უკვე 13 წელია, კიმ კარდაშიანი „მეტ გალას” ერთ-ერთი მუდმივი სტუმარია. თუმცა, როგორც გამოცემა The Cut-ის ახალ სტატიაში ვკითხულობთ, მანამდე, სანამ 2013 წელს მოდის სამყაროს ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩაზე გავლის შესაძლებლობას მიიღებდა, ის ღონისძიების მკაცრ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. საბოლოოდ კი რეალითი შოუს ვარსკვლავს შანსი ყოფილი მეუღლის, კანიე უესტის წყალობით მიეცა.
სტატიის მიხედვით, 2012 წელს Ye-მ მაშინდელი ახალი შეყვარებულის, კიმ კარდაშიანის ღონისძიებაზე შეყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამის შესახებ ჯონათან ვან მეტერი წერს, რომლის ბიოგრაფიული წიგნის Citizen Kim: The Woman Who Created the Future ნაწყვეტიც The Cut-ში გამოქვეყნდა. წიგნი 27 ოქტომბერს გამოდის. ვან მეტერი იხსენებს, რომ „ვოგის” ოფისში შეხვედრებს ესწრებოდა, როდესაც ჟურნალის ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეტ გალას” ხელმძღვანელი ანა ვინტური კარდაშიანების ხსენებისას „თვალებს ატრიალებდა.”
და მიუხედავად იმისა, რომ კანიე 2013 წლის „მეტ გალას” გამომსვლელად იყო მიწვეული, კარდაშიანი ვინტურისთვის მაინც არასასურველ სტუმრად რჩებოდა და არც ღონისძიების ოფიციალური მოსაწვევი მიუღია. თუმცა ვინტურმა მას რეპერის თანმხლები სტუმრის სტატუსით დასწრების უფლება მისცა. კარდაშიანი კი, რომელიც იმ დროს 8 თვის ორსული იყო წყვილის პირველ შვილზე, ღონისიებაზე ჟივანშის ტანზე მომდგარი, ყვავილებიანი კაბით მივიდა, რომელსაც შესაფერისი ხელთათმანები და ფეხსაცმელები ავსებდა. მისი ჩაცმულობა იმდენად გამორჩეული იყო, რომ, ვან მეტერის თქმით, ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა ისიც კი დაწერა, თითქოს კიმს „დივანივით ჰქონდა ქსოვილი გადაკრული.”
ისევე როგორც მისმა არაერთმა სხვა ნაბიჯმა, კარდაშიანის „მეტ გალაზე” გამოჩენამაც მედიის უზარმაზარი ყურადღება მიიპყრო და ვან მეტერის თანახმად, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ისტორიაში ყველაზე მეტი ხსენება დაუგროვდა. „მაშინ, როცა სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები კაბას მოდის შეცდომად მიიჩნევდნენ და კიმის დაცინვის კიდევ ერთ მიზეზად იყენებდნენ, მოდის სამყაროს ბევრ წარმომადგენელს მისი გაბედულება ხიბლავდა. მან ისეთი სარისკო სამოსი მოირგო, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის შესაძლო, მოძველებულ სტილს თანამედროვე და პროვოკაციულ ინტერპრეტაციას სძენდა“, – წერს ვან მეტერი.
მიუხედავად იმისა, რომ ვინტური თავდაპირველად კარდაშიანს ზემოდან უყურებდა, ვან მეტერის თქმით, იმ წარმოუდგენელი ყურადღების წყალობით, რომელიც მის გამოჩენას მოჰყვა მაშინ, როცა მოდა და მედია მუდმივად იცვლებოდა, ხოლო კიმის სოციალური ქსელების აუდიტორია იქამდე არნახულ მასშტაბებს უახლოვდებოდა, მისი ღონისძიებაზე ყოველწლიურად მოწვევა უკვე ბუნებრივი გადაწყვეტილება გახდა.
„მოდის სამყარომ ის მანამდე არ მიიღო, სანამ „მეტ გალაზე” კანიესთან ერთად არ მივიდა. კანიემ ანა ვინტურს დაურეკა. ეს მთლიანად მისი დამსახურება იყო, რადგან მან დაინახა კიმში ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ,” – ამბობს კარდაშიანის მეგობარი ტრეისი რომულუსი. „მას კიმის სჯეროდა. ხედავდა მის სილამაზესა და ელეგანტურობას… ის ამბობდა: ‘არა, ის უბრალოდ რეალითი შოუს ვარსკვლავი არ არის. ის ლამაზი, საოცარი და აქტუალურია. ყველა დიზაინერი უნდა აცვამდეს მას.’ მან კიმისთვის ამ ღონისძიებაზე ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლა“.
კანიე და კიმ კარდაშიანი 2014 წელს დაქორწინდნენ და 2022 წელს განქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. „მეტ გალაზე” კიმის დებიუტის შემდეგ ღონისძიებას უკვე მისი დები და დედაც ესწრებოდნენ.