Tbilisi Open Air-ის საიუბილეო მე-15 სეზონი დაიწყო

ფესტივალის შესახებ Billboard საქართველო მის ორგანიზატორებს ესაუბრა.

დღეს, 21 ივნისს სტარტი აიღო Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-15 სეზონმა. ფესტივალი 2009 წელს დაარსდა და მალევე მოიპოვა ქვეყნის მთავარი მუსიკალური ფესტივალის სტატუსი. Open Air-ის საერთაშორისო მნიშვნელობაზე, მის განვლილ გზასა და საიუბილეო სეზონზე Billboard საქართველო ფესტივალის შემოქმედებით გუნდს ესაუბრა.

როგორ იწყება Tbilisi Open Air-ის ისტორია და რა იყო იმ დროს ფესტივალის დაარსების მიზანი?

აჩიკო გულედანი – Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი :

2009 წლამდე ორი წელი ვმუშაობდით ფესტივალის იდეაზე და 2009 წელს უკვე საშუალება მოგვეცა, შეგვექმნა და ჩაგვეტარებინა ფესტივალი, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდით. Რა თქმა უნდა, რისკები იყო, რადგან ჩვენ პატარა კომპანია ვიყავით, საქართველოში კი არ არსებობდა ამ მასშტაბის ფესტივალების ჩატარების გამოცდილება. მაგრამ ენთუზიაზმი ძალიან დიდი იყო, რადგან გვჯეროდა ამ ფესტივალის საჭიროებისა და მნიშვნელობის. 

Tbilisi Open Air მუსიკოსებმა გავაკეთეთ და შემიძლია ვთქვა, რომ შთაგონების წყარო, ვაიბის თვალსაზრისით, იყო ვუდსტოკი. ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც გვქონოდა მსგავსი ფესტივალი, რომელიც დასავლური ღირებულებების მატარებელი იქნებოდა და იმ ევროპული სივრცის ნაწილად გვაქცევდა, რომლის ნაწილიც ორგანულად ვართ. ეს უნდა ყოფილიყო თავისუფლების ზეიმი. ასე რომ, „მუსიკა ათავისუფლებს” არ არის მხოლოდ სიტყვები – ეს მართლაც ასეა და ფესტივალის მთავარი იდეაც სწორედ ესაა. ჩვენ ამ 15 წლის განმავლობაში ერთად ვიზრდებით და ვთავისუფლდებით. Tbilisi Open Air არის იდეა, რომელიც ემსახურება თავისუფლებას, მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას. აქ იკრიბებიან სრულიად განსხვავებული ადამიანები, რომელთაც აერთიანებთ ერთი რამ და ეს არის მუსიკა, რომელიც ათავისუფლებს.

Tbilisi Open Air 2023

როგორი იყო Open Air-ის პირველი წელი და როგოც იქცა ის გზადაგზა ქვეყნის მთავარ მუსიკალურ ფესტივალად?

სოფო ებრალიძე – Tbilisi Open Air-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

პირველი ფესტივალის პირველი დღე იყო შარდენზე და შემდეგ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი ასეთი მასშტაბური მუსიკალური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ასე ვფიქრობ დღევანდელი გადასახედიდანაც. პირველივე ფესტივალი იმდენად წარმატებული გამოვიდა, მაშინვე გადაწყდა, რომ ის აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო.

აჩიკო გულედანი:

ვინაიდან იმ დროს ქვეყანაში არ არსებობდა მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ორგანიზების კულტურა და გამოცდილება, იმისათვის, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარებულიყო, აუცილებელი იყო იმ გამოწვევების გადაჭრა, რაც პირველი სეზონის დროს გამოჩნდა. მთავარი პრობლემა იყო საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი ბენდების არარსებობა. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ახალბედა მუსიკოსებისთვის Tbilisi Newcomers, რომელიც პირდაპირ მიბმულია ფესტივალზე. Tbilisi Newcomers-მა უამრავი საინტერესო ბენდი გამოავლინა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო რანგის არტისტს ჰყავს შესანიშნავი ქართველი „პრე-ჰედლაინერი”, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ შემთხვევაში კი თავად ადგილობრივი არტისტები გვევლინებიან მთავარ ჰედლაინერებადაც. 

დროთა განმავლობაში ფესტივალმა ასევე ბევრი მეგობარი შეიძინა და ეს მეგობრები ფესტივალის დიდ ოჯახში შემოვიყვანეთ. აქედან დაიბადა ფესტივალის სხვადასხვა სცენები, რომლებსაც თავიანთი სეგმენტები ჰყავთ და Tbilisi Open Air-ს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიან. მაგალითად, ჯაზის და ალტერნატივის სცენა, Zinger Stage, რომელმაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციას. ფსაი ტრანსის სცენა – Zion Garden და ელექტრონული მუსიკის სცენა ჯერ Eye Stage-ის, წელს კი უკვე Khidi Stage-ის სახით.

SKAZZ
Tbilisi Open Air 2023

რა ადგილი უჭირავს საქართველოს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში და როგორ მოახერხა Tbilisi Open Air-მა ქვეყნის საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე მონიშვნა?

დავით ცინცაძე – Tbilisi Open Air-ის თანაორგანიზატორი:

Tbilisi Open Air ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამ წლების განმავლობაში ჩვენ 1000-ზე მეტ შემსრულებელს ვუმასპინძლეთ, მათ შორის გვახსოვს მსოფლიო დონის ისეთი ჰედლაინერები, როგორებიცაა Deep Purple, Placebo, Archive, Tricky, UNKLE და სხვა. ამ ყველაფრით კი, რა თქმა უნდა, Tbilisi Open Air-ს უკვე დიდი ხანია, რაც საერთაშორისო საფესტივალო რუკაზე თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული.

Tom Odell
ტომ ოდელი Tbilisi Open Air 2023-ის სცენაზე

სოფო ებრალიძე:

იმის გარდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა ჩვენს რეგიონში, ფესტივალი უდიდეს როლს თამაშობს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაშიც. ის ღირებულებები, რის გარშემოც ვერთიანდებით უკვე 15 წელია, ყოველდღიურობაშიც გადმოითარგმნება: ის, თუ როგორ ვექცევით ერთმანეთს, რამდენად შეგვიძლია თანაცხოვრება ჩვენგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ ადამიანებთან, რამდენად შეგვიძლია პატივი ვცეთ სხვის თავისუფლებასა და  თვითგამოხატვას… მუსიკალური თვალსაზრისით კი ეს არის ყველაზე დიდი პლატფორმა ადგილობრივი არტისტებისთვის, განავითარონ და გამოწვევა გაუკეთონ საკუთარ თავებს, რადგან ისინი ყოველწლიურად დგებიან და წარმოაჩენენ თავს ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე.

რაც შეეხება საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, სხვაობა იმ პერიოდთან, როცა ყველაფერს ვიწყებდით, ძალიან დიდია. 2009 წელს თუ შევადარებთ, საქართველო მაშინ არც მუსიკალური თვალსაზრისით იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამ ყველაფერს დრო დასჭირდა. პირველ რიგში, ფესტივალის ტრადიციულ რეჟიმში ჩატარებამ, მგონია, რომ ხელი შეუწყო ქვეყნის მონიშვნას მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე. თავის მხრივ, ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად ესწრება საერთაშორისო მუსიკალურ გამოფენებს, კონფერენციებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ელექტრონული მუსიკის თვალსაზრისით, საქართველო და განსაკუთრებით თბილისი უდიდესი ყურადღების ცენტრშია, შეიძლება ითქვას, რომ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებს შორის. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის ცნობადობას მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში.

Moderat
Tbilisi Open Air 2023

როგორ ხდება ფესტივალის მონაწილეების შერჩევა და რა ელოდება მსმენელს წელს?

დავით ცინცაძე:

ფესტივალისთვის არტისტების შერჩევა და მათთან მოლაპარაკებები უწყვეტი პროცესია. მაგალითად, დღეს უკვე ვმუშაობთ შემდეგი წლის ლაინაფზე. პირველი ეტაპი არის, როცა გუნდში ვთანხმდებით, თუ ვინ არის ჩვენი სამიზნე და ვისთან შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. შემდეგ კი უკვე ხდება გაფილტვრა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, მნიშვნელოვანია, იმ წელს ვის აქვს ტურნე, ვინ არის გეოგრაფიულად ახლოს და ა.შ.  ამის შემდეგ უკვე დგება სასურველი არტისტების სია და გადავდივართ მოლაპარაკების ეტაპზე. გზადაგზა კიდევ ბევრი არტისტი იფილტრება და ზამთრისთვის უკვე მივდივართ საბოლოო შეთანხმებისკენ. თუმცა ყოფილა მომენტი, როდესაც არტისტი ბოლო წამს დაგვიდასტურებია. აქვე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი კრიტიკა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ჩამოგვეყვანა და ვინ არ უნდა ჩამოგვეყვანა, ყოველთვის გათვალისწინებულია ჩვენი მხრიდან. ეს არის უკუკავშირის მიღების ერთადერთი გზა ჩვენი მსმენელისგან. ეს უკუკავშირი კი ძალიან მნიშვნელოვანია ფესტივალის განვითარებისთვის.

წლევანდელ სეზონს რაც შეეხება, 15 წლის იუბილე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ხშირად ვამბობ, რომ ეს არის უკვე ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი. წელს კი კიდევ უფრო დიდი მრავალფეროვნება გვექნება, ოთხივე სცენა დატვირთული იქნება მუსიკალური ფიუჟენით და 15 წლის იუბილეს სწორედ ასეთი მრავალფეროვნებით აღვნიშნავთ. 

Tbilisi Open Air 2024

სოფო ებრალიძე:

მუსიკალური მრავალფეროვნების გარდა, გვექნება დამატებითი აქტივობები. ევროზონაში იქნება ჩემპიონატის ტრანსლაციები. განსაკუთრებით ვემზადებით 22 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. გვექნება ასევე სერიალების ჩვენებები და მათ გარშემო საუბრები. გამოვარჩევდი საბავშვო სივრცესაც, რათა მცირეწლოვანმა ბავშვებმაც სასიამოვნოდ გაატარონ დრო მშობლებთან ერთად. წელს კიდევ უფრო მასშტაბურია Freedom Village, სადაც ის თემები, რომლებსაც ფესტივალი აერთიანებს (სამოქალაქო თვითშეგნება, ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა)  დისკუსიების, შეხვედრებისა და გათამაშებების სახით იქნება წარმოდგენილი. დამატებით შეიქმნა კიდევ ერთი პროექტი Tbilisi Open Air for Freedom, რომლის ფარგლებშიც ასევე საინტერესო შეხვედრებს გავმართავთ და სხვადასხვა ჭრილში ვისაუბრებთ სამოქალაქო აქტივიზმზე. 

ასე რომ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ფესტივალი განვავითაროთ და მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ ის და კიდევ უფრო დიდ წერტილად მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო რუკაზე. Tbilisi Open Air მხოლოდ იმიტომ არსებობს უკვე 15 წელია, რომ მსმენელისგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ძალიან ვაფასებთ ამ თანადგომას და იმ იდეის მხარდაჭერას, რომ “მუსიკა ათავისუფლებს”.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd-ის Madonna-ს და Playboi Carti-ის სიმღერამ Popular  პლატინის სერტიფიკატი მიიღო

შემდეგი სტატია

დისნეი ჯუნიორის „არიელი” პატარა ქალთევზას სრულიად ახალ, მცირეწლოვან აუდიტორიას წარუდგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი