Lost Luggage –  ანუშკა ჩხეიძის პირველი EP

„დაკარგული ბარგი მეტაფორასავითაა, როგორც შიში, რომ არ დაკარგო შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაღაცები.”

ანუშკა ჩხეიძემ EP-ის გამოშვება დააანონსა სახელწოდებით Lost Luggage. EP CES Records-ის ხმის ჩამწერ ლეიბლზე 29 სექტემბერს გამოვა. ეს მუსიკოსისთვის რიგით მეოთხე ალბომი და პირველი EP იქნება. 

ანუშკა ჩხეიძე:

„EP არასდროს გამომიშვია. ყოველთვის ალბომებზე ვმუშაობ და აი, პირველად გამოვიდა, რომ EP-ის გამოვცემ მოკლე ჩანახატივით. მისი სახელწოდებაა Lost Luggage ანუ დაკარგული ბარგი, რაც ძალიან ბევრნაირად მეხმიანება მე და ჩემს ისტორიებს. პირდაპირი მნიშვნელობით რომ დავიწყო, წელს მართლა სამჯერ დავკარგე ბარგი ფრენების დროს. თან ძირითადად ისე, რომ, აი, მეორე დღეს რომ უნდა დაუკრა, ინსტრუმენტები რომ გჭირდება და არ გაქვს. ყველაზე საშინელი შეგრძნებაა შენს საყვარელ ინსტრუმენტებს რომ კარგავ. არ იცი, დაგიბრუნდება თუ არა და თან, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რისთვისაც ჩადიხარ სადღაც, შეიძლება არ გამოვიდეს და ვერ დაუკრა იმიტომ, რომ საჭირო ნივთები არ გაქვს. ეს ბარგის დაკარგვის პროცესი რაღაც ჯადოსავით მექცა. აი, ბოლო ტიპი, ვინც აეროპორტში ბარგს ელოდება ხოლმე, მუდმივად მე ვარ. ეს EP კი, თითქოს, ამის მოშორებაა – თუკი ამ ალბომს გამოვუშვებ, მგონია, რომ ეს „ჯადოც” მორჩება. 

მეორე მნიშვნელობა ამ დაკარგული ბარგის უკან კი, ეს არის ჩემი გადმოსვლა საქართველოდან ნიდერლანდებში. ახალი პერიოდი რომ იწყება შენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ამ ბარგთან, გადასვლასთან და ახალ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ყველა შენი საყვარელი ადგილი, ნივთი, მეგობარი და ოჯახის წევრი რომ გენატრება. ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა მიყვარს, უცებ მართლა მარტო აღმოვჩნდი სიახლეებთან. Რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს გამოუცდია სხვა ადგილზე გადასვლა, მაგრამ მე ძალიან ვარ შეყვარებული ჩემს გარემოზე. არასდროს მქონია ის განცდა, რომ თბილისი უნდა დავტოვო ან დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი ცხოვრება და მიყვარს ჩემი ადამიანები, ამიტომ ეს არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი. ჩემი მიზანი უფრო იყო განვითარება, კარგ ადგილზე სწავლა, მეტი დაკვრა, კოლაბორაცია საინტერესო ხალხთან. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ეს დაკარგული ბარგი მეტაფორასავითაა, როგორც შიში, რომ არ დაკარგო შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაღაცები.”

ანუშკა ჩხეიძე

იდეურად დატვირთულ EP-ში ოთხი კომპოზიცია ერთიანდება. ოთხივე ალბომის სათქმელს იზიარებს და ერთმანეთის მიმდევრობით ჰყვება მუსიკოსის ისტორიას. უკვე გამოქვეყნდა Lost Luggage-ის ამავე სახელწოდების მთავარი კომპოზიცია, რომელიც ალბომის რიგით მეორე ტრეკია. 

„Utrecht, Lost Luggage, Ase და My Lands – ეს არის ტრეკები, რომლებიც შედის ალბომში. ოთხივეს კავშირი აქვს თვითონ სათაურთან და მთლიან პროცესთან. ზოგადად, მიყვარს, რომ ისტორია ავაგო და მაგ ისტორიის მიხედვით იყოს მთელი ალბომი. არ შემიძლია, უბრალოდ „რენდომ” ტრეკები დავწერო და მერე ერთ ალბომში ჩავყარო. ყოველთვის რაღაცის გარშემო იკვრება ხოლმე და ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს და თანმიმდევრობას. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა ასეთია: Utrecht ის ქალაქია, სადაც ახლა ვცხოვრობ და ეს არის, როგორც სიახლე ჩემთვის; შემდეგ მოდის Lost Luggage და ეს ამბები, როცა დაკარგული ბარგის სიტუაციები ხდებოდა ხოლმე. Ase არის ტრეკი, სადაც ცოტა საკუთარ თავს ვაჩვევ, რომ შეეგუოს ამ ახალ მოცემულობას. My Land კი ძირითადად დაკავშირებულია იმ პერიოდებთან, როცა მე ვბრუნდები ხოლმე ჩემს ქვეყანაში და იმ აღტაცებასთან, რომელიც ამ დაბრუნებას მოაქვს.

Რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს კომპოზიციები არის ის, რაც მე მიყვარს. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ არასდროს პერფექციონისტულად არ ვუდგები ჩემს ნამუშევრებს. Რაც გულით მოვა, იმას ვუშვებ მაშინვე, თორემ თუ დიდხანს დავაკავე, მერე შეიძლება არასდროს ბოლო აღარ ჰქონდეს. ჩემთვის მუსიკალურად ისეთი კომპოზიციებია, რა ეტაპზეც ახლა მე ვარ, რასაც ვუსმენ და რაც მომწონს – სადაც ვარ შინაგანად.”

EP-ის პრეზენტაცია 29 სექტემბერს ნიდერლანდებში, უტრეხტში შედგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blink-182-ს ახალი სინგლი და ვიდეო One More Time, რომელიც ბენდის ისტორიას ასახავს

შემდეგი სტატია

ნოდარიკო ხუციშვილი - „ფერადი სიზმრები“

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და კლიპი „ფერადი სიზმრები“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი