გაიცანით ახალგაზრდა მუსიკოსი სალომე თათარაშვილი 

„არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს სიმღერებში თავიანთ მდგომარეობას და ისტორიას დაინახავენ. ამიტომ მინდა, რომ მოისმინონ და თავიანთი აზრი, გამოცდილება და ემოციები გამიზიარონ.”
სალომე თათარაშვილი


სალომე თათარაშვილი ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელია. ფართო აუდიტორიამ ის მუსიკალურ პროექტ „ვოისიდან” გაიცნო, სადაც ის ფინალისტებს შორის მოხვდა. პროფესიით ბიოლოგია, თუმცა, როგორც ამბობს, ბავშვობიდან იცოდა, რომ მუსიკოსი უნდა ყოფილიყო. პირველი სინგლი 2019 წელს გამოაქვეყნა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი 2023 წელს მისი პირველი EP, სახელწოდებით Sparkless, გამოვიდა. 

საკუთარ შემოქმედებასა და სადებიუტო EP-ზე  სალომე თათარაშვილი Billboard საქართველოს ესაუბრა:

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მუსიკოსობა მინდოდა. სულ ჩემი პატარა „სცენით” დავდიოდი სამეზობლოში. დავდგამდი ამ სცენას, ზედ ავიდოდი და სიმღერას ვიწყებდი. ეს ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. თუმცა როცა ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, სულ სხვა საქმე ავირჩიე – ბიოლოგია, გავრცელებული მოსაზრების გამო, რომ „ბიოლოგია მომავლის პროფესიაა. შემდეგი 4 წელი კი იმაში დასარწმუნებლად დამჭირდა, რომ ვერც ერთ სფეროში თავს ისე ბედნიერად ვერ ვგრძნობ, როგორც მუსიკაში. 

2018 წლიდან ჩემს თავში ახალი შესაძლებლობა აღმოვაჩინე – მუსიკის წერა. მელოდიაც და ტექსტიც თავისით მოდიოდა, მაგრამ სირთულე იყო ის, რომ ნოტები არ ვიცოდი. ამიტომ ტელეფონით ვიწერდი მელოდიებს და ასე ვიმახსოვრებდი, შემდეგ კი აკორდებს ფორტეპიანოსა და გიტარაზე სმენით ვპოულობდი, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა თანდათან მთლიანად გადავეშვი ამ სიამოვნებაში.

სალომე თათარაშვილი

2019 წელს გამოვეცი პირველი სინგლი, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუმცა ამის შემდეგ რაღაც პერიოდი მხოლოდ ჩემთვის ვწერდი მუსიკას და არ ვაქვეყნებდი. 2023 წელს კი ჩემი პირველი EP გამოვიდა, სახელწოდებით SPARKLESS, რაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო. Ჩაწერის პროცესი არ იყო მარტივი. ისე მოხდა, რომ ნახევრამდეც არ ვიყავით მისული, როცა ჩემს მენეჯერსა და ხმის ინჟინერ პაპუნა ალიბეგაშვილს ამერიკაში მოუწია გაფრენა. შესაბამისად, მუშაობის გაგრძელება დისტანციურად მოგვიწია. ვოკალის ნაწილი ტელეფონითაც კი ჩავწერეთ, რაც ძალიან რთული იყო. არ არის მარტივი ასე ონლაინ ტემბრის და საერთოდ ყველაფრის დამთხვევა. მით უმეტეს, რომ ჯერ დამწყები ვარ და ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთული იყო ჩემთვის. ამას ემატებოდა ქვეყნებს შორის დროის განსხვავება და ხან მე ვათენებდი, ხან პაპუნა. ასევე უნდა ვახსენო ნიკალა ზუბიაშვილი, რომლის გარეშეც ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. სწორედ ნიკალა დამეხმარა ფროდაქშენსა და ინსტრუმენტების ჩაწერაში. გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილები ვართ, რომ ნამდვილად ღირდა. სხვათა შორის, EP-ის გამოსვლამდე NEWCOMERS 2023-ის ფინალშიც გავედით, რაც ასევე ძალიან დიდი წარმატება იყო.

სალომე თათარაშვილი

Რაც შეეხება SPARKLESS-ს, ეს EP ისეთ თემებს ეხება, რასაც აქამდე მხოლოდ ჩემთვის ვინახავდი და საჯაროდ არ ვლაპარაკობდი. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე ვინმეს ჩემს მუსიკას მოვასმენინებდი. შესაბამისად, ყველაფერი ზუსტად ისე გულწრფელად გადმოვეცი, როგორც საკუთარ თავს ვესაუბრები ხოლმე. ვცდილობდი, მივმხვდარიყავი, რა მომწონს და რა არა. მინდოდა, მელოდიებში საკუთარი თავი მეპოვა. ზოგადად, მუსიკის წერის დროს საშუალება მაქვს, ბოლომდე გამოვხატო ჩემი ემოციები და სათქმელი. შეიძლება შუაღამეს გამეღვიძოს და ტელეფონში რაღაც მელოდია ჩავიწერო. მერე დილას რომ ვუსმენ, თითქმის ვერ ვარჩევ ხოლმე, რა ხდება, მაგრამ სულ ამ პროცესში ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვარ, იმ მომენტშივე ვწერ და ვწერ იმაზე, რაზეც ყველაზე მეტს ვფიქრობ და განვიცდი. ბოლოს კი ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, მომინდა, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა, რადგან ვფიქრობ, რომ მარტო არ ვარ. არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს სიმღერებში თავიანთ მდგომარეობას და ისტორიას დაინახავენ. ამიტომ მინდა, რომ მოისმინონ და თავიანთი აზრი, გამოცდილება და ემოციები გამიზიარონ.”

ამ ეტაპზე მუსიკოსი რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომლებსაც მსმენელს უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გააცნობს. 

„ეს პროექტები ჩემი მუსიკისგან განსხვავებულ სტილშია და ვფიქრობ, მსმენელისთვის საინტერესო იქნება. ბევრ რამეს ვსწავლობ, ძიების პროცესში ვარ. მინდა, საკუთარი თავი სხვადასხვა ჟანრში გამოვცადო. ძირითადად ვწერ სოულს, R&B-ის. Ძალიან მიყვარს ჰარმონიების გამოყენება და ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მრავალხმიანი ბექვოკალი ჩავწერო. მოკლედ, შემიძლია ვთქვა, რომ წინ დიდი და საინტერესო გეგმები გვაქვს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიკა მაჩაიძის 2003 წლის ალბომი „შენтыmental” ფირფიტაზე გამოიცა

შემდეგი სტატია

Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი