგაზრდა კაცი თვალებს ხუჭავს და თავს იმძინარებს. სხვა რა დარჩენია. და უსმენს ავტობუსის ძრავის ხმას და ბორბლების ჭრაჭუნს უსაშველო ბარდნაში.