ბრიტანული ბენდის, ARCHIVE-ის ხმოვანი ნარატივი – Tbilisi Open Air-ზე

ARCHIVE მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მესამედ ეწვევა, ბენდი TOA-ს მთავარ სცენას 21 ივნისს დაიკავებს.
ARCHIVE (c) TBILISI OPEN AIR / Shalika Studio
ARCHIVE (c) TBILISI OPEN AIR / Shalika Studio

საქართველოში გამორჩეული მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის წლევანდელ ლაინაფში არაერთ ცნობილ შემსრულებელთა სახელებს ამოიკითხავთ, თუმცა ცალკე აღნიშვნა სჭირდება გამორჩეულ ბრიტანულ ბენდს  ARCHIVE

ბენდი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში  ორჯერ, 2015 და 2017 წლებში უკვე იყო მოწვეული, სადაც მსმენელს დაუვიწყარი და საოცრად შთამბეჭდავი პერფორმანსი შესთავაზა. წელს კი Lisi Wonderland-ის სივრცეში, ფესტივალის გახსნის დღეს,  ARCHIVE თბილისს მესამედ ესტუმრება. 

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

ARCHIVE – ეს არის ბენდი ეკლექტური ჟღერადობით, რომელიც ტრიპ-ჰოპით, ინტეგრირებული პროგრესული როკით, ელექტრონული მუსიკითა და გრძელი ინსტრუმენტული პასაჟებით არის გამორჩეული. მათი მელოდიები როგორც აგრესიულ, ასევე მინორულ ბითებსაც  აერთიანებს, სადაც მთავარი ნარატივი ინსტრუმენული თხრობა და მუსიკალური დინამიკური ცვლილებაა. 

ჯგუფის თითქმის 28-წლიან მუსიკალურ ისტორიას თუ გადავხედავთ, მათი წევრები საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ, თუმცა ბენდის სულის ჩამდგმელი დარიუს კილერსი და დენი გრიფიტსი დღემდე ARCHIVE-ის მამოძრავებელ ძალად რჩებიან. ბენდის ისტორია 1994 წლიდან იწყება, 1996 წელს  კი ARCHIVE-მა სადებიუტო ალბომი Londinium გამოსცა, რასაც სამი წლის თავზე მეორე სტუდიური ალბომი, Take My Head (1999) მოჰყვა. ამ ალბომში სიმფონიური ტრიპ-ჰოპის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი ნათელი, მელოდიური ჟღერადობით არის წარმოდგენილი. 

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2000 წელს ARCHIVE-ს ახალი ვოკალისტი, კრეიგ უოკერი შეუერთდა და ჯგუფმა სიმღერა Again ჩაწერა. ეს 16-წუთიანი სიმღერა ბენდის გამორჩეულ კომპოზიციად იქცა – მას ძლიერი ინსტრუმენტული სექციები, დინამიკური სტრუქტურა და ემოციური ვოკალი ახასიათებს.

2002-2005 წლებში ბენდმა კრეგ უოკერთან ერთად ჯამში სამი სტუდიური ალბომი გამოსცა: You All Look The Same To Me (2002), Michel Vaillant (2003) და Noise (2004). ბენდის ეს ნამუშევრები ARCHIVE-ის მუსიკალური ჟღერადობის იდენტობის აღმნიშვნელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ბენდი ნელ-ნელა ელექტრონული, ტრიპ-ჰოპის ელემენტებს ჩამოშორდა და უფრო ფსიქოდელიური, პროგრესული ჟღერადობის მიმართულებისკენ გადაიხარა.  

ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2004 წელს  კრეგ უოკერი, დავიდ პენმა (BirdPen) ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე ბენდის წევრია. ამავე წელს მათ მუსიკოსი პოლარდ ბერიერი შემოუერთდათ და სწორედ აქედან,  ARCHIVE-სთვის ახალი ერა დაიწყო. 2004  წელს ბენდმა ალბომი Noise გამოსცა, სადაც ცნობილი სიმღერა Fuck U შედის. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ქავერი შემდგომ თვით Placebo-მ შეასრულა. ამ დროისთვის ბენდმა სახე იცვალა და ის უფრო კოლექტიურ შემსრულებელთა ჯგუფად გარდაიქმნა, სადაც  მუსიკალური ჟღერადობის სრულყოფილ ჩამოყალიბებაზე ბენდის თითოეულმა წევრმა შეიტანა წვლილი.  2006 წელს გამოვიდა ალბომი Lights, რომელმაც კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 

2009 წელს ARCHIVE თავისი ყველაზე ცნობილი ალბომით, Controlling Crowds I-III-ით დაბრუნდა. საფრანგეთის და საბერძნეთის მუსიკალურ ჩარტებში ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა, შვეიცარიაში – მეორე, ხოლო ლუქსემბურგში მეხუთე ადგილზე გავიდა. სინგლი სახელწოდებით Bullets კი დღემდე მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. 

ARCHIVE-ს ჯამში 16 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, 2019 წელს მათი მუსიკალური კარიერის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბენდმა  რეტროსპექტიული კოლექცია, სახელწოდებით 25 გამოუშვა, რომელიც 26 ტრეკს აერთიანებს.

ARCHIVE-ის მუსიკა ხშირად იკვლევს ეგზისტენციალურ საკითხებს, გვიყვება ადამიანის მდგომარეობის, ცხოვრების არსისა და პიროვნების შესახებ. მათი ალბომები სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს, სადაც ძალაუფლების სტრუქტურას და სოციალურ ნორმებს ბენდი ხშირად აკრიტიკებს. ARCHIVE-ის სიმღერები რეალურ ამბებს კონცეპტუალურად მოგვითხრობს და მსმენელს მუსიკის ღრმა შრეებში ამოგზაურებს:

მაგალითად – 1996 წელს გამოსული სადებიუტო ალბომი Londinium ბრისტოლური ჟღერადობის და ალტერნატიული როკის ელემენტებს მოიცავს, რომელიც ურბანულ იზოლაციას და ეგზისტენციალურ ფიქრებს ეხება. 2002 წელს გამოცემული მესამე სტუდიური ალბომი  You All Look the Same to Me უფრო პროგრესული როკია, სადაც იდენტობაზე არის აქცენტი გაკეთებული.

ARCHIVE (C) Ninuca Kakabadze
ARCHIVE 2017 წლის Tbilisi Open Air-ზე (C) Ninuca Kakabadze

2009 წლის ალბომი სახელწოდებით Controlling Crowds რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, სადაც ფოკუსირება კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებზე და  ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ საზოგადოებაზე ხდება. 

ARCHIVE-ის 2014 წელს გამოსული აუდიოვიზუალური პროექტი Axiom კი მუსიკასა და ფილმს აერთიანებს, რომლის ყველა კომპოზიცია საუნდტრეკად დაჰყვება ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიან ფილმს, ალბომი კი ძირითადად დისტოპიურ მომავალზე მოგვითხრობს.

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air უკვე მრავალი წელია მსმენელს ხარისხიანი მუსიკით ანებივრებს, რითაც წლევანდელი წელიც გამორჩეულია. ARCHIVE მთავარ სცენაზე ფესტივალის პირველ დღეს, 21 ივნისს წარდგება. დამსწრე აუდიტორიას კი წინ დიდი სიამოვნება ელის, რადგან ამავე დღეს Lisi Wonderland-ზე ARCHIVE-ის გამოსვლამდე სცენას ცნობილი ნორვეგიელი არტისტი AURORA დაიკავებს, ბრიტანული ბენდის შემდეგ კი მთავარი სცენა ქართულ ბენდებს, MOKUMOKU-ს,  MECHANICAL RAINBOW-ს და  NEWCOMER 2024-ის გამარჯვებულ  Tape Visitors დაეთმობა.

Tbilisi Open Air 2024-ის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე • კახიძის მუსიკალური ცენტრი

ნიჭიერთა ათწლედის 90 წლის იუბილე

შემდეგი სტატია

ემინემის ახალი ტრეკი, Houdini, მსმენელმა კვირის რჩეულ ახალ ნამუშევრად დაასახელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი

ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ - წერს ბიონსე სოციალურ ქსელში.
მეტი