Tbilisi Open Air 2023 – დასკვნითი დღე

ფინალური დღე განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა როგორც აუდიტორიისთვის, ასევე მოწვეული არტისტებისთვის.
Moderat

25 ივნისი Tbilisi Open Air 2023-ის დასკვნითი საფესტივალო დღე იყო. სცენაზე მსმენელის წინაშე ტრადიციულად ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგნენ. Billboard საქართველო გთავაზობთ ფესტივალის მესამე დღის მიმოხილვას.

ფინალური დღის მთავარი სცენა ქართულმა პოსტ-პანკ ჯგუფმა SKAZZ-მა გახსნა და მაყურებლის წინაშე თავისი რეპერტუარით წარდგა. ეს Open Air-ის მთავარ სცენაზე მათი დებიუტი იყო. სცენიდან SKAZZ-მა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ Tbilisi Open Air-ში მონაწილეობა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწე მუსიკოსებისთვის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა.  Სიტყვით გამოსვლისას ბენდი კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. „მინდა, რომ ქართულ კინოს გადარჩენა ვუსურვო,” – აღნიშნა ჯგუფის სოლისტმა. 

SKAZZ

ამის შემდეგ სცენა 4D Monster Lobsters-მა დაიკავა. ბენდმა კონცერტი გახსნა სიმღერით Olga, რომლის ვიდეოკლიპიც ახლახან გამოვიდა. ჯგუფი ფესტივალზე შარშანაც მონაწილეობდა. 

ბექა თევდორაშვილი – 4D Monster Lobsters-ის სოლისტი:

„Tbilisi Open Air საქართველოში მთავარი ალტერნატიული ფესტივალია. ყოველ წელს განსხვავებული გამოცდილებაა იმიტომ, რომ ყოველ წელს მაინც შეცვლილია ხალხი, ჩვენც შეცვლილები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობა, ეგეთი მასშტაბური, როგორიც აქ არის ხოლმე ყოველწლიურად, სხვაგან არსად არ არის.” 

4D Monster Lobsters

კინოცენტრის მხარდამჭერი განცხადებით წარდგა სცენაზე ჯგუფი „არაც”. „ამ ქვეყანაში ვერაფრის ცენზურა ვერ მოხდება,” – აღნიშნა ზურა ჯავახიამ. ჯგუფი Tbilisi Open Air-ის ტრადიციული გამომსვლელია, თუმცა, როგორც ყოველთვის, აუდიტორია მას განსაკუთრებულად ელოდა და დიდი ოვაციებითაც შეხვდა. კონცერტის მსვლელობის დროს „არამ” სცენაზე მისი მეგობარი მუსიკოსები მოიწვია პროექტიდან „ყველა” და მათთან ერთად შეასრულეს სიმღერა „სამშობლო”. 

ჯგუფი “არა”
ზურა ჯავახია

ამის შემდეგ უკვე სცენა უცხოელ გამომსვლელებს დაეთმო და მაყურებლის წინაშე Imany წარდგა. მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერა You Will Never Know შეასრულა. გარდა ამისა, Imany-მ არაერთი ცნობილი სიმღერის ქავერ ვერსიებიც იმღერა, მათ შორის Radiohead-ის Creep, Hozier-ის Take Me to Church, Imagine Dragons-ის Believer და სხვები. წარმოშობით კომორიელი ფრანგი პოპ-სოულის მომღერლის კონცერტი გამორჩეული იყო სცენოგრაფიით და ასევე მაყურებელთან ხშირი კომუნიკაციით.

Imany

Სიტყვით გამოსვლისას მან პიროვნების თავისუფლებაზე ისაუბრა, რასაც აუდიტორიის დიდი ოვაციები მოჰყვა. „არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორი უნდა საზოგადოებას, რომ თქვენ იყოთ. არ იფიქროთ, თუ როგორი უნდათ მშობლებს, რელიგიას რომ იყოთ. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, თუ ვინ ხართ თქვენ. როცა ამას აკეთებთ, არ არსებობს ლიმიტი იმისა, რაც შეგიძლიათ.” 

კონცერტის ბოლოს მომღერალმა მაყურებელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არ არის თბილისში მისი პირველი ვიზიტი.

„აქ პირველად დაახლოებით 20 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ მოდელად ვმუშაობდი. თქვენსავით ახალგაზრდა ვიყავი – მოდელი, რომელიც ყოველდღე ოცნებობდა მომღერლობაზე. და 20 წლის შემდეგ მე აქ დავბრუნდი, როგორც მომღერალი. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი ოცნების ნაწილი იყავით.”

Tbilisi Open Air 2023 ცნობილმა გერმანულმა ელექტრონული მუსიკის ჯგუფმა Moderat-მა დახურა. ჯგუფმა მისი ცნობილი კომპოზიციები შეასრულა. აუდიტორიისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო კონცერტის ბოლოს შესრულებული მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსმენელის საყვარელი კომპოზიცია A New Error. ამის შემდეგ კი მაყურებლის მოთხოვნით Moderat-მა მისი კიდევ ერთი სავიზიტო სიმღერა – Bad Kingdom აუდიტორიასთან ერთად შეასრულა. 

Moderat
Moderat
Moderat

კონცერტი ვიდეო პროექციის თანხლებით მიმდინარეობდა, სადაც ჯგუფის კლიპებისა თუ შოუებისთვის დამახასიათებელი ვიზუალი კიდევ უფრო შთამბეჭდავ გარემოს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდის წევრებს მაყურებელთან ხშირი სიტყვიერი კონტაქტი არ ჰქონიათ, მთელი საღამოს განმავლობაში იგრძნობოდა მჭიდრო კავშირი მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის. ჯგუფის წევრები კი ქართველი მსმენელის აქტიურობითა და ენერგეტიკით განსაკუთრებულად მოხიბლული დარჩნენ. მათ ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც თბილისს მადლობას უხდიან.

3-დღიანი დატვირთული პროგრამის შემდეგ Tbilisi Open Air 2023 დასრულდა. ფესტივალი ტრადიციულ დროს უკვე მომავალ წელს დაბრუნდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი „თბილისი-რიტმი” 2023

შემდეგი სტატია

Billboard საქართველოს ინტერვიუ კაილ ისტვუდთან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა Oliver Tree-მ  საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

eZo Festival თბილისის ზღვაზე ახალ თავგადასავალს იწყებს

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და ფერადი ფესტივალი eZo Festival ახალი ლოკაციითა და განახლებული ენერგიით ბრუნდება. ღონისძიებები 5, 6 და 7 ივნისს თბილისის ზღვზეა დაგეგმილი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი