SZA ბილბორდის წლის ქალად დასახელდა. სტატუსი მომღერალს ოფიციალურად დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცემა, რომელიც პირველ მარტს ლოს ანჯელესში შედგება.
„2017 წლიდან, როცა SZA სცენაზე გამოჩნდა, ის განუწყვეტლივ გამოსცემს გულწრფელ და ძლიერ სიმღერებს, რომლებმაც მისი მუსიკა ბილბორდის ჩარტებში შეიყვანა” – ამბობს ბილბორდის რედაქტორი ჰანა კარპი. „ბოლო ალბომის SOS-ის გამოშვებამ მას სუპერვარსკვლავობა მოუტანა და წარმოაჩინა, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშე თანამედროვე R&B-ში. ერთი სული გვაქვს, მას წლის ქალის ჯილდო გადავცეთ.”
2017 წელს SZA-მ სადებიუტო ალბომი Ctrl წარადგინა, რომელმაც ბილბორდის R&B ალბომებში პირველი, ხოლო 200 ალბომის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.
5 წლის შემდეგ Doja Cat-თან ერთად შესრულებული სიმღერისთვის Kiss Me More SZA-მ საუკეთესო პოპ დუეტი/ჯგუფური შესრულებისთვის გრემი დაიმსახურა.
დეკემბერში 33 წლის მომღერალმა გამოსცა ალბომი SOS, რომელიც მაშინვე ბილბორდის 200 ალბომის პირველ ადგილზე მოხვდა. წელს კი SZA 2023 წლის პირველი ტურნესთვის ემზადება, რომელიც 21 თებერვალს ოჰაიოში დაიწყება.
Რაც შეეხება წლის ქალის წოდებას, SZA-მდე ამ სტატუსის მფლობელები გახდნენ ოლივია როდრიგო (2022) ქარდი ბი (2020) ბილი აილიში (2019) არიანა გრანდე (2018) სელენა გომესი (2017) მადონა (2016) ლედი გაგა (2015) ტეილორ სვიფტი (2014).
ღონისძიებაზე, რომლის წამყვანიც კუინტა ბრუნსონი იქნება, მუსიკალური ინდუსტრიის ტოპ ქალი არტისტები და პროდიუსერები გამოვლინდებიან. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდებიან კიმ პეტრასი და ლანა დელ რეიც.