ანუშკა ჩხეიძის ექსპერიმენტული კონცეფციის ალბომი, რომელიც შვეიცარიულ არქიტექტურულ სტუდიასთან კოლაბორაციით შეიქმნა

„ეს არის ამბავი, რომელიც დარჩა იმ დროში, როცა ის შეიქმნა.”
ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

ანუშკა ჩხეიძე ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი თაობის ის არტისტია, რომელიც მუსიკისადმი ინდივიდუალური მიდგომით და ექსპერიმენტული კომპოზიციებით გამოირჩევა. ამჯერად მუსიკოსმა ახალ პროექტზე იმუშავა და შექმნა ალბომი, რომლის არა მხოლოდ ჟღერადობაა ექსპერიმენტული, არამედ მთლიანი კონცეფცია. 

ალბომი სახელწოდებით Clean Clear White  რვა ტრეკს აერთიანებს და მისი პრეზენტაცია 6 აპრილს ციურიხში შედგება. LP-ის გამოცემამდე Billboard Georgia-მ ანუშკა ჩხეიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არტისტმა ახალი მუსიკალური ნამუშევრის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა. 

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

ანუშკა ჩხეიძე:

„ალბომის ისტორია 2021 წელს დაიწყო, როცა ერთ დღეს მეილზე შვეიცარიული არქიტექტურული სტუდია Ilg Santer დამიკავშირდა. მწერდნენ, რომ ჩემი მუსიკა ძალიან უყვართ და წარმოუდგენიათ, რომ მათ მიერ განახლებულ კონკრეტულ შენობაში უნდა შევიდე, რაღაც დრო მომცენ და ამ სივრცეში მუსიკა დავწერო. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან გამოწვევამ შემაშინა, რადგან მსგავს პროექტზე არასდროს მიმუშავია. შემოთავაზება საკმაოდ ოფიციალურად, თუმცა ამავდროულად უცნაურად ჟღერდა. მათ გამომიგზავნეს დიდი მასალა, სადაც არქიტექტურული პროექტის შესახებ ყველაფერი დეტალურად ეწერა. ამ დროს პანდემიური ვითარება საკმაოდ მძიმე იყო და კიდევ უფრო უცნაურად ჩანდა ის, რომ ვიღაცას მსგავსი ტიპის პროექტის იდეა მოუვიდა.”

University of Basel’s Biozentrum – ასე ჰქვია შენობას, რომლის სივრცეშიც ახალი ალბომი დაიწერა. სამუშაო პროცესის განმავლობაში შენობა ცარიელი იყო. ალბომის შექმნისას ანუშკა ჩხეიძემ კომპოზიციური იდეების კვალდაკვალ ე.წ. საველე ჩაწერის მეთოდი გამოიყენა. სწორედ პროექტის კონცეფციამ და მუშაობის სპეციფიკურმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ ალბომი მთლიანად ამ სივრცით არის შთაგონებული და იმ კონკრეტულ დროსთან მჭიდროდ დაკავშირებული, როცა ის შეიქმნა. 

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

შენობა ფუნქციურად უნივერსიტეტი და ბიოლოგებისა და ქიმიკოსებისათვის განკუთვნილი კვლევითი ცენტრია. ნაგებობის განახლება ათი წელი მიმდინარეობდა. არქიტექტორების თქმით, ჩვეულებისამებრ, როცა პროექტს ამთავრებენ, საპრეზენტაციოდ წიგნს ან ბუკლეტს გამოსცემენ. ეს შენობა იყო პირველი შემთხვევა, როცა გაუჩნდათ იდეა, რომ მის კედლებში მუსიკა შექმნილიყო. როგორც ანუშკა ჩხეიძე გვიყვება, მათი სურვილი იყო, არქიტექტურული პროექტის საბოლოო შედეგი ადამიანებისათვის არტისტული ენით გადმოეცათ. 

„ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ სრულიად ახალ რამეს შევქმნიდი და როცა უკან დავბრუნდებოდი, აღარაფერს შევცვლიდი.” – ამბობს არტისტი.

მას შემდეგ, რაც შემოთავაზებას დათანხმდა, ანუშკა 2021 წლის მაისში შვეიცარიაში, ბაზელში გაფრინდა. გეგმის მიხედვით, ყველა ტრეკი შენობაში ჩაიწერა და ყველა კომპოზიციას ამ ნაგებობასთან დაკავშირებული სახელი ჰქვია. შენობის სტრუქტურამ და მისმა თავისებურებებმა განსაზღვრა ტრეკების ჟღერადობაც. 

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

ანუშკა ჩხეიძე:

„პირველი ადგილი, რომელსაც ვესტუმრე, სახურავი იყო. იქ უამრავი დანადგარი დამხვდა და თითოეულ მათგანს თავისი ჟღერადობა ჰქონდა. აქ ხმების საველე ჩაწერა დავიწყე. გარემოც იმდენად მისტიკური იყო, რომ დიდი ინსპირაცია მივიღე და აქედან დაიწყო ტრეკების შექმნა. კიდევ ერთი ადგილი მიწისქვეშ იყო, რომელიც ცდებისათვის განკუთვნილ ადგილს ჰგავდა. იქ ჩასვლისას თევზებით სავსე აკვარიუმი დავინახე. ამის ნახვა ძალიან ემოციური იყო, რადგან დამაფიქრა იმაზე, რომ ყველაფერს თავისი ნათელი და ბნელი მხარე აქვს. მაგალითად, როცა მეცნიერების განვითარებისთვის იბრძვი, ამას შესაძლოა გარკვეული მსხვერპლიც მოჰყვეს. ამ ფიქრებმა ჩემზე ემოციურად ძალიან იმოქმედა. გამორჩეულია ალბომის კიდევ ერთი ტრეკის ისტორია: შემხვდა აპარატი, რომლის ტექნოლოგიასაც თავის ტვინის ტომოგრაფიისას იყენებენ. ის ტვინში მაგნიტურ ველს ატარებს და მონაცემებს სიხშირეებად გარდაქმნის. ამ დანადგარს უცნაური ჟღერადობა აქვს. როცა ხმას ვიწერდი, შორს ვიდექი, რადგან მასთან ახლოს დიდხანს ყოფნა ჯანმრთელობისათვის საშიშია. მისი შთაგონებით საბოლოოდ განსხვავებული მუსიკა დაიწერა, რომელიც ალბომის სხვა ტრეკებისგან გამოირჩევა.”

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

ამგვარად, ალბომზე მუშაობა სივრცეში ერთგვარ კვლევით პროცესს ჰგავდა, რომელიც საინტერესო ჟღერადობების აღმოჩენას და შთაგონების მიგნებას გულისხმობდა. მაგალითად, პიანინოს ხმა, რომელიც LP-შია გამოყენებული, ჩაწერისას სწორედ ამ შენობაში იდგა. ფაქტი, რომ Clean Clear White სტუდიაში არ არის ჩაწერილი და სრულიად განსხვავებულ სივრცეშია შექმნილი, მის ექსპერიმენტულ ხასიათს კიდევ უფრო შინაარსობრივს და ამბებით დატვირთულს ხდის.   

ანუშკა ჩხეიძე:

“Clean Clear White ალბომს იმიტომ დავარქვი, რომ მისი შექმნისას ამ სივრცეში მხოლოდ მე ვიყავი. შენობა ოფიციალურად გახსნილი არ იყო და ყველაფერი ცარიელი, სუფთა და თეთრი იყო. როდესაც კომპოზიციების შექნა დავასრულე და თბილისში დავბრუნდი, ალბომს აღარ შევეხე. მხოლოდ მიქსზე ვიმუშავე. მსურდა, ყოველი ემოცია იმ ორ კვირასთან ყოფილიყო დაკავშირებული, ამიტომ არც ერთი ტრეკი ხელმეორედ არ ჩაწერილა.” 

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

არტისტთან ერთად ასევე მუშაობდა ფოტოგრაფი, რომელიც ალბომის შექმნის პროცესს აღბეჭდავდა. ასევე ჩართული იყო დიზაინერიც, რომელიც ალბომის ყდაზე მუშაობდა. პარალელურად იქმნებოდა პროექტის ბუკლეტიც. პროექტის ინოვაციურმა ხასიათმა განაპირობა, რომ ეს ყველასათვის ექსპერიმენტი და ახალი გამოცდილება იყო. 

„დღეს, როცა ამ ალბომს სამი წლის შემდეგ ვუსმენ, ამ მუსიკისადმი სხვა დამოკიდებულება მაქვს. თითქოს ეს არის ამბავი, რომელიც დარჩა იმ დროში, როცა ის შეიქმნა.” – ამბობს არტისტი.

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

6 აპრილს ალბომის პრეზენტაცია ციურიხში  აკუსტიკურ ინსტრუმენტების თანხლებით შედგება. როგორც მუსიკოსი ამბობს, სურდა, არსებული მუსიკა პრეზენტაციაზე სხვა ფორმით შესრულებულიყო, რათა შემოქმედებითი მოგზაურობა ყველას თავიდან განეცადა. ანუშკა ჩხეიძესთან ერთად დაუკრავენ თამრიკო კორძაია და რუსუდან მეიფარიანი ანსამბლით  Kiosk Ruleta. წარდგენაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ბაზელში დაფუძნებული ანსამბლი Thélème, რომლის წევრთა ხმები არტისტმა ალბომზე მუშაობისას ჩაწერა და რამდენიმე ნაწარმოებებში გამოიყენა. ციურიხის პრეზენტაციის შემდეგ, 11 აპრილს ფირფიტის მოსმენა საქართველოში, Mutant Radio-ში შედგება. 12 აპრილს კი Clean Clear White  ოფიციალურად გამოიცემა. 

„ჩემს შემოქმედებაში ეს ალბომი ალბათ ყველაზე ნაკლებად პერსონალურია. როცა რაღაცას ვაკეთებ, სრულად ჩემს იდეასა და კონცეფციაზე ვარ დამოკიდებული. ასეთ დროს ყველაფერი პირდაპირ ამბებად მოდის და ეს ამბები მუსიკაში ითარგმნება. ამჯერად კი იდეა გამოწვევის სახით სხვისგან წამოვიდა და მეც სიხარულით დავთანხმდი. იდეამ, რომ შეზღუდულ დროში საკუთარ თავში შემოქმედებითი პროცესი გამეღვიძებინა, ძალიან მიმიზიდა” – ანუშკა ჩხეიძე. 

ფოტო: უალტერ მეირი/Walter Mair

იხილეთ ალბომის – Clean Clear White დამატებითი დეტალები: 

ლეიბლი: ISA Records გამოქვეყნებულია BUMA/STEMRA-ს მიერ მიქსინგი: ტეილორ დუპრი (Taylor Deupree) მასტერინგი: კრისტოფ სტიკელი (Christoph Stickel) ლოგო: Ilg Santer Architekten ვინილის მხატვარი, ხელწერა: ვატო მაღრაძე ტექსტის ავტორი:ჰუბერტუს ადამი

დიზაინი: ბერნდ კუჰენბაიზერი (Bernd Kuchenbeiser)

პროდიუსერები: ანუშკა ჩხეიძე და ბერნდ კუჰენბაიზერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი Eras ტურზე 2024 წლის 2 აპრილი სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე

ტეილორ სვიფტი ოფიციალურად მილიარდერია

შემდეგი სტატია

„ჯადოსნური ეკრანი – ამბები ქართული ანიმაციიდან” 

შეიძლება დაგაინტერესოთ

არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები – კლუბში KHIDI აუდიო-ვიზუალური ღონისძიება გაიმართება

აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას პლატფორმა „მექანიკური ტალღები” სეზონურად წარადგენს.
მეტი

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით Doors ახალ გამოცემებს, საარქივო წიგნს და სხვა მრავალ სიახლეს აანონსებს

2025 წლის დასაწყისში ბრიტანული გამომცემლობის მიერ მომზადებული 344-გვერდიანი წიგნი Night Divides the Day გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარის სიმღერამ „ბილბორდის“ ჩარტის რეკორდი მოხსნა

ჩარტის 35-წლიან ისტორიაში Not Like Us იქცა მუსიკალურ ნამუშევრად, რომელმაც ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პირველი ადგილი.
მეტი

Diddy-ს დედა თავის ვაჟს იცავს: „ის არ არის მონსტრი, რომელიც მისგან შექმნეს”

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ასამართლებენ ჩემს ვაჟს იმისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ტყუილებისგან შექმნილი ნარატივია.”
მეტი