მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი M.I.A Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე – მეორე საფესტივალო დღის მიმოხილვა

მუსიკოსის შესრულება აუდიტორიასთან ხშირი ინტერაქციით გამოირჩეოდა, თუმცა არტისტმა ისეთი გზავნილებიც გააჟღერა, რომლებიც მსმენელის დიდი ნაწილისათვის დამაბნეველი აღმოჩნდა და შემდგომ სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოჰყვა.

22 ივნისს Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღე გაიმართა. აუდიტორიის წინაშე ქართველი მონაწილეები და ერთი საერთაშორისო ჰედლაინერი – M.I.A წარდგა. 

მსმენელმა ფესტივალის მთავარ სცენაზე მოისმინა ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: Circus Mircus, Killages, Avara, ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები. ქართველი შემსრულებლების მუსიკალური ნომრები აუდიტორიის ჩართულობით და არტისტებსა და მსმენელს შორის ინტერაქციით მიმდინარეობდა. 

ქართული ბენდებისგან პერფორმანსისას მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა, ასევე გაჟღერდა რუსეთის მიმართ ღია საპროტესტო განაცხადებიც. 

Billboard Georgia  ფესტივალის მეორე დღის მსვლელობისას Avara-ს გაესაუბრა, რომელიც Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე პირველად გამოვიდა. 

ნიკა ჩოხელი, Avara-ს ფრონტმენი:

„Avara-სთვის მთავარ სცენაზე პირველი გამოსვლა იყო და ეს გამოცდილება, ალბათ, მთელი ცხოვრება გაგვყვება. ეს არის ის სცენა, რომლიდანაც საშუალება გაქვს, ამდენ მსმენელს შენი სიმღერა უკეთ გააცნო. პირველად Tbilisi Open Air-ს 2009 წელს დავესწარი, მაშინ პირველად ჩატარდა ეს ფესტივალი. მაშინ 14 წლის ვიყავი. მას შემდეგ ყოველ წელს მოვდივარ. რაც შეეხება საერთაშორისო მონაწილეებს, ერთ-ერთი არტისტი, რომელსაც წელს განსაკუთრებით ველოდებოდი არის AURORA. ის ყველაზე ახალბედა არტისტია, ვინც Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ახლა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და ეს გარემოებაც კარგად დაემთხვა.”

M.I.A. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართველი შემსრულებლების შემდეგ სცენა მეორე საფესტივალო დღის მთავარ მონაწილეს და Tbilisi Open Air 2024-ის წამყვან ჰედლაინდერს – M.I.A.-ს დაეთმო. არტისტი სცენაზე მოცეკვავეებთან ერთად გამოვიდა. ჩვეული სასცენო იმიჯით, ქორეოგრაფიული ელემენტებითა და შესრულების დამახასიათებელი მანერით, მუსიკოსი იმ ენერგეტიკით ხასიათდებოდა, რამაც საფესტივალო ტერიტორიაზე გამორჩეული ატმოსფერო შექმნა.

M.I.A.-მ თავისი გამოსვლა გახსნა ტრეკით, სახელწოდებით, Double Bubble Trouble რომელიც შესულია არტისტის ცნობილ ალბომში – Matangi. ლაივის დროს ასევე შესრულდა ისეთი ჰიტები, როგორებიც არის: Bad Girls, Paper Planes, Borders.  მუსიკოსის შესრულება აუდიტორიასთან ხშირი ინტერაქციით გამოირჩეოდა, თუმცა არტისტმა ისეთი გზავნილებიც გააჟღერა, რომელიც მსმენელის დიდი ნაწილისათვის დამაბნეველი აღმოჩნდა და შემდგომ სოციალურ ქსელში აქტიური განხილვა მოჰყვა. 

M.I.A.-მ აღნიშნა, რომ ეს საქართველოში მისი პირველი ჩამოსვლაა. არტისტმა ასევე ახსენა საქართველოს ნაკრების  მონაწილეობა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. 

M.I.A. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

აუდიტორიის დაბნეულობა და სხვადასხვაგვარი რეაქციები გამოიწვია ფაქტმა, როცა M.I.A.-მ საქართველო და რუსეთი ერთ წინადადებაში ახსენა – „საქართველო, რუსეთი” – დაიძახა არტისტმა ტრეკის შესრულების წინ, რასაც  სხვადასხვა შეფასება და კონტექსტის განსხვავებული აღქმა მოჰყვა. მსმენელის ნაწილი აღნიშნავს, რომ M.I.A. აუდიტორიისგან ორივე ქვეყნის ხსენების შემდეგ შესაბამისი რეაქციის გაჟღერებას ელოდა, რაც საქართველოს შემთხვევაში მხარდამხარ შეძახილები უნდა ყოფილიყო, რუსეთის შემთხვევაში კი – პროტესტი. 
მსმენელის ნაწილი კი ამ რეპლიკამ გაანაწყენა და გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ არტისტის მხრიდან რუსეთის საქართველოსთან ერთად ხსენება არაეთიკური და კონტექსტისათვის შეუსაბამო იყო. 

M.I.A.-ს შესრულებისას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი მსმენელის მიერ გაჟღერებული პოზიცია იყო. როდესაც მუსიკოსმა აუდიტორიიდან ერთ-ერთ გულშემატკივარს  მიკროფონი მიაწოდა, მან რუსეთისადმი მწვავე პროტესტი გამოხატა. მოგვიანებით ამავე მსმენელს არტისტმა მიმართა, რომ თუ რუსეთს ამგვარი სიტყვებით მოიხსენიებს, მეტად ძლიერი უნდა იყოს. ეს უკანასკნელი ფრაზა არტისტის მხრიდან კიდევ ერთი ის განაცხადი იყო, რომელმაც მსმენელის ნაწილის დაბნეულობა გამოიწვია. 

M.I.A. ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლაივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როცა M.I.A. ყველასათვის მოულოდნელად სცენიდან ჩამოვიდა და აუდიტორიისაგან გამყოფ ჯებირზე ავიდა. ლაივის დროს ის ხშირად ართმევდა ფანებს მობილურ მოწყობილობებს და ვიდეოებს წერდა. 

მსმენელისათვის ემოციური მომენტი აღმოჩნდა, როცა არტისტს აუდიტორიიდან საქართველოს დროშა მიაწოდეს. „აქ საქართველოს დროშა მაქვს. მასზე ჯვრებია გამოსახული. ჯვარს ჩემთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს,” – თქვა მუსიკოსმა. მან დროშა სასცენო კოსტიუმზე დაიმაგრა და სწორედ ასე შეასრულა მომდევნო სიმღერა. 

Tbilisi Open Air-ის მეორე დღე სწორედ M.I.A.-ს შესრულებით დასრულდა. ფესტივალის მე-15 საიუბილეო სეზონი 23 ივნისს დაიხურება და Tbilisi Open Air მსმენელს 2025 წლამდე დაემშვიდობება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში აბაზანაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ფრენკ ოუშენის Solo-ს მღერის

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნიმ ლონდონში ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებთან ერთად ტეილორის სიმღერაზე – But Daddy I Love Him იცეკვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი