DillaNext-მა და PINO-მ (ზურა ღავთაძე) ახალი ერთობლივი ნამუშევარი, სახელწოდებით IRAO DANCE გამოაქვეყნეს. კომპოზიცია პროდიუსერ eth3rnet-ის მონაწილეობით შეიქმნა და Songs for Warriors სერიის ნაწილია. ავტორების განმარტებით, სიმღერის მთავარი მიზანი ადამიანების გამხნევება და მებრძოლი სულისკვეთების გაღვივებაა.
ახალი ტრეკი საინტერესო მუსიკალური და ვიზუალური სინთეზით გამოირჩევა. კომპოზიციაში ილიკო სუხიშვილის ოფიციალური ნებართვით გამოყენებულია „სუხიშვილების“ ცნობილი ცეკვის – „ზეკარის“ მუსიკალური ლუპი, ხოლო სიმღერის ინტროში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ხმა ისმის.
„ამ ტრეკით ჩვენი მიზანია, გავამხნევოთ ყველა, ვისაც ეს სჭირდება. სიმღერის იდეა შემოდგომის დასაწყისში გამიჩნდა, მაგრამ ეგრე დარჩებოდა, რომ არა ზურა ღავთაძისა (@zura_ghavtadze) და eth3rnet-ის მონდომება და შრომა. უღრმესი მადლობა ილიკო სუხიშვილს, რომლის ნებართვითაც ტრეკში „ზეკარის“ ლუპი გამოვიყენეთ“ – აღნიშნულია ინსტაგრამზე სიმღერის აღწერაში.
IRAO DANCE-ის ვიზუალური მხარეც ქართული კულტურული მემკვიდრეობის გარშემო შეიქმნა. სიმღერის სრული ლირიკული ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ანიმაციური ნამუშევრების ფრაგმენტები, მათ შორის „მტრობა“, „ლურჯა“, „საიდუმლო“, „ისევ გველეშაპსა და მზეჭაბუკზე“, „ვაშლის ხე“, „საზამთრო“, „ველურები“, „ცისარტყელა“, „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ და „ბალადა მომღერალზე“.
კომპოზიციის მთავარი მესიჯი კონფუცის ცნობილ გამონათქვამს ეფუძნება: Never give a sword to a man who can’t dance (არასოდეს მისცე ხმალი ადამიანს, რომელსაც ცეკვა არ შეუძლია).
ტრეკი IRAO DANCE ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მოუსმინეთ DillaNext-ისა და PINO-ს ახალ სიმღერას – IRAO DANCE