ნიკ ჰადსონი – საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი მუსიკოსის შემოქმედება და ხევსურეთისთვის მიძღვნილი სიმღერა

„ხევსურეთი ყველაზე ტრანსცენდენტური, თავბრუდამხვევი და ლამაზი ადგილია, რაც კი ოდესმე მინახავს და გადავწყვიტე, ამ სიმღერით მისთვის პატივი მიმეგო.”
ნიკ ჰადსონი

ნიკ ჰადსონი ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი რეჟისორი და მხატვარია, რომელიც უკვე ორი წელია, საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს. მუსიკოსს გამოცემული აქვს ათამდე ალბომი, რამდენიმე EP და შექმნილი აქვს საუნდტრეკები სხვადასხვა პროექტისთვის. ჰადსონი წლების განმავლობაში მუშაობდა Massive Attack-ის წევრ შარა ნელსონთან, ბენდებთან Sunn O))), Kayo Dot და სხვა. ჰყავდა საკუთარი ბენდიც, თუმცა ამჟამად სოლო კარიერას განაგრძობს. 

საქართველოში საქმიანობისა და შემოქმედებითი სიახლეების შესახებ ნიკ ჰადსონი Billboard საქართველოს ესაუბრა:

„საქართველოში საცხოვრებლად 2022 წლის 11 იანვარს ჩამოვედი, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ვიზიტი. პირველად აქ 2016 წელს ორთვიანი ტურნეს ფარგლებში ვიყავი Kayo Dot-ის დამფუძნებელ ტობი დრაივერთან ერთად. მაშინ რამდენიმე თავისუფალი დღე გვქონდა და ქვეყნის დათვალიერება გადავწყვიტეთ. შემიძლია ვთქვა, რომ დავითგარეჯაში მოგზაურობა ჩემს სულში ჩაიბეჭდა და სწორედ მაშინ შემიყვარდა საქართველო. შემდეგ უკვე როცა პანდემია დასრულდა და „ბრექსითი” შედგა, ცვლილებები და ქვეყნიდან წასვლა მინდოდა და შესაბამის ვარიანტებს განვიხილავდი. აქ მეგობრები მყავს და მთხოვეს, რომ საქართველოც განმეხილა. თავიდან, ვითომ, ერთი თვით ჩამოვედი, მაგრამ ერთ კვირაში უკვე აქ დარჩენა გადავწყვიტე. შეყვარებული ვარ ამ მთიან მიწაზე. ის, რომ ყველა მხარეში შეგიძლია რამდენიმე საათში ჩახვიდე, ეს უსაზღვრო დალოცვაა. თბილისი კი თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე კულტურულად ცოცხალი და მრავალფეროვანი ადგილია, სადაც კი ვყოფილვარ.“

ახლახან მუსიკოსმა სიმღერა სახელწოდებით „ხევსურეთი” და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოსცა. როგორც ყველა მისი სიმღერის შემთხვევაში, ამჯერადაც ვიდეოს რეჟისორი თავადაა. კლიპი კი საქართველოში გადამხდარ არაერთ პირად ისტორიასა და ემოციას მოიცავს. 

„Საქართველოში რომ ჩამოვედი, მოშორებული მთიანი სოფლების ძებნა დავიწყე. ყოველთვის მიზიდავდა შორეული ტერიტორიები. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ 2 კვირა გავატარე არქტიკაში და პოლარული ციალის ფონზე საფორტეპიანო კონცერტი გავმართე მსოფლიოს უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე გალერეაში. და როცა შატილისა და მუცოს არსებობა აღმოვაჩინე, მათი ნახვა ჩემი პრიორიტეტი გახდა. ასე რომ, ხევსურეთში წავედი და კორშაში არაბულების ოჯახს დავუმეგობრდი. მოკლედ რომ ვთქვა, ხევსურეთი ყველაზე ტრანსცენდენტური, თავბრუდამხვევი და ლამაზი ადგილია, რაც კი ოდესმე მინახავს და ამასთანავე, ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, რომელიც რეალურად აწყნარებს ჩემს ჰიპერაქტიურ გონებას და საშუალებას მაძლევს, სიმშვიდე და სიჩუმე შევიგრძნო. Რაც შეეხება თვითონ კომპოზიციას, „ხევსურეთი” პირველი სიმღერაა, რომელიც საქართველოში დავწერე და ბოლო სიმღერაა, რომელიც ჩავწერე. ესე იგი, მის დაწერასა და ჩაწერას შორის ორწლიანი პაუზაა. სანამ ჩავწერდი, ხევსურეთში ალბათ უკვე ათჯერ მაინც ვიყავი ნამყოფი და ეს ადგილი, ასე ვთქვათ, ჩემს სულში გაიჟღინთა. ასე რომ, გადავწყვიტე, ამ სიმღერით მისთვის პატივი მიმეგო.

