„ჰარაკი“ – ეს არის ექსპერიმენტული თეატრალური კომპანია, სადაც სახელოვნებო სივრცე, თეატრალურ წრეში განსაკუთრებულ ხელწერას, განსხვავებული ენას და თანამედროვე მიდგომებს ქმნის, სადაც ხელოვნება გულწრფელ, მარტივ ჭეშმარიტებაზე გველაპარაკება.
სწორედ აქ, Kordz-ის იგივე ალექსანდრე კორძაიას, რეჟისორ სანდრო კალანდაძის, „ჰარაკის“ შემოქმედებითი გუნდის და ჰოლანდიური ანსამბლ Kluster5-ის მონაწილეობით ბავშვობის მოგონებები გაცოცხლდება. 1990-იანი წლების წარმოსახვითი რეალობა და სოციალური თუ ყოფითი ცხოვრების ბავშვური თვალით სამყაროსადმი მიდგომა, თავს ერთ სპექტაკლში მოიყრის. წარმოდგენის „ბრუნტეტი – დაბრუნება“ – პრემიერა 5 თებერვალს გაიმართება.
„ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის Kluster5 დავწერე ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებული იყო ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ჩემი ბავშვობის აუდიო-ჩანაწერების კასეტაზე. კასეტაზე ჩემი 45 წუთიანი ინტერვიუა ჩაწერილი.
საქართველოშიც გვინდოდა ამ ნაწარმოების დაკვრა და გაჩნდა იდეა, რადგან აუდიო-ჩანაწერებში იმ პერიოდის ბავშვური ფანტაზიის სამყაროს შესახებ ხდებოდა თხრობა, კარგი იქნებოდა ამ ყველაფერს ვიზუალიც ჰქონოდა. ამ ვიზუალიზაციის განხორციელების საუკეთესო ასახვა კი, თეატრს ყველაზე კარგად შეუძლია. ამიტომ, დავუკავშირდით სანდრო კალანდაძეს თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ თანადამფუძნებელს, რეჟისორს და დავიწყეთ ამ სპექტაკლზე მუშაობა. მუსიკის ნაწილი ლაივში სრულდება, ჩამოდის ჰოლანდიური ანსამბლი და მათთან ერთად ვუკრავ. მეც სცენაზე ვარ, სპექტაკლში გამოყენებულია ყველანაირი მედიუმი, ეს იქნება კოსტიუმირებული, ვიდეო-აუდიო მასალით და ექსპერიმენტული მუსიკით გაჯერებული მულტიმედია პროექტი. ერთი სიტყვით, ეს არის დღევანდელობაში გადმოტანილი ბრუნტეტი, რომელიც ჩემი ბავშვური ფანტაზიის სამყარო იყო.“ – მუსიკოსი – ალექსანდრე კორძაია (Kordz).
„თითქოს 90-იანი წლების პერიოდზე ბევრჯერ მომხდარა რეფლექსია, თუმცა ბავშვის თვალიდან დანახული არასოდეს ყოფილა. ამ ჩანაწერებიდან ბავშვის დანახული რეალობა რაღაცნაირად ფანტაზიაშია გარდაქმნილი და ეს ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო ხედვაა. თავად პროცესიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ როგორც ალექსისთვის, ჩემთვისაც პირველია ის, რომ ის თეატრალურ პროცესში ჩაება, მე მუსიკალურ პროცესში. მუსიკა გვკარნახობს მიზანსცენას და თან ჩემი მხრიდან, რახან ალექსის ბავშვობაზეა სპექტაკლი და მისი ბავშვობის გავლით ყველას ბავშვობაზე და ჩვენ საერთო კოლექტიურ მეხსიერებაზე, ვცდილობ გულწრფელი დავრჩე ამ ჩანაწერების მიმართ.
სპექტაკლს ჰქვია „ბრუნტეტი – დაბრუნება“, სამყარო რომელიც ბავშვობაში ალექსს ჰქონდა შექმნილი, ფანტაზია-ნარევი რეალობა იყო და ქვეყანას რომელზეც ის ჰყვება ბრუნტეტი ერქვა.“ – სანდრო კალანდაძე – რეჟისორი.
სპექტაკლის დამუშავების პროცესში შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთგვარი კვლევაც ჩაატარა, სადაც ინტერვიუებზე დაყრდნობით მეხსიერებიდან გარკვეული დეტალები ამოტივტივდა.
„გავარკვიეთ, როდის წავედი საქართველოდან, რას აკეთებდნენ დედაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი დიდი ბებია და ჩემთვისაც ეს ისტორიები პერსონალურ აღმოჩენებად იქცა.“ – Kordz – მუსიკოსი.
„თან რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ბევრი ემიგრაციაში წასული და მერე დაბრუნებული ადამიანია ამ პროექტში ჩართული. ქვეყნიდან თითქმის 30%-ია გასული. საინტერესოა ის, რომ როცა ჩამოდიხარ და ბრუნდები, ყველა გეკითხება, რატომ დაბრუნდი? საინტერესო კითხვაა და მთელი სპექტაკლი თითქოს ამ პასუხების ერთგვარი ძიებაა“. – სანდრო კალანდაძე – რეჟისორი.
ცოცხალი მუსიკით და წარსულის 90-იანი წლების ფრაგმენტებით გაჯერებული აუდიო მეხსიერების ბგერები თანამედროვე რეალობაში მუსიკალურ სპექტაკლად იქცა.
კორძის და „ჰარაკის“ ერთობლივი ნამუშევრის ნახვა მაყურებელს თეატრალური კომპანიის „ჰარაკის“ სცენაზე 5 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით შეეძლება. დაინტერესებულ პირებს კი სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა SILK Factory Studio-ში -11 თებერვალსაც ექნებათ.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი და იდეის განმახორციელებელია Stockton. ეს Stockton-ის და Kordz-ის მეორე საერთაშორისო პროექტია, Kordz x Sakamoto-ს შემდეგ. პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები არიან: შვეიცარიული სახელოვნებო ფონდი Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, Mastercard, Lexus და თბილისის მერია.