„როდესაც მუსიკას ვაზიარებთ, ის მხოლოდ ჩვენ აღარ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ ნატალია ნაყოფიასთან

„არტისტისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ შემოქმედებისადმი შენი რწმენა სხვასაც დაანახო და ეს რწმენა მასშიც გააღვიძო“.

ქართულ მუსიკალურ სცენაზე პერიოდულად ჩნდებიან არტისტები, რომლებიც საკუთარი პერსონალური და შემოქმედებითი იდენტობის დამკვიდრებას განსხვავებული ხელწერით ცდილობენ. ნატალია ნაყოფია ერთ-ერთი ის ახალი არტისტია, რომელმაც მსმენელს მელოდიური, მუსიკალურად ჟღერადი კომპოზიციებით და მაღალი ხარისხის კლიპებით დაამახსოვრა თავი. ნატალია ნაყოფია ავტორ-შემსრულებელია, რომლის სიმღერებში აქცენტი მელოდიურობაზეა, ტექსტები კი შინაარსითა და სიტყვების კომბინაციით პირველი მოსმენისთანავე გამახსოვრდება. 

ამჯერად შევეცდებით, ნატალია „BIllboard საქართველოს“ მკითხველს უკეთ გავაცნოთ. ნატალიამ ჩვენთან  ინტერვიუში თავის შემოქმედებაზე, სამუშაო პროცესზე და საკუთარი თავის, როგორც არტისტის აღქმაზე ისაუბრა. 

ნატალიას კავშირი მუსიკასთან ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. როგორც არტისტმა  ჩვენთან საუბრისას  აღნიშნა, მუსიკა მისთვის პირველი ნაბიჯი, პირველი ბგერა, საკუთარი თავის გამოხატვისა და სამყაროსთან კონტაქტის პირველი საშუალება იყო. სამომავლო გეგმებს და პროფესიასაც ყოველთვის მუსიკას უკავშირებდა, ამიტომ განათლების მიღებაც ამ მიმართულებით გადაწყვიტა. 

ნატალია ნაყოფია:

ჩემი თავი მუსიკის გარეშე ვერასდროს წარმომედგინა. ბავშვობიდან ვწერდი სიმღერებს. მუსიკა ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის ფორმაა. Მუსიკალურად ჩემთან ყველაზე ახლოს R&B/პოპი და Neo-soul ჟანრებია. ზოგადად პოპი ჩემთის პოპ კულტურაა – ის, რაც დღეს აქტუალურია. ის ექსპერიმენტის საშუალებას გაძლევს. გარდა ამისა, პოპს მჭიდრო კავშირი აქვს თანამედროვე კულტურასთან, ტრენდებთან, მე კი ადაპტაცია მიყვარს. 2014 წელს „ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში“ საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით ჩავაბარე. ამერიკაში ყოფნის პერიოდმა მრავალმხრივად განვითარების შესაძლებლობა მომცა.  Ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებამ ჩემზე  დიდი გავლენაც მოახდინა და ეს, ვფიქრობ, შემოქმედებაზეც აისახა. რაც შეეხება „ბერკლის მუსიკალურ კოლეჯს“, იქ პოპი ნაკლებად აქტუალურია და დომინირებს ისეთი ჟანრები როგორიცაა: ჯაზი, ჯაზ-ფიუჟენი, R&B და Neo-soul.  სწავლისას უდიდესი მუსიკალური განათლება და გამოცდილება მივიღე – მსოფლიო მუსიკას ვეზიარე, მრავალფეროვანი მუსიკალური ლექსიკონი შევიძინე და შთაგონების საზღვრები გავიფართოვე“.

ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ნატალია მუსიკალურ ინდუსტრიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ჩანდა. როგორც თავად ამბობს, ბევრი ისეთი წინააღმდეგობა და იმედგაცრუება შეხვდა, რამაც დროებით საყვარელ საქმესთან დააშორა. არტისტის თქმით, მისი პერფექციონისტული ხასიათი ყველა დეტალის მიმართ ყურადღებას და ხარისხის უპირველეს პრიორიტეტად განსაზღვრას განაპირობებს.

იმისათვის, რომ ხარისხიანი მუსიკა შექმნა და საბოლოო შედეგი მსმენელამდე სრულყოფილი სახით მიიტანო, დიდი  ძალისხმევაა საჭირო. იყო მუსიკოსი – ეს  პროფესიაა, რომელიც უდიდეს დროს, შემოქმედებით და ადამიანურ რესურსს, ასევე ნებისყოფას მოითხოვს. მუსიკოსს თუ სურს, რომ ამ ინდუსტრიაში ადგილი დაიმკვიდროს, ლოიალური მსმენელი შეიძინოს და დიდ მიზნებს მიაღწიოს, ბევრი უნდა იშრომოს. არტისტისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ  შემოქმედებისადმი შენი რწმენა სხვასაც დაანახო და ეს რწმენა მასშიც გააღვიძო. Ზოგი მუსიკოსისაგან მსმენია, რომ მუსიკას მხოლოდ საკუთარი თავისთვის ქმნის – მე ამას არ ვეთანხმები. როდესაც მუსიკას ვაზიარებთ, ის მხოლოდ ჩვენ აღარ გვეკუთვნის“  – ნატალია ნაყოფია.

ნატალია ნაყოფია

თანამედროვე პოპ კულტურაში მუსიკალური ინდუსტრიის საზღვრები იმდენად გაფართოვდა, რომ ის ხელოვნების სხვადასხვა ფორმასთან, მათ შორის ვიზუალურ ხელოვნებასთან, კიდევ უფრო დაახლოვდა. სოციალური მედიის ეპოქა არტისტებს რამდენადაც თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს, იმდენად დიდ მოთხოვნებს უყენებს. იმისათვის, რომ მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვოს და თავისი ნამუშევრები დიდ აუდიტორიას გააცნოს, შემოქმედებასთან ერთად, საკუთარი პერსონისაგან ერთგვარი ბრენდიც უნდა შექმნას. როგორც ნატალია ამბობს, თავისი თავის პრეზენტაციისას სურს, სრულიად გულწრფელი იყოს და ინდივიდუალური ხასიათი მაქსიმალურად გამოავლინოს. 

როგორც არტისტს, მირჩევნია მთელი დღე სტუდიაში ვიყო, ვიმუშაო, შემოქმედებითად დავიტვირთო და მარკეტინგულ  დეტალებზე არ ვიფიქრო, რადგან ამას დიდი ენერგია მიაქვს და როგორც ხელოვანს, შთაგონებას მართმევს. თუმცა თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით, მარკეტინგული მიმართულებით ფიქრი მაინც მიწევს. Თუმცა ჩემთვის უპირველეზი ამოცანაა, ავთენტური და გულწრფელი ვიყო“ – ნატალია ნაყოფია.

ნატალია ნაყოფიას მუსიკალური შემოქმედება ხარისხიანი ვიზუალური ნამუშევრებით გამოირჩევა. საუბარია კლიპებზე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ამავდროულად არტისტისათვის დამახასიათებელ ხელწერას ინარჩუნებს. ნატალიას დებიუტი 2022 წლის დასაწყისში სწორედ მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაციით შედგა. კლიპი, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე  „ცისფერი აბი“, სოციალურ მედიაში პრემიერისთანავე  გავრცელდა. 

სიმღერა “ცისფერი აბი“ ბევრი მიმართულებით აღმოჩნდა ის ნამუშევარი, რამაც აუდიტორიის დიდი ყურადღება მიიქცია. გარდა კლიპისა, ტექსტიც ერთგვარად ინტრიგის შემცველი აღმოჩნდა, რადგან მასში სატირული ელემენტები და მოულოდნელი გზავნილებია. ზოგადად მიყვარს სატირა და ეს ჩემს ტექსტებში ბუნებრივად აისახება. ყველამ სხვადასხვაგვარად მიიღო სიმღერის შინაარსი, თუმცა ის რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე არ არის. სინამდვილეში „ცისფერი აბი“ იმ უმოქმედობას და პასიურობას ეხება, რომელიც ადამიანების გარკვეულ ნაწილს ახასიათებს.გარკვეული პროტესტი გამიჩნდა მათ მიმართ, ვინც ნიჰილისტურად ეკიდება მის გარშემო არსებულ მოვლენებს და სწორედ ამ პროტესტის გამოხატვა იყო ეს სიმღერა.“ – ამბობს ნატალია ნაყოფია თავის სადებიუტო სინგლზე და მასზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოზე საუბრისას. 

24 მარტს, MONO HALL-ში ნატალია ნაყოფიას სადებიუტო კონცერტი გაიმართება. საღამოზე მისული მსმენელი არტისტის საავტორო კომპოზიციებს – ნაცნობ ჰიტებს და ახალ სიმღერებს  ცოცხლად მოისმენს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მუსიკალურ საღამოსა და კონცერტზე მიმიღია მონაწილეობა, სოლო კონცერტი სრულიად სხვა გამოცდილებაა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. სცენაზე  წარვდგები ბენდთან ერთად, რომელიც გამორჩეული მუსიკოსებისა და საკუთარი საქმის პროფესიონალებისაგან შედგება. მოხარული ვარ, რომ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ასეთი ადამიანები მიდგანან გვერდში – მე ამ ბენდის შეკრებით არამხოლოდ კარგ ხელოვანებთან, არამედ უზომოდ კარგ ადამიანებთანაც გადავიკვეთე. კონცერტზე მსმენელი ჩემთან ერთად სცენაზე იხილავს გუჯა მჭედლიშვილს გიტარაზე, სოსო კაპანაძეს კლავიშზე,  გიო კაპანაძეს დრამზე, ბასზე მერცია ქუთათელაძეს, რომელიც რამდენიმე სიმღერაში ბექ ვოკალსაც შეასრულებს. ბექვოკალისტებად ასევე წარდგებიან თეკლა წვერიკმაზაშვილი და ნინი ასილიანი.  სამუშაო პროცესი საკმაოდ დამღლელი, თუმცა ამავე დროს, უზომოდ ღირებულია. მსმენელთან მოახლოებული შეხვედრის გამო ძალიან აღელვებული ვარ. კონცერტი ის შემთხვევაა, როცა ზუსტად არასდროს იცი  როგორ ჩაივლის,  აუდიტორიასთან როგორი ინტერაქცია გექნება. ეს გარემოებები ადრენალინს იწვევს და განსაკუთრებული მუხტით მავსებს.“ –  ნატალა ნაყოფია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ევროვიზიის“ გამარჯვებული Kalush Orchestra უკრაინისათვის თანხის შესაგროვებლად შეერთებულ შტატებში ტურნეს იწყებს

შემდეგი სტატია

FKA Twigs - Calvin Klein-ის კამპანიაში

FKA Twigs-ის გამოუქვეყნებელი სიმღერა 2023 წლის Calvin Klein-ის გაზაფხულის კამპანიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ის და ნოელი საერთო ინტერვიუების ჩაწერას არ აპირებენ, რადგან არ სურთ, პირადულ კითხვებს უპასუხონ

Oasis 2009 წელს დაიშალა. ცოტა ხნის წინ კი 2025 წლის ტურნეთი დაბრუნების შესახებ განაცხადა.
მეტი

პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

სამეფო წყვილი ტრაგედიას სოციალურ მედიაშიც გამოეხმაურა.
მეტი

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი