გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანია Live Nation საქართველოში შემოდის. ეს თანამშრომლობა ქართული კულტურული და ეკონომიკური სივრცისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რადგანაც კომპანია მსოფლიო მუსიკალური სცენის არაერთ ვარსკვლავთან თანამშრომლობს. როგორც Black Sea Are-ს დირექტორი ტატო ხარჩილავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს უცხოელი არტისტების საქართველოში ჩამოყვანას და მასშტაბური კონცერტების გამართვას გაამარტივებს.
ტატო ხარჩილავა, Black Sea Are-ს დირექტორი:
„2023 წელი ერთგვარი სატესტო პერიოდი იყო, როცა დავინახეთ, რომ საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავის მასპინძლობას თავი კარგად გაართვა. ხარისხიანი და მაღალი სტანდარტების შოუები წარვუდგინეთ მაყურებელს. სწორედ ამ შოუების ფარგლებში ვითანამშრომლებთ Live Nation-თან და კომპანია ქართულ ბაზარზე ახლა უკვე ოფიციალურად შემოდის.”
როგორც ტატო ხარჩილავა ამბობს, Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარებულმა კონცერტებმა აჩვენა, არსებობს დიდი აუდიტორია, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტი მსმენელისაგან და ეს Live Nation-თვის თანამშრომლობის დაწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო.
Live Nation-ის ეგიდით მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 45 000-მდე კონცერტი და 100-ზე მეტი ფესტივალი იმართება. მათ შორისაა მსოფლიო საფესტივალო ინდუსტრიის ისეთი პლატფორმები, როგორებიც არის Mad Cool და Lollapalooza. კომპანია ასევე თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორ არიან Madonna, Jay- Z, Coldplay, The Weeknd და სხვა.
ტატო ხარჩილავა:
„Live Nation-თან ოფიციალური პარტნიორობა არტისტებთან კომუნიკაციას აადვილებს, რადგანაც ავტორიტეტის გამო არსებობს სანდოობა. ამიტომ უფრო მარტივია, რომ საქართველო მსოფლიო ვარსკვლავების საკონცერტო ტურნეებში ერთ-ერთ გაჩერების ადგილად მოინიშნოს. ასევე განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რაც ამ ინდუსტრიაში ქვეყნის ცნობადობას ზრდის. ეს ქვეყნისათვის ეკონომიკური კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.”
2023 წელს Starring Georgian-ს ფარგლებში გამართული შოუები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ქვეყანას მსოფლიო სცენის ის არტისტები ეწვივნენ, რომლებიც დღეს არამხოლოდ მუსიკალურ სფეროს, არამედ მსოფლიო პოპ კულტურას განსაზღვრავენ. ამ სიის მასშტაბების წარმოსადგენად მხოლოდ Imagine Dragons-ის და ბრუნო მარსის დასახელებაც საკმარისია. საინტერესოა, თავად როგორი შთაბეჭდილებით დატოვეს მუსიკოსებმა საქართველო. „Billboard საქართველოს” ამ კითხვას ტატო ხარჩილავა პასუხობს.
„უკუკავშირი კარგი იყო, იმდენად კარგი, რომ მაგალითად Imagine Dragons-მა და ბრუნო მარსმა საქართველოში განმეორებითი კონცერტის ჩატარების სურვილი ღიად გამოთქვეს. ეს ყველაფერი მონდომების, დიდი შრომის და რაც მთავარია, აუდიტორიის ჩართულობის შედეგია, რისთვისაც გვინდა, ჩვენს მსმენელს მადლობა გადავუხადოთ.”