კურტ კობეინის თვითმკვლელობის (1994 წლის აპრილი) შემდეგ ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა კარიერა ცალ-ცალკე განაგრძეს. დრამერი დეივ გროლი და გიტარისტი პეტ სმირი Foo Fighters-ს შეუერთდნენ, ხოლო ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი სოლო კარიერას მიჰყვა. წლების განმავლობაში ფანები შეეგუვნენ ფაქტს, რომ ლეგენდარული ბენდის წევრები სცენაზე აღარასდროს გაერთიანდებოდნენ და ჯგუფის სიმღერებს ცოცხლად აღარ შეასრულებდნენ.
თუმცა ბოლო 20 წელიწადში უკვე არაერთხელ ვიხილეთ გროლის, ნოვოსელიჩისა და სმირის ერთობლივი შესრულება. მათი ბოლო გამოსვლა კი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე შედგა, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად გაიმართა.
წარმოგიდგენთ იმ ღონისძიებების სიას, სადაც Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე კვლავ გაერთიანდა:
12-12-12: კონცერტი ქარიშხალ „სენდის” მიერ დაზარალებულთა მხარდასაჭერად
2012 წელს გროლი, ნოვოსელიჩი და სმირი პოლ მაკარტნის შეუერთდნენ ქარიშხალ „სენდის” მიერ დაზარალებულთა მხარდასაჭერ კონცერტზე, სადაც შედგა დებიუტი მათი ერთობლივად შექმნილი სიმღერისა Cut Me Some Slack, რომელმაც 2014 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა. კობეინის გარდაცვალების შემდეგ ეს სცენაზე ჯგუფის წევრების პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო.
Saturday Night Live
2012 წელსვე მუსიკოსები კიდევ ერთხელ წარდგნენ ერთად Cut Me Some Slack-ის შესასრულებლად, ამჯერად Saturday Night Live-ში, რომლის მუსიკალური სტუმარიც Macca იყო.
McCartney II
Nirvana-ს ტრიო კიდევ ერთხელ გაერთიანდა 2013 წლის ივლისში, როცა მუსიკოსებმა 15 წლის შემდეგ პირველად დაუკრეს მშობლიურ ქალაქში, სიეტლში. ისინი სცენაზე ამჯერადაც პოლ მაკარტნის შეუერთდნენ, რომელიც კონცერტს Out There ტურნეს ფარგლებში მართავდა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლა
როცა 2014 წელს Nirvana როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა, ბენდის ცოცხალმა წევრებმა 4-სიმღერიანი სეტი შეასრულეს ქალ ვოკალისტებთან – ჯოან ჯეტთან, კიმ გორდონთან, St. Vincent-სა და ლორდთან ერთად. შეუძლებელ მისიას, გაემეორებინათ კობეინის ვოკალი და გიტარის ტექნიკა, მათ თავი წარმატებით გაართვეს და შეასრულეს ბენდის კლასიკად ქცეული კომპოზიციები: Smells Like Teen Spirit, Aneurysm, Lithium და All Apologies. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტრიომ Nirvana-ს რეპერტუარი კობეინის გარეშე შეასრულა. ფანებმა კი ამ შემადგენლობას HerVana უწოდეს.
Saint Vitus Club-ის შოუ
როგორც ჩანს, 4-სიმღერიანი გაერთიანება ბენდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ღონისძიების შემდეგ ისინი 350-კაციან Saint Vitus-ის მეტალ კლუბში გაემართნენ, სადაც უკვე 19-სიმღერიანი პროგრამა წარადგინეს, რომელიც ღამის 4 საათამდე გაგრძელდა.
კლაივ დევისის გრემის წვეულება
მუსიკალური ლეგენდის ყოველწლიური გრემის წვეულება მუდამ სავსეა სიურპრიზებით, თუმცა მაინც არავინ ელოდა იმას, რომ სცენაზე გროლი, ნოვოსელიჩი და სმირი გამოჩნდებოდნენ ბეკ ჰანსენთან ერთად. მათ დევიდ ბოუის The Man Who Sold the World შეასრულეს. სიმღერა ჯგუფის 1994 წლის ალბომში, MTV Unplugged in New York-შია შესული.
Concrete and Gold Tour
2018 წლის სექტემბერში, როცა Concrete and Gold ტურნეს ფარგლებში Foo Fighters კონცერტს სიეტლში მართავდა, გროლსა და სმირს ნოვოსელიჩიც შეუერთდა და მათ Vaselines-ის Molly’s Lips დაუკრეს – სიმღერა, რომლის ქავერსაც ჯგუფი ხშირად ასრულებდა წარმატების ზენიტში და რომელიც შევიდა მათ 1992 წლის ალბომში Incesticide. ნოვოსელიჩი Concrete and Gold ტურნეს მანამდე იუჯინში 2017 წელსაც შეუერთდა.
Cal Jam
Nirvana კიდევ ერთხელ გაერთიანდა 2018 წლის როკფესტივალზე Cal Jam, სადაც ლეგენდარულმა ჯგუფმა ჯოან ჯეტსა და ჯონ მაკკოლისთან ერთად შეასრულეს სიმღერები: Smells Like Teen Spirit, Breed, All Apologies, Serve the Servants, Scentless Apprentice და In Bloom.
Art of Elysium
ჯგუფის წევრები ერთობლივად გამოჩნდნენ 2020 წელს Art of Elysium-ის საქველმოქმედო გალაკონცერტზე Heaven is Rock and Roll, სადაც ბეკ ჰანსენსა და St. Vincent-თან ერთად ოთხი სიმღერა შეასრულეს. მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება კი გროლის 13 წლის ქალიშვილმა, ვაიოლეტმა მიიპყრო, რომელმაც ხუთი სიმღერა იმღერა, მათ შორის იყო Heart-Shaped Box.
FireAid
2025 წლის 30 იანვარს კი ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად ვარსკვლავებით დატვირთული ორი კონცერტი გაიმართა. გამომსვლელთა შორის იყო ლეგენდარული ტრიოც, რომელიც მაყურებლის წინაშე ისევ ქალ სოლისტებთან ერთად წარდგა. HerVana კვლავ დაბრუნდა St. Vincent-თან, კიმ გორდონთან, ჯოან ჯეტსა და ვაიოლეტ გროლთან ერთად, რომლის მამაც ამაყად უკრავდა დრამზე ქალიშვილის სიმღერის დროს.