„ევროვიზიის“ გამარჯვებული Kalush Orchestra უკრაინისათვის თანხის შესაგროვებლად შეერთებულ შტატებში ტურნეს იწყებს

უკრაინული ჯგუფი შეერთებულ შტატებში 5 ქალაქს ეწვევა. Kalush Orchestra პირველ კონცერტს 16 მარტს გამართავს.

Kalush Orchestra უკრაინული მუსიკალური კოლექტივია, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება 2022 წლის „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე“ მიიპყრო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ახლახან Kalush Orchestra-მ ჩრდილოეთ ამერიკის საკონცერტო ტურნე დააანონსა. კონცერტების სერია 16 მარტიდან დაიწყება. 

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე“, რომელიც გასულ წელს იტალიაში, ტურინში გაიმართა, ჯგუფმა სიმღერა Stefania შეასრულა და გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. მუსიკალურმა პროექტმა ხალხის ხმებით 438 ქულა მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

კონკურსის შემდეგ Kalush Orchestra-მ 18 მუსიკალური შოუ გამართა, მათ შორის პოლონეთში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ჩატარებული კონცერტები იყო. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი აუდიტორიის წინაშე გაერთიანებულ სამეფოში, Glastonbury Festival-ის ფარგლებშიც წარდგა. ამავე პერიოდში Kalush Orchestra-მ კონცერტები ჩრდილოეთ ამერიკის 13 ქალაქში გამართა. მუსიკალური შოუებიდან შემოსული თანხები ჯგუფმა თავისი ქვეყნის დასახმარებლად გაიღო და უკრაინის შეიარაღებული ძალების ფონდს შესწირა. მუსიკალურმა კოლექტივმა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების აღსანიშნავად მიღებული მიკროფონის ფორმის ჯილდოც გაყიდა. მყიდველმა მასში 900 ათასი დოლარი გადაიხადა. მიღებული თანხა ჯგუფმა ასევე უკრაინის სამხედრო ძალების ფონდში გადარიცხა. საერთო ჯამში Kalush Orchestra-მ თავისი ქვეყნისათვის 1,6 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლო.

ამჟამად Kalush Orchestra ამერიკის ხუთ სხვადასხვა ქალაქში წარდგება. ეს ტურნე ჯგუფისათვის „ევროვიზიის“ გამარჯვებულის სტატუსიდან, მსოფლიო პოპულარობის მოპოვებისაკენ მიმავალი გზაა. 

დაგეგმილი ტურნეს წინ ამერიკულმა Billboard-მა Kalush Orchestra-ს დამფუძნებელთან და წამყვან შემსრულებელთან, ოლეჰ ფსიუკთან ინტერვიუ ჩაწერა:

როგორ გაჩნდა ამ ტურნეს იდეა?

ოსტინში ერთ-ერთი დიდი ფესტივალის შოუქეისზე მიგვიწვიეს. გავაცნობიერეთ, რომ ეს დიდი შესაძლებლობაა და გადავწყვიტეთ, ჩვენი კრეატიული შესაძლებლობები და შემოქმედება წარგვედგინა. აქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამის  შემდეგ, შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქს ვეწვეოდით და კონცერტებს გავმართავდით. იმ ქალაქებში სტუმრობა დავგეგმეთ, სადაც ადრე არ ვყოფილვართ. ასე გაჩნდა საკონცერტო ტურნეს იდეა – ჩვენი პირველი ტურიდან სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ.  

როგორი შთაბეჭდილებები დაგრჩათ პირველი ტურნედან და ამჯერად როგორი გინდათ იყოს ეს საკონცერტო სერია?

წინა ტურნეს ფარგლებში 18 კონცერტი ჩატარდა. შოუები ყოველდღიურად იმართებოდა და სამწუხაროდ დროს მხოლოდ აეროპორტებსა და უშუალოდ საკონცერტო ვენიუებზე ვატარებდით. თუმცა მაინც გამოვნახეთ რაღაც დრო, რომ მზიანი ლოს ანჯელესი გვენახა. ეს ჩემი საყვარელი ადგილია, რადგან ყოველთვის აქ მოღვაწე არტისტებს ვუსმენდი. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მეტი დრო გვექნება, რომ შეერთებული შტატები უფრო  კარგად დავათვალიეროთ. 

