Billboard საქართველოს ინტერვიუ კაილ ისტვუდთან 

მუსიკოსი თავის შემოქმედებასა და მამაზე, მსოფლიო კინოს ლეგენდაზე – კლინტ ისტვუდზე საუბრობს.
კაილ ისტვუდი

ფესტივალ თბილისი-რიტმის” ფარგლებში საქართველოს მეორედ ეწვია მუსიკოსი კაილ ისტვუდი თავის კვინტეტთან ერთად. კაილ ისტვუდი თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ბასისტი და კონტრაბასისტია. ამასთანავე, მსოფლიო კინოს ლეგენდის, კლინტ ისტვუდის უფროსი შვილი. Billboard საქართველოსთან ინტერვიუში კაილი თავის შემოქმედებასა და მამაზე საუბრობს.  

კაილ ისტვუდი:

„ბავშვობიდან ვიზრდებოდი ჯაზით, რომელსაც ჩემი მშობლები უსმენდნენ და სახლში სულ მუსიკა გვქონდა. მამაჩემი ფორტეპიანოზე უკრავს, ასევე დედაჩემიც. ბებია კი ვოკალის პედაგოგი იყო. ასე რომ, ჩემ გარშემო ყოველთვის ბევრი მუსიკა იყო. 6-7 წლის ასაკში მეც დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა. Მერე 13 წლის ასაკში ვისწავლე გიტარაზე დაკვრა და მალევე გადავედი ბასზე. ყოველთვის მომწონდა დრამზე და ბასზე დაკვრა. თუმცა მერე ისე მოხდა, რომ მუსიკოსებს ჩემ გარშემო ყოველთვის ბასისტი უფრო სჭირდებოდათ და ასე დავრჩი და ავირჩიე ბასი. ან შეიძლება, მან ამირჩია. ყველა ელოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდი. სხვათა შორის, თინეიჯერობის პერიოდში რეჟისორობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მუსიკა ძალიან ძლიერად იყო ჩემში და მივხვდი, რომ სწორედ მუსიკა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მომწონდა. და მამაჩემი ყოველთვის მხარს მიჭერდა ამ გადაწყვეტილებაში.”

მამა-შვილს კლინტ ისტვუდის არაერთ ფილმზე უმუშავიათ ერთად, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა Gran Torino, Invictus, Letters from Iwo Jima და სხვები. 

„ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ერთი და იგივე რაღაცები მოგვწონს და ერთნაირი გემოვნება გვაქვს როგორც მუსიკაში, ასევე ფილმებში. Ძალიან პატარა ასაკიდან ვუყურებდი მის მუშაობას და კარგად ვიცი, რა მოსწონს და როგორ მოსწონს. პასუხისმგებლობა დიდია, თუმცა რეალურად ის კარგი უფროსია. მასთან მუშაობა დიდი გამოცდილებაა.”

სწორედ მამას ეძღვნება კაილ ისტვუდისა და მისი კვინტეტის ახალი პროექტი, რომლითაც ისინი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ. Eastwood Symphonic კლინტ ისტვუდის ფილმების მუსიკის ახალ ვერსიებს აერთიანებს. კონცერტზე კვინტეტმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა, რომელსაც გრემის მფლობელი დირიჟორი გასტ ვალცინგი ხელმძღვანელობდა. როგორც კაილ ისტვუდი ამბობს, ეს პროექტი არის შვილის მიძღვნა მამისადმი.

„Eastwood Syphonic არის ჩვენი ახალი ალბომი, რომელიც პირველ სექტემბერს გამოვა. მანამდე კი სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებს ვატარებთ. მაისის შემდეგ ვმოგზაურობთ ამ პროექტით და მიხარია, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვედით. ეს არის შვილის მიძღვნა მამას. ყველა ნაწარმოები მისი ფილმებიდანაა. მართალია, ჩვენ შევცვალეთ არანჟირება და ახალი ვერსიები გავაკეთეთ, თუმცა ყველა მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იგივეა. ეს არის მიძღვნა მამაჩემისადმი, თუმცა ასევე იმ დიდი კომპოზიტორებისადმი, რომლებმაც მის ფილმებზე იმუშავეს. ესენი არიან ენიო მორიკონე, ლალო შიფრინი, ჯონ უილიამსი და სხვები. ზოგი კომპოზიცია თავად მამაჩემის დაწერილია, ზოგი – ჩემი. 

