ნიკა მაჩაიძის 2003 წლის ალბომი „შენтыmental” ფირფიტაზე გამოიცა

ფირფიტა ლეიბლ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” პროექტის ფარგლებში გამოიცა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლეიბლმა სახელწოდებით  „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” მუსიკოს ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) 2003 წლის ალბომი, სახელწოდებით „შენтыmental” ფირფიტაზე გამოსცა. გამოცემის პრეზენტაცია 18 აპრილს, Mutant Radio-ს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცეში შედგა. „შენтыmental”-ის ამ ფორმით გამოცემა „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” პროექტის ნაწილია. პროექტის დამფუძნებლები ჯაბა შავიშვილი და ნათია სართანია არიან. პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) „შენтыmental” ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” მეშვიდე გამოცემაა. Nikakoi ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში პიონერი არტისტია. ის 90-იანი წლებია შუა პერიოდიდან ქმნის ექსპერიმენტულ მუსიკას. 90-იანი წლების ბოლოს ნიკა მაჩაიძე ევროპაშიც გაიცნეს, როდესაც მან საფრანგეთსა და გერმანიაში სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიების ფარგლებში დაუკრა. 

ალბომი 17 ტრეკს აერთიანებს და ჩაწერის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია. ნამუშევრის მოცულობის გამო, „შენтыmental”ორმაგი ფირფიტის სახით გამოიცა. 

ფოტო: ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა

„მუსიკის შექმნა 1996 წელს დავიწყე და დავიწყე ექსპერიმენტებით. მაშინ იყო Windows 3, რომელშიც შესაძლებელი იყო ხმა ჩაგეწერა და პროგრამა ელემენტარული მანიპულაციების საშუალებას გაძლევდა. ამ პირობებში დავიწყე ჩემი პირველი ტრეკების კეთება,” – აღნიშნა ნიკა მაჩაიძემ თავისი მუსიკალური შემოქმედების საწყის ეტაპზე საუბრისას. „WMF – იყო კლუბი ასეთი ბერლინში, რომელსაც თავისი ლეიბლიც ჰქონდა. ამ კლუბში დავუკარი ლაივი და ამის შემდეგ შემომთავაზეს, რომ კომპილაციისათვის ერთი ტრეკი მიმეცა, რაზეც დავთანხმდი. შემდეგ  დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ არასდროს გამოუშვიათ არტისტის ალბომი და სურდათ, პირველად ჩემი ალბომი გამოეცათ. ეს ხდებოდა 2002 წელს. ჯერ გამოიცა  „Sestrichka”, „შენтыmental” კი 2003 წელს გამოვუშვი”

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

როგორც „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ნიკა მაჩაიძე ის არტისტია, რომელმაც ქართული ელექტრონული მუსიკა მნიშვნელოვან ნიშნულებთან მიიყვანა. 

„21 წელი გავიდა „შენтыmental”-ის გამოცემიდან და ეს მუსიკა დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ალბომი ფირფიტაზე გამოიცა, ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს პირველი ორმაგი ფირფიტაა. ნიკამ თავისი თაობის და შემდეგი თაობის უამრავ მუსიკოსს მისცა ბიძგი, რომ ელექტრონული მუსიკა შეექმნათ. დღეს ქართული ელექტრონული მუსიკა რომ რაღაც ნიშნულზეა, ჩემთვის ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება ნიკა მაჩაიძის შემოქმედებას.” 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. ამ დრომდე პროექტის ფარგლებში გამოცემულია ისეთი ჩანაწერები, როგორებიც არის: Mother On Monday-ის ალბომი Friends; ელექტრონული მუსიკის ალბომი –  „მჟავა MESSAGE“; Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი – Lemonjuice; ფირფიტა, რომელიც Georgian Dance Empire-ის შემორჩენილ ჩანაწერებს აერთიანებს; შავი პრინცის და ძებნილების ალბომი „იძებნება“ და  Afternoon Version-ის Together. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდის ახალი სინგლი გამოვიდა

შემდეგი სტატია

სალომე თათარაშვილი | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

გაიცანით ახალგაზრდა მუსიკოსი სალომე თათარაშვილი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი