მუსიკალურმა სამყარომ Aerosmith-ის ნანატრი გაერთიანება ვერ მიიღო, თუმცა გულშემატკივრისთვის არანაკლებ სასიხარულო აღმოჩნდა, როცა სცენაზე ჯგუფის სოლისტი სტივენ ტაილერი იხილა.
იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაილერის მეექვსე ყოველწლიურ ღონისძიებაზე Jam for Janie, რომელიც 2 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართა, სცენაზე Aerosmith დაბრუნდებოდა. ჯგუფის სავარაუდო გაერთიანება ბილი აიდოლთან, ჯოან ჯეტთან, ლეინი უილსონთან, ტომ ჰამილტონთან, ლინდა პერისთან, მეტ სორამსა და ნუნო ბეტენკორტთან ერთად მათი პირველი ცოცხალი შოუ იქნებოდა 2023 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა ტაილერმა ხორხი დაიზიანა და ჯგუფს Peace Out ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია. საბოლოოდ ეს შოუები გაუქმდა, 2024 წლის აგვისტოს კი ბენდმა გამოაცხადა, რომ ტურნეებში სიარული დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივარი დიდი აღტაცებით ელოდა Aerosmith-ის ნახვას, მაყურებელი სცენაზე ტაილერის გამოჩენასაც იმავე ემოციებით შეხვდა. მუსიკოსმა ნუნო ბეტენკორტთან ერთად ექვსი სიმღერა შეასრულა: Aerosmith-ის Toys in the Attic, Extreme-ის More Than Words მიკ ფლიტვუდთან ერთად და Dream On ლაინი უილსონთან ერთად. ამის შემდეგ მას სცენაზე ბასისტი ტომ ჰამილტონი და Black Crowes-ის კრის რობინსონი შეუერთდნენ და Sweet Emotion და Walk This Way შეასრულეს. ტაილერმა პროგრამა Led Zeppelin-ის Heartbreaker-ით დაასრულა.
ეს სცენაზე ტაილერის მეორე გამოჩენა იყო მისი ვოკალური პრობლემის შემდეგ. ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა მუსიკოსის დაბრუნებას შესაბამისი გაგრძელება, თუმცა ტომ ჰამილტონმა იანვარში Aerosmith-ის კიდევ ერთხელ გაერთიანების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„სტივენის გამოჯანმრთელების პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერს თავისი ტემპი აქვს. შეიძლება Aerosmith-მა მომავალში რაღაც გააკეთოს, მაგრამ აქ არის დიდი „თუ”. მე კი, უკანასკნელი, რისი გაკეთებაც მინდა, ის არის, რომ სტივენს ეს ყველაფერი დავაძალო. თუ მომავალში რამეს გავაკეთებთ, ეს მისგან წამოსული იქნება.”