ვიდეოკლიპი ყაყაჩოების მდელოს კადრებით იწყება, რომლებიც თავად გადავიღე ჭექა-ქუხილის პაუზების დროს და სწორედ ამ ჭექა-ქუხილის ელვის კადრები ადევს მათ ზემოდან. ასევე გამოვიყენე ქართული დამწერლობა, რომლითაც ასო-ასო იწერება „ხევსურეთი”. შემდეგ უკვე, ვოკალის შემოსვლისას, აბუდელაურის ტბისა და ჭაუხის უღელტეხილის პანორამებია, სადაც ორი წლის წინ მე და ჩემს მეგობრებს საშინელი ქარიშხალი დაგვატყდა თავს. მეგობრები დავკარგე და მთიდან დავგორდი. მერე ჩემმა მეგობარმა ჭრილობები არყით დამიმუშავა. გარდა ჩემი გადაღებული მასალისა, კლიპში გამოყენებული მაქვს 1928 წლის ხევსურეთის კადრები და კიდევ შატილის კადრები, სადაც ასევე დავწერე სიმღერა მას შემდეგ, რაც დათვისჯვრის უღელტეხილზე იქაურმა რეინჯერებმა წარმოუდგენლად დამათვრეს. კლიპის ბოლოს არის კადრი, რომელშიც ჩანჩქერის ქვეშ ვდგავარ. ეს ხევსურმა მხატვარმა ბერდია არაბულმა გადაიღო. სწორედ მისი ნამუშევარი ამშვენებს ამ სინგლის ყდასაც.

ვიდეოკლიპს აქვს ეპილოგიც, სადაც ჩანს ბეჭედი, რომელიც მეტეხში ვიყიდე აქ ცხოვრების პირველივე დღეს ძველი ბეჭდის ნაცვლად, რომელმაც 8 წლის წინ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს დავითგარეჯაში გადამარჩინა, როცა აზერბაიჯანის საზღვართან ქვიშის ქარმა წამიღო. სწორედ ბეჭედი წამოეგო საზღვრის ღობეს და მან მომცა საშუალება, რომ წამოვმდგარიყავი და გზა განმეგრძო.”

„ხევსურეთი” მეორე სინგლია ნიკ ჰადსონის ახალი სოლო ალბომიდან Kanda Teenage Honey, რომელიც მუსიკოსმა საქართველოში ჩაწერა. მისი პრეზენტაცია 15 მარტს შედგება. ალბომი „სანო სტუდიასა” და „ლენო რეკორდსში” ჩაიწერა და მასში ქართველი მუსიკოსები გიგი კობერიძე (დრამი) და ბექა მინაძე (გიტარა) მონაწილეობენ. 

„ალბომის გამოშვების შემდეგ მინდა, კონცერტები გავმართო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ერევანში და ა.შ. უკვე დავიწყე კიდევ ერთ ახალ ალბომზე მუშაობა. გარდა ამისა,  უნდა დავასრულო  სრულმეტრაჟიანი სცენარიც, რომელიც ასევე ხევსურეთში დაიწერა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მინდა, ევროპის ტურნეც გავმართო. არასაქმიან გეგმებს რაც შეეხება, უკვე ვიმოგზაურე ჯავახეთში, სადაც თოვლში მხოლოდ ძაღლი და ფორტეპიანო მახლდნენ. ახლა კი იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს უშგულს, ყაზბეგსა და სვანეთსაც ვნახავ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი 2022/20223 წელს პარიზის მოდის კვირეულზე. ფოტო: სტეფანე კარდინალე

დონა სამერის სააგენტო კანიე უესტს უჩივის

შემდეგი სტატია

ჯორჯ ჰარისონი და პატი ბოიდი, 1966 წლის 14 თებერვალი.

ერიკ კლეპტონის სასიყვარულო წერილები, რომლებიც ჯორჯ ჰარისონის იმდროინდელ მეუღლეს, პატი ბოიდს ეძღვნება, უქციონზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფინალური შოუს წინ ოზი ოსბორნი აცხადებს, რომ სიარული აღარ შეუძლია

მძიმე მეტალის ჟანრის პიონერმა ოზი ოსბორნმა განაცხადა, რომ სიარული აღარ შეუძლია. მუსიკოსმა ეს განცხადება მაშინ გაავრცელა, როცა თავისი…
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ის ერთადერთია, ვისაც რეპის სამყაროში კენდრიკ ლამარის დამარცხება შეუძლია

უესტმა ამის შესახებ ჯასტინ ლაბოისთან, The Download-ის ინტერვიუს ახალ ეპიზოდში ისაუბრა.
მეტი

FKA Twigs-ის ალბომი Eusexua საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია

ეს მომღერლის მეოთხე ალბომია, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს იკავებს. კარიერაში მეოთხედ, FKA Twigs „ბილბორდის” საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია.…
მეტი