Suitcase of Memories მუსიკოსისა და მსახიობის, სინდი ლოპერის გამოფენა-აუქციონია, რომელიც ამჟამად მის მშობლიურ ნიუ-იორკში, Bonhams-ში მიმდინარეობს. ეს პროექტი მხოლოდ მოგონებებში მოგზაურობა არ არის.
„მოდის ნივთების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის შთამაგონებელია. ამ [ნივთს] საღებავი მივასხით, ის ქინძისთავებით შევაერთეთ,“ – ეუბნება ლოპერი Billboard-ს მას შემდეგ, რაც პირადად დაათვალიერებინა აუქციონზე გამოტანილი კოლექცია გამოცემასა და რამდენიმე სხვა მედიასაშუალებას.
„ამისთვის შესანიშნავი დროა. ახლა, როცა ასე კორპორატიულები გავხდით, კარგია უკან გახედვა და იმის გახსენება, თუ როგორები ვიყავით. 80-იანების როკ-ენ-როლის მოდას თუ გადახედავთ, ეს ინდივიდუალური გამოხატვის ეპოქა იყო.”
Suitcase of Memories-ს სახელი 1984 წლის Billboard Hot 100-ის სათავეში მოქცეული ჰიტის, Time After Time-ის ტექსტის მიხედვით დაერქვა. ეს მისი სადებიუტო ალბომის – She’s So Unusual-ის ოთხი ტოპ-5 ჰიტიდან ერთ-ერთი იყო. კოლექციაში შეხვდებით ე.წ. DIY ნივთებს – True Colors-ის ქვედაბოლოს, რომელიც ლოპერმა და Screaming Mimi’s-ის მფლობელმა, ლორა უილსმა დახეული გაზეთებისა და ჟურნალებისგან შექმნეს; ასევე Vivienne Westwood-ის სამოსს, მუსიკალური ისტორიის მატარებელ ნივთებს – შოტლანდიურ კუბოკრულ კაბას, რომელიც მან პირველ VMA ცერემონიაზე ჩაიცვა, და საოჯახო ნივთებსაც კი. გარდა ამისა, აუქციონზე წარმოდგენილია ოქროს დისკები, ხმის ჩამწერი პულტები, ფეხსაცმელი, ავეჯი, თოჯინები, ხელნაწერი ტექსტები და აქსესუარების დიდი კოლექცია.
Suitcase of Memories-ის გამოფენა 22 ოქტომბრამდე იქნება ღია, შემდეგ კი ცოცხალი აუქციონი გაიმართება. რაც შეეხება ონლაინ-აუქციონს, ის 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ლოპერისთვის, რომლის ექსტრავაგანტურმა და თვალისმომჭრელმა ვიზუალურმა სტილმა 80-იანების ეპოქა განსაზღვრა, მოდა მხოლოდ ცხოვრების ნაწილი კი არ არის – ის ოჯახის ისტორიაა. „როცა ჩემი ოჯახი ჩამოვიდა, ის მკერავი იყო. ფულს ასე გამოიმუშავებდა,“ – ჰყვება ლოპერი თავის იტალიურ ფესვებზე. „ყველა კერავდა, შეეძლოთ თარგის აღება და მასზე რაღაცის დამატება. შეეძლოთ სხვისგან ნათხოვარი სამოსი აეღოთ, შეეხედათ, ზომები აეღოთ და ისე გადაეკეთებინათ, თითქოს შენთვის იყო შეკერილი. დედაჩემი ისეთი ნიჭიერი იყო, დღემდე აღფრთოვანებული ვარ მისით. ბიძაჩემი Garment District-ში თარგებს ჭრიდა, მოგვიანებით მოთხოვნადი მოდელიორი, შემდეგ კი ქალის პალტოების დიზაინერი გახდა. იძულებული ვიყავი Fashion Industries High School-ში ჩამებარებინა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო. მე კი სიმღერა მინდოდა. ძალიან მინდოდა High School of Music & Art-ში სწავლა.“

რა თქმა უნდა, მუსიკალურმა კარიერამ გაამართლა. ლოპერი Hot 100-ის სათავეში იყო, მოიგო „გრემის“ და „ტონის“ ჯილდოები და 2025 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობისას ლოპერი მოდის ფაკულტეტიდან გარიცხეს, მას შემდეგ მოდის ინდუსტრიაზე მისი გავლენა უდიდესი იყო და მუსიკაში მის როლსაც კი გაუტოლდა. ამიტომ, როცა ის მოდის ინდუსტრიის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს, მისი აზრი გასათვალისწინებელია.
„ეს არის გიგანტური კორპორაციები, რომლებიც ყიდულობენ პატარა, კრეატიულ კომპანიებს, ხოლო თავად შემოქმედ ადამიანებს გარეთ უშვებენ. სცადეთ და ალექსანდრ მაკკუინისნაირი კაცი აიძულეთ წელიწადში 12 შოუ გააკეთოს. იცით, რამხელა შრომას მოითხოვს კოლექციების შექმნა? როცა [კორპორაციები] ადამიანებს ბოლომდე წურავენ, ისინი ან ჭკუიდან ცდებიან, ჯონ გალიანოსავით, ან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ეტანებიან, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ყავა უკვე ვეღარ შველის. აი, სადაა პრობლემა. რატომ უნდა იყოთ ასეთი ხარბები? როცა ყველაფერს ერთფეროვანს ხდი, შემოქმედებითობა ქრება. აი, ეს არის საფრთხე. ჯანდაბას, რამდენი ფული გჭირდებათ? უკვე მილიარდერები ხართ,” – ამბობს ის.
სინდი ლოპერი ასევე ხედავს კორპორატიული მენტალიტეტის დამანგრეველ ეფექტს მუსიკალურ ინდუსტრიაზეც – იმ იდეის მავნე ზეგავლენას, რომ ყოველმა კვარტალმა წინა კვარტალს უნდა გადააჭარბოს. მისი თქმით, ინდუსტრიის ბიზნესში ჩართული აქციონერებიდან არცერთი არ არის შემოქმედი და ამიტომ მათ ხელოვანების არ ესმით. „თუ ადამიანებს გამოწურავ, ყველაფერს დაანგრევ. როცა მაიკლ ჯექსონმა Thriller-ის 35 მილიონი ასლი გაყიდა, მათ ეს ფენომენად კი არ აღიქვეს – მონაცემები მოიტანეს და მომავალი წლის გეგმები დასახეს. რა?! მანქანას ხომ არ აწყობ. ეს მოხდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წელს ასე იქნება. ნუ ხართ ასეთი ხარბები და გაიხედეთ შორს.“
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ლოპერმა ასევე დაინახა, თუ როგორ ჩაახშეს მილიარდერებმა და კორპორაციებმა შემოქმედებითი ცხოვრება მანჰეტენზე. „როცა ყველაფერი ძალიან ძვირდება, ახალგაზრდული უბნები აღარ გრჩება. შედეგად, ქალაქი მოსაწყენი ხდება. ეს ადრე ქალაქი იყო, რომელსაც არასდროს ეძინა. ახლა ასე აღარ არის. ეს კუნძული, რომელიც ასეთი ფანტასტიკური იყო, სამუშაო კუნძულად გადაიქცა და ეს სამწუხაროა.“
მიუხედავად ამისა, მოდის სამყაროში მაინც არიან შემოქმედები, რომლებიც ლოპერს დღემდე შთააგონებენ. „რა თქმა უნდა, კვლავ მიყვარს ვივიენი და მიყვარს ჟან-პოლი,“ – ამბობს ის. „დღემდე მაქვს პალტო, რომელიც მისგან 1985 წელს ვიყიდე და რომელსაც არასდროს, არასდროს შეველევი.“ კიდევ ერთი პირადი ნივთი, რომელიც მან აუქციონზე არ გაიტანა, „Girls Just Want to Have Fun“-ის ვიდეოდან ერთ-ერთი ავეჯი იყო. „ის მე თვითონ მოვხატე, ამიტომ დავიტოვე,” – განმარტა ვარსკვლავმა.
აუქციონი იმადაც ღირდა, რომ რამდენიმე საყვარელ ნივთს საბოლოოდ გამომშვიდობებოდა. „გარკვეული დროის შემდეგ წარსულს მიჯაჭვული აღარ უნდა იყო. ის უნდა გააზიარო.“