არნოლდ შვარცენეგერს შეხვდით – ის თქვენს კლიპში, სახელწოდებით  Generous Evening გამოჩნდა და უკრაინულად ისაუბრა. გაქვთ რაიმე გეგმა, რომ  ამჯერადაც რომელიმე ცნობილ ვარსკვლავს, ან პოლიტიკოსს შეხვდეთ?

ამჟამად არაფერი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, რაიმე კონკრეტული გეგმა მაშინაც არ გვქონია. არნოლდს პირველად შეხვედრის დღეს მივწერეთ და გაგვიმართლა, რომ გადავიკვეთეთ. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც გვექნება შესაძლებლობა, რომელიმე ცნობილ ადამიანს დავეკონტაქტოთ და შევხვდეთ.

შეერთებულ შტატებში „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი“ არც იმდენად ცნობილია, თუმცა უილ ფერელის ფილმმა (Eurovision Song Contest: The Story of Fire Saga) ამ პროექტის შესახებ ცნობადობა გაზარდა. Პირველ ჯერზე, ამერიკულმა აუდიტორიამ როგორ მიგიღოთ?

ჩვენი აუდიტორიის უმეტესი ნაწილი ისევ და ისევ უკრაინელები იყვნენ – ის უკრაინელები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. თუმცა მათ გარდა სხვა ხალხიც იყო მოსული. აუდიტორიას შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან „ევროვიზიის სიმღერის კონკურსი“, ან უბრალოდ ჩვენი კონცერტის ბილბორდი ნახეს და გადაწყვიტეს, შოუს დასწრებოდნენ. მათ აინტერესებდათ ვინ ვართ. კონცერტის  შემდეგ მსმენელები ჩვენთან მოდიოდნენ, რადგან მათ მოსმენილი მართლაც მოეწონათ. 

რა  მიზნები გაქვთ, როგორც უშუალოდ ბენდთან მიმართებით, ასევე უკრაინასთან დაკავშირებით?

პირველ რიგში გვინდა, ჯგუფის მუსიკალური შემოქმედება წარვადგინოთ, რათა ჩვენ შესახებ იცოდნენ, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. ჩვენი კომპოზიციები რომელ ქალაქშიც არ უნდა შევასრულოთ, გვსურს, ხალხს უკრაინული კულტურა გავუზიაროთ, რათა ის ყველგან კარგად იყოს ცნობილი. გარდა ამისა, ცხადია უკრაინის დასახმარებელი ფონდებისათვის ფულს ვაგროვებთ. გასულ წელს 60 მილიონი უკრაინული გრივნა (1,6 ამერიკული დოლარი) შევაგროვეთ და იმედი გვაქვს, ამჯერად უფრო დიდი თანხის მობილიზებას შევძლებთ.  

კონკრეტულად რას ხმარდება თანხა, რომელსაც თქვენ ქვეყნისათვის აგროვებთ?

თანხას ყველასათვის კარგად ნაცნობ ფონდებში – United24-სა და Sergey Prytula Foundation-ში ვრიცხავთ. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისათვის შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობაც შევიძინეთ – როგორიც არის ჩაფხუტები და სხვა აუცილებელი  ნივთები. 

როგორ გრძნობთ თავს, როცა ქვეყნის საზღვრებს მიღმა ხართ? ომის ტრავმა ისევ გრძელდება?

გულწრფელად რომ ვთქვა, ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვარ, თუ მის გარეთ – ეს გარემოება ჩემზე განსხვავებულად არ აისახება. ჩემი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები – ისინი უკრაინაში არიან და მათზე მეტად ვღელავ, ვიდრე საკუთარ თავზე. სადაც არ უნდა წავიდე, ამ ტვირთს თან ვატარებ და მათ გამო მუდამ ვშფოთავ. 

რას უნდა ელოდეს ამერიკული აუდიტორია ამ ტურნესგან? ახალ სიმღერებს შეასრულებთ?

დიახ, ჩვენ პროგრამა მოვამზადეთ, რომელიც რამდენიმე ახალ სიმღერასაც მოიცავს. მათგან ზოგიერთი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მაგალითად, ახლახან გამოვუშვით სიმღერა სახელწოდებით  – Changes. ეს ძალიან კარგი კომპოზიციაა და მასზე გადაღებული კლიპიც შესანიშნავია. კომპოზიცია ეხება იმ ცვლილებებს, რომელსაც ველით. საკონცერტო ტურნეს მუსიკალური პროგრამა ჩვენს ავთენტურ ჟღერადობას ახალ სტილთან აერთიანებს. 

 ალბომის გამოცემას  უახლოეს მომავალში აპირებთ?

ამ ეტაპზე სინგლების გამოშვებას ვგეგმავთ. თუ კონკრეტულად ალბომზე ვისაუბრებთ, გეგმაშია, რომ ის მიმდინარე წლის ბოლოს, ან  შემდეგი წლის დასაწყისში წარვადგინოთ. 

ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ევროვიზია“ მოიგეთ. როგორ შეიცვალა თქვენი და ბენდის შემოქმედებითი ტრაექტორია მას შემდეგ, რაც ამ კონკურსში გაიმარჯვეთ?

ახლა უფრო დიდ როლს ვთამაშობთ. შეგვიძლია, გავლენა გვქონდეს უფრო დიდ აუდიტორიაზე; შეგვიძლია, კონცერტები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ჩავატაროთ; საშუალება გვაქვს, მეტი მოვყვეთ უკრაინულ კულტურაზე. 

ამის მიღწევა, ალბათ, „ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში“ მონაწილეობის მიზეზი იყო?

ბევრი მიზეზი იყო, არა მხოლოდ ეს. თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ევროვიზია“ მოგვეგო, რადგან ეს გამარჯვება უკრაინისათვის ყველა ასპექტში ბევრს ნიშნავდა. ამ გამარჯვებით უამრავი ადამიანი გავახარეთ და ვიმედოვნებთ, ასეც გაგრძელდება.

უკრაინამ „ევროვიზია“ პირველად 2004 წელს მოიგო, როდესაც Ruslana სიმღერით Wild Dances კონკურსის ტრიუმფატორი გახდა. რას ნიშნავს მისი გამარჯვება თქვენთვის და უკრაინისათვის?

მაშინ მხოლოდ ათი წლის ვიყავი, ამიტომაც კარგად არ მახსოვს. თუმცა მახსოვს ის, რომ ეს უკრაინისათვის დიდი მოვლენა და ხმაურიანი შემთხვევა იყო. როგორც მოვლენას, ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა. „ევროვიზია“ უკრაინისათვის ყოველთვის  მნიშვნელოვანი კონკურსი იყო. 

ამერიკის ტურნეს შემდეგ რას გეგმავთ? სხვა ქვეყნებშიც გექნებათ კონცერტები? 

რა თქმა უნდა. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ფესტივალზე მოვხვდეთ. გვინდა, წინა წლის მსგავსად, წელსაც პროდუქტიული პერიოდი გვქონდეს. მონდომებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისათვის რაც შეიძლება მეტი თანხის შეგროვება შევძლოთ. გვინდა, უკრაინისა და ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ.

ნახეთ The Kalush Orchestra-ს 2023 წლის ამერიკული ტურნეს თარიღები: 

9 მარტი — კლივლენდი, Cleveland Masonic

10 მარტი — ორლანდო, The Beacham

11 მარტი — დეტროიტი, The Magic Stick

12 მარტი — ატლანტა, District Atlanta

16 მარტი — ოსტინი,  SXSW

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰოლი ბეილი არიელის როლში, Disney-ს ფილმი Little Mermaid

ფილმ Little Mermaid-ის საუნდტრეკის გამოსვლის თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

„როდესაც მუსიკას ვაზიარებთ, ის მხოლოდ ჩვენ აღარ გვეკუთვნის“ – ინტერვიუ ნატალია ნაყოფიასთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი კონსერვატორიის დაკავებული სტუდენტის გათავისუფლებას მოითხოვს

ანრი კაკაბაძე, რომელიც კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია, მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე იყო. მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეტი

ამსტერდამის ცეკვის ღონისძიების ფონდი 2024 წლის ყველაზე პოპულარულ 100 ტრეკს ასახელებს

რეიტინგი ეყრდნობა 146 კლუბის მუსიკალურ პროგრამას. მონაცემები DJ Monitor-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შეაგროვეს.
მეტი

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

„ის არის მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცადე ამდენ ხანს ქორწინებამდე,” - აღნიშნა ლანა დელ რეიმ თავისი პროდიუსერისა და მეგობრის შესახებ საუბრისას.
მეტი