როცა მამას ეს იდეა გავაცანი, ძალიან გაუხარდა. პროცესში არ ჩარეულა. მე ვუთხარი, რომელი ნაწარმოებების გაკეთებას ვაპირებდი. დანარჩენი კი მინდოდა, რომ სიურპრიზი ყოფილიყო. ასე რომ, ბევრი რამ არ მითქვამს. ჯერ ალბომი არ მოუსმენია და არც პირადად დასწრებია კონცერტს. თუმცა ლიონის კონცერტის ჩანაწერი ნახა და ძალიან მოეწონა.” 

კონცერტი ეკრანზე გასული ვიდეოთი დაიწყო, სადაც ვაჟიშვილის პროექტი Eastwood Symphonic თავად კლინტ ისტვუდმა წარადგინა. ყოველ მუსიკალურ ნომერს წინ უძღოდა მამა-შვილის საუბრის ვიდეოჩანართები, სადაც კლინტ ისტვუდი თითოეული ნაწარმოების შექმნის ისტორიას იხსენებს. 

კაილ ისტვუდის კვინტეტმა მაყურებლის დიდი ოვაციები დაიმსახურა. კონცერტის დასრულების შემდეგ აუდიტორიამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით მუსიკოსები სცენაზე კიდევ ერთხელ გამოიხმო. ბისზე კვინტეტმა კლინტ ისტვუდის ყველაზე ცნობილი ფილმის The Good, the Bad and the Ugly ენიო მორიკონეს მიერ შექმნილი მუსიკალური თემა დაუკრა.

„ქართველი პუბლიკა საოცარია. წინა ვიზიტიდანაც მახსოვს ძალიან კარგი აუდიტორია. ვფიქრობ, აქ ყველას უყვარს მუსიკა და იმედი მაქვს, მალე ისევ დაბრუნდები საქართველოში.”

ინტერვიუს დასასრულს კაილ ისტვუდმა მამაზე კიდევ ერთი სიახლე გაგვიმხილა. 93 წლის ასაკში კლინტ ისტვუდი ახალ ფილმს იღებს, რომლის გადაღებებიც ჯორჯიის შტატში სწორედ ამ დღეებში დაიწყო. კაილ ისტვუდის თქმით, ფილმი სასამართლო დარბაზის დრამაზე იქნება.

„სწორედ, აი, ახლა დაიწყო ფილმის გადაღება. თავად არ თამაშობს, მხოლოდ რეჟისორია. როგორც ვიცი, ფილმს Juror #2 ჰქვია, ყოველ შემთხვევაში, სამუშაო სათაური ესაა. ახლა მამა ჯორჯიაშია, სადაც გადაღებები მიმდინარეობს, ოღონდ აშშ-ს ჯორჯიაში. საქართველოში, როგორც ვიცი, არ ყოფილა, მაგრამ იცის მის შესახებ და როცა ვნახავ, აუცილებლად უფრო მეტს მოვუყვები.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2023 – დასკვნითი დღე

შემდეგი სტატია

Rejjie Snow და DEENA „Billboard საქართველოსთვის“ – ინტერვიუ არტისტებს შორის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეილა კობო და ჯეისონ ლიპშუცი „ბილბორდის” სარედაქციო გუნდს უხელმძღვანელებენ

2026 წლის 20 იანვარი, ნიუ-იორკი – „ბილბორდი” სიამაყით აცხადებს ორი გამოცდილი ხელმძღვანელის დაწინაურებას, რომლებიც სარედაქციო გუნდს ჩაუდგებიან სათავეში.…
მეტი

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

Louis Vuitton-ის კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის მამაკაცის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.
მეტი

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

ბლაიჯი არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ეს კოლაბორაცია მაინც გამოქვეყნდეს.
მეტი
Doechii - Billboard-ის Greatest Pop Stars-სთვის

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – Doechii

წლის საუკეთესო ვარსკვლავის ტიტულისთვის შერჩეული კანდიდატი 2025 წელს გახდა ცნობილი, Doechii ამ წელს სრული მასშტაბით გამოჩნდა სცენაზე და მთელი პოპსამყაროს ყურადღება მიიპყრო.
მეტი

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი განიხილავენ, თუ რას უნდა ველოდოთ სტაილსის მეოთხე ალბომისგან Kiss All the Time. Disco, Occasionally.
მეტი