.FICTION. – სოფო ტოროშელიძისა და მანანა მენაბდის დუეტი

„ჩაწერა მიდიოდა უწყვეტად და თვითონ რასაც იგრძნობდა, ყველაფერს ვიწერდით. მივხვდი, რომ, ესაა ხელოვნება. მანანა მენაბდე არის ხელოვნება” – სოფო ტოროშელიძე.

სოფო ტოროშელიძემ და მანანა მენაბდემ მსმენელს ერთობლივი ნამუშევარი წარუდგინეს. Fiction – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელშიც ორი ხელოვანის საინტერესო და განსხვავებული თანამშრომლობა შედგა. სოფო ტოროშელიძის მიერ შექმნილ ინდუსტრიულ ტექნო მუსიკაში მანანა მენაბდე ლექსით „ტანო ტატანო” შემოდის. შემდეგ კი ლეგენდარული მუსიკოსი „ჯეირანს” ასრულებს. კომპოზიცია მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპთან ერთად გამოვიდა.

ორი მუსიკოსის თანამშრომლობისა და კომპოზიციის შექმნის ისტორიაზე Billboard საქართველოს სოფო ტოროშელიძე ესაუბრა.

სოფო ტოროშელიძე:

„ეს ყველაფერი დაიწყო, აი, აბსოლუტურად ამოუხსნელი და ამოუცნობი დამოკიდებულებიდან და ტალღებიდან, რომლებიც თითქოს შემოქმედებითად სულ მაკავშირებდა მანანა მენაბდესთან. ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ისაა თვითმყოფადი, ძალიან გამორჩეული და აბსოლუტურად განსხვავებული არტისტი. შეიძლება ითქვას, რომ საკულტო ხელოვანი იყო ჩემთვის. მერე უკვე, იმ პერიოდში, როცა მე გადავწყვიტე, რომ ინდუსტრიული ტექნოს და ელექტრონული EP გამომეცა, ჩვენმა საერთო მეგობარმა ნიკა ნიკვაშვილმა შეგვახვედრა ერთმანეთს ჩემი თხოვნით, რადგან ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ძალიან ვღელავდი, არ ვიცოდი, რა შთაბეჭდილებას დავტოვებდი. თუმცა ქვეცნობიერად ეტყობა მაინც მჯეროდა, რომ ჩვენ შორის შედგებოდა მეგობრობა და შემოქმედებითი თანამშრომლობა. და როცა შევხვდი მას, საერთოდ სახტად დავრჩი. Მისმა პიროვნებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი, რომ აი, ეს არის ხელოვნება. მანანა მენაბდე არის ხელოვნება. 

მან რეალურად არაფერი იცოდა ჩემს მასთან თანამშრომლობის სურვილზე. უბრალოდ მივედი მის გასაცნობად. მაგრამ როცა ჩემი მუსიკა ჩავურთე, აი, ასე გამომხედა პირდაპირ და მკითხა: „აბა, როდის ვაკეთებთ?” აი, მანდ მივხვდი, რომ არც დრო არსებობს, არც სივრცე, არც ასაკი და არაფერი. არ ვიცი, რით მოვიპოვე მისი ასეთი ნდობა.

რაც შეეხება უკვე კომპოზიციას, მე მოვასმენინე მას, რაც მქონდა გაკეთებული. შემდეგ მოვიყვანეთ სტუდიაში და ჩავწერეთ მისი ვოკალი. Მე უკვე ვიცოდი, რომ „ჯეირანი” მინდოდა და თვითონაც რომ ვკითხე, რას ფიქრობდა, მითხრა, რომ აუცილებლად „ჯეირანი” უნდა ყოფილიყო. მერე უკვე პროცესში ვთხოვე, რომ რაიმე წაეკითხა კიდეც. საერთოდ მუშაობის პროცესი როგორი იყო იცით? უწყვეტად მიდიოდა ჩაწერა და თვითონ რასაც იგრძნობდა, ყველაფერს ვიწერდით. იქვე იქმნებოდა ყველაფერი. ვიდეოსთან ერთად რაც გამოვიდა, ეს არის მოკლე ვერსია. კიდევ დავდებთ ცალკე აუდიოს სრულ ვერსიას, რომელიც უფრო გრძელია. 

შემდეგ ეტაპზე უკვე პროექტს შეუერთდა ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი ადამიანი აკა ფროდიაშვილი, რომელიც საერთოდ ცალკე მოვლენაა. სწორედ მან გადაიღო ვიდეოკლიპი, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ჩვენი ხედვა. პირველ რიგში, ესაა აკას ხედვა, თუ როგორ დაგვინახა ჩვენ. ეს არის ვიდეო იმაზე, თუ როგორ ვიპოვეთ მე და ქალბატონმა მანანამ ერთმანეთი არარეალურ და აბსურდულ გარემოში. თვითონ კომპოზიციასაც Fiction ჰქვია – ფიქცია. ქალბატონი მანანას კადრები რომ გადავიღეთ, ის ყველაფერი, რაც იქაა, ხელის გაშლიდან დაწყებული, სულ თავისია. მთავარი იდეაც ეს იყო, რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო ძალიან ორგანული და ბუნებრივი. 

და ბოლოს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თავად ქალბატონი მანანას რეაქციები. ძალიან ვღელავდი, რადგან გარდა იმისა, რომ მუსიკოსია, თავადაა რეჟისორი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასება. Სიმართლე გითხრათ, არც ველოდი მის ასეთ რეაქციას, ძალიან კმაყოფილი იყო და არ ელოდა ასეთ შედეგს. ეს კომპოზიცია შევა ჩემს EP-ში, რომელიც ამ გაზაფხულს უნდა გამოვიდეს. თუმცა მე და მანანა მენაბდე კიდევ რაღაც დიდ პროექტს ვგეგმავთ ერთად, რომელიც ჯერ იდეის დონეზეა. ასე რომ, საინტერესო რაღაცები დაიძრა და პირველ რიგში, მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვისა და ნდობისთვის.”

ნახეთ სოფო ტოროშელიძისა და მანანა მენაბდის დუეტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2023 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების წამყვანი დრიუ ბერიმორი იქნება

შემდეგი სტატია

Circus Mircus-ის ახალი სინგლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი