პოლ მაკარტნი 70-იან წლებში ბრუნდება ახალი წიგნით, რომლის სახელწოდებაცაა Wings: The Story of a Band on the Run და რომელიც მის Beatles-ის შემდგომ ბენდს, Wings-ს ეძღვნება.
Wings 1971 წელს მაკარტნიმ მას შემდეგ დააარსა, რაც წინა წელს The Beatles დაიშალა. მეუღლესთან, ლინდა მაკარტნისთან, გიტარისტ დენი ლეინსა და დრამერ დენი სეიველთან ერთად, ბენდის კარიერა 1981 წლამდე გაგრძელდა. ამ დროში მათ ჯამში შვიდი სტუდიური ალბომი გამოსცეს, რომელთაგანაც ოთხი მათგანი მიყოლებით გახდა Billboard 200-ის ლიდერი.
„ძალიან ბედნიერი ვარ Wing-ის დროში დაბრუნებით და ამ წიგნის მეშვეობით ჩვენი გიჟური თავგადასავლების გაცოცხლებით ,” – აღნიშნა მაკარტნიმ განცხადებაში. „ნულიდან დავიწყეთ, იყო ბევრი ძალიან რთული მომენტი და ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშაც დამიყენებია ჩემი გადაწყვეტილება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეხზე დავდექით, ვფიქრობდი: ეს მართლაც კარგია.”
წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის შედგენილია Wings-ის ცხრა ალბომის გარშემო, რომლის ნარატივიც იწყება 1971 წლის ალბომიდან Ram და მოიცავს 1976 წლის სამ ლაივ ჩანაწერსაც – Wings over America. მასში აღწერილია არაერთი საკვანძო ამბავი ბენდის ისტორიიდან, მათ შორის ამბები, „თუ როგორ გადაურჩნენ ქურდობას ნიგერიის ქუჩებში, ისტორიები უნივერსიტეტის დარბაზებში მათი დაუანონსებელი გამოსვლებისა და და შვილებთან ერთად დაშლილი ორსართულიანი ავტობუსით ტურნეში მგზავრობის შესახებ.” წიგნში ასევე შედის 150 შავ-თეთრი ფოტო, რომელთაგანაც ბევრი სრულიად უცნობია.
„Wings იყო სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა და შემოქმედებითი ზრდა, ხშირად ძალიან დიდი წინააღმდეგობების პირისპირ, “ – ამბობს ისტორიკოსი და წიგნის რედაქტორი ტედ უიდმერი. „ბედნიერება იყო ბენდის ამ გიჟური თავგადასავლების გაცოცხლება და მათი ზეპირი ისტორიის შედგენა.”
Wings: The Story of a Band on the Run 4 ნოემბერს გამოვა. ის მოსდევს ბენდის ბოლოდროინდელ აქტივობებს, რომელთა შორისაცაა მათი 1973 წლის ალბომის, Band on the Run-ის 50-ე საიუბილეო გამოცემა და ასევე 2024 წელს ლაივ ჩანაწერისა და ფილმის One Hand Clapping გამოსვლა. 21 მარტისთვის კი Wings-ის 1975 წლის ალბომის, Venus and Mars-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემის გამოშვება იგეგმება.