Outcast – Killages-ის ახალი ალბომი 4-წლიანი პაუზის შემდეგ

„ვფიქრობთ, ეს ალბომი ჩვენს უკვე არსებულ გულშემატკივარსაც მოეწონება და სრულიად ახალი ტიპის მსმენელიც დაგვიჭერს მხარს, რადგან ბევრნაირი გემოვნების ადამიანზეა მორგებული.”
Killages

„ვისი ფიქრებია ჩემს თავში?! თქვენს თავში ვისი ფიქრებია?! დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ფიქრებია?! როგორც არა ხართ დარწმუნებული, რომ ცხოვრობთ თქვენი საკუთარი ცხოვრებით, ისე არა ხართ დარწმუნებული, რომ ეს ფიქრები თქვენია.”

მერაბ მამარდაშვილი

სწორედ ეს სიტყვები გასდევს ფონად ვიდეო თიზერს, რომლითაც ჯგუფმა Killages თავისი ახალი ალბომი რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები კარგად გამოხატავს იმ კონცეფციას, რომლის გარშემოც ალბომი სახელწოდებით Outcast შეიქმნა. Outcast პირველ ივლისს გამოიცა და 4-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფის რიგით მეორე სტუდიური ალბომია. 

გუგა მაჭარაშვილი:

„როცა ვუყურებთ დღევანდელ რეალობას და ვაკვირდებით სოციუმს, ვხედავთ, რომ ადამიანებს ინდივიდუალურობა აქვთ დაკარგული და თითქოს, NPC character-ებს ჰგვანან, როგორც თამაშებში. თითქოს, სხვისი აზრებით ცხოვრობენ და მოქმედებენ. ამიტომ დავაკავშირეთ არსებულ რეალობასთან მერაბ მამარდაშვილის სიტყვები და ამიტომ დავაკავშირეთ შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ჩვენს ალბომთან. ალბათ ყველა ვყოფილვართ ისეთ ეტაპზე, როცა არ ვართ დარწმუნებული, ჩვენი აზრებია თუ არა, მაგრამ დრო მოდის, როცა აანალიზებ, რომ ეს შენი აზრი არ ყოფილა და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხვდები, რომ არ არის აუცილებელი, სხვას ყველაფერში დაეთანხმო. ეს ალბომი ასევე იმ მდგომარეობაზეა, როცა მარტო ხარ შენს თავთან, რადგან არ გინდა ასეთ სოციუმთან ურთიერთობა. რეალურად ეს ძალიან კარგია, როცა რაღაც პერიოდს გამონახავ მარტო ყოფნისთვის და რაღაცებს უფრო გაიაზრებ. ალბომის სახელწოდებაც Outcast ნიშნავს განდგომილს, ცალკე მდგომს. ჩვენ ხშირად გვიწევს, რომ განვუდგეთ სოციუმს, როცა ვხედავთ, რომ რაც ფიქსირდება, ის ჩვენი პოზიცია არ არის. თუმცა ეს განდგომილად ყოფნა ჩვენ არ მიგვაჩნია ცუდად და ეს არ არის ცუდი კონოტაციის ცნება. შეიძლება მარტო იყო და კარგად გრძნობდე თავს. მეორე მხრივ, შეიძლება მილიონობით ადამიანთან იყო, მაგრამ რეალურად მანდ გრძნობდე სიმარტოვეს. აი, ასეა ალბომის კონცეფციაც და დასახელებაც ერთმანეთთან გადაჯაჭვული.”

ანრი ყაველაშვილი:

„მრავალფეროვნება ჯანსაღი სოციუმის საწინდარია, მაგრამ რეალურად ეს მრავალფეროვნება როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, სიჯანსაღეს სწორედ ეგ განაპირობებს. თუ მე მრავალფეროვნება და თქვენი განსხვავებული აზრი ისტერიკულად მივიღე და თქვენი პოზიცია ავადმყოფობად შევრაცხე, ეს უკვე გამორიცხავს, რომ ჩვენ შორის დიალოგი შედგეს და ჩვენ ერთად შევქმნათ ჯანსაღი სოციუმი. თუ ისტერიკის დონეზე გადავიდა ჩვენი ურთიერთობა, ბოლომდე ფლანგებად დაყოფილი დავრჩებით და ვეღარ მოვახერხებთ კავშირების გამოძებნას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სოციუმმა ჯანსაღად იფუნქციონიროს. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ბოლომდე ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია, მაგრამ იქ, სადაც ხდება ისტერიკის დონეზე ერთმანეთთან კომუნიკაცია, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ კომუნიკაციაში არ შევიდეთ და მეტ-ნაკლებად ჩვენი პოზიციებით ვიმოძრაოთ. ეს რამდენად გამოგვდის, არ ვიცით, ხშირად შეიძლება გამოგვდის ან არ გამოგვდის, მაგრამ მცდელობები დასაფასებელია.”

რატი რატიანი:

„ზოგადად Killages ნაკლებადაა სოციალური ბენდი და აქამდე სოციალურ თემებზეც ნაკლებად ჰქონდა აქცენტი. თუმცა ბოლო პერიოდში ბენდის ყველა წევრი შეგვაწუხა კონკრეტულმა პრობლემამ და ერთმანეთში საუბარშიც გამოჩნდა, რომ ეს ყველას ეხება და სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა კონტექსტში ყველა განიცდის. შესაბამისად, ეს ყველაფერი მერე უკვე ალბომში გადავიდა. მართალია ყველა კომპოზიცია მხოლოდ ამ კონცეფციის ირგვლივ არ არის შექმნილი, მაგრამ ეს პრობლემები საკმაოდ ჯეროვნად არის დასმული ტრეკებში.”

Outcast 13 კომპოზიციისგან შედგება. ჯგუფის პირველი ალბომისგან განსხვავებით, სადაც მთავარი ჟანრი ჰიპ-ჰოპი იყო, ახალ ალბომში ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა. როგორც ჯგუფში ამბობენ, კომპოზიციები ალბომის კონცეფციას როგორც მუსიკალურად, ასევე ტექსტუალურადაც გამოხატავენ. 

გუგა მაჭარაშვილი:

„რამდენიმე ტრეკი ამ კონცეფციას პირდაპირ ეხმიანება. რამდენიმეში კი არის ისეთი ირიბი მნიშვნელობები, რომლებიც გამიხარდება, რომ ხალხმა ისე დაამუღამოს, როგორც მე ვიგულისხმე. ეგ მაინტერესებს ხოლმე. ხანდახან ხდება, რომ საერთოდ ვერ ამუღამებენ, ხანდახან ხდება, რომ ამუღამებენ და მაგარია. ზოგადად პირდაპირ არ ვწერ ხოლმე, პირდაპირ არ გაჩვენებ რაღაცას.”

ანრი ყაველაშვილი

Outcast ქართული მუსიკალური ლეიბლის Bloom Music-ის ქვეშ გამოვიდა და დღეიდან ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. 

„ამ ალბომში Killages-ის სხვადასხვა ეტაპია შეზავებული და პლუს კიდევ არის რაღაც ახალი, რომელსაც სამომავლოდაც ვაპირებთ, რომ მივყვეთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენს უკვე არსებულ გულშემატკივარსაც მოეწონება და დარწმუნებული ვართ, რომ სრულიად ახალი ტიპის მსმენელიც დაგვიჭერს მხარს, რადგან ძალიან ბევრნაირი გემოვნების ადამიანზეა მორგებული და ყველას შეიძლება მოეწონოს. Killages არასდროს არაა ერთი ჟანრის ბენდი, არასდროს ყოფილა და არც მომავალში ვაპირებთ. ჩვენი მიზანიც ის მრავალფეროვნებაა, რომელსაც სოციუმში ვისწრაფვით. ალბომშიც სწორედ ამ მრავალფეროვნებისკენ მივდივართ.”

მოუსმინეთ Killages-ის ახალ ალბომს Outcast

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნათია თოდუა

ნათია თოდუა – მუსიკა როგორც თავშესაფარი

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი მიგვანიშნებს, რომ ალბომის This Is Me … Now გამოშვების თარიღი ახლოვდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა - შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
მეტი