Tbilisi Open Air 2024 დასრულდა

ფესტივალის დასკვნით დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიო მუსიკალური სცენის ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: The Tiger Lillies, La Femme და Masego.

23 ივნისს Tbilisi Open Air 2024 დაიხურა. ფესტივალის დასკვნითი დღე ჟანრობრივი მრავალფეროვნებით და საერთაშორისო ჰედლაინერების რაოდენობით გამოირჩეოდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მსოფლიო მუსიკალური სცენის ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: The Tiger Lillies, La Femme და Masego. რაც შეეხება ქართველ მონაწილეებს, სცენაზე ვიხილეთ Loudspeakers და Psychonaut 4. 

მთავარი სცენა Loudspeakers-მა გახსნა. ლაივის განმავლობაში ბენდის არაერთი ცნობილი სიმღერა გაჟღერდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს პერფორმანსისას საპროტესტო გზავნილებით გამოეხმაურა. 

Loudspeakers ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Loudspeakers-ის შემდეგ სცენა დაიკავა ქართულმა მეტალ ბენდმა Psychonaut 4, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს შორის მეორედ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბენდს ქართველი მსმენელების ერთგული აუდიტორია ჰყავს, Psychonaut 4 უფრო მეტად ქვეყნის საზღვრებს გარეთ არის ცნობილი და ხშირად დადის ტურნეებში. Tbilisi Open Air-ზე მათი ლაივი განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩეოდა, რასაც აუდიტორიისაგან მუსიკის ამ ჟანრისათვის დამახასიათებელი უკუკავშირი მოჰყვა. 

Psychonaut 4 ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

პერფორმანსის შემდეგ Billboard Georgia ბენდის წევრს, შოთა დარახველიძეს ესაუბრა. 

„საქართველოში დაკვრისას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ხოლმე. აქ მსმენელიც განსხვავებულია, ატმოსფეროც. Tbilisi Open Air-ზე პირველად 2017 წელს დავუკარით. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენც გავიზარდეთ და მსმენელიც. სწორედ ამიტომ, დღევანდელ დღეს მაინც განსაკუთრებულად ველოდებოდით, თუმცა ამ ლაივმა თავისი ყველა დეტალით მოლოდინს გადააჭარბა. ხალხისგან დიდი ემოცია მოდიოდა და შესრულებით ჩვენც ვისიამოვნეთ. რაც შეეხება Tbilisi Open Air-ს, ეს სივრცე ჩვენთვის, მუსიკოსებისთვის, და ასევე მსმენელებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. ეს არის ფესტივალი, რომელიც ჟანრობრივად არ არის შეზღუდული და ყველა მუსიკალური მიმდინარეობის მუსიკოსის მოსმენაა შესაძლებელი,”  – აღნიშნა შოთა დარახველიძემ. 

ამის შემდეგ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ბრიტანული ჯგუფი The Tiger Lillies წარდგა. ინსტრუმენტული ჟღერადობით, თეატრალური ელემენტებითა და სიურრეალისტური ტექსტებით ცნობილი ჯგუფი ფესტივალის ჰედლაინერებს შორის მეორედ არის. ტრიოს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ერთგული მსმენელების აუდიტორია ჰყავს. მათ პერფორმანსს ფესტივალის სტუმრების დიდი ნაწილი წელსაც განსაკუთრებით ელოდა. 

The Tiger Lillies ფოტო: გიო მაჭავარიანი

სცენაზე გასვლის წინ Billboard Georgia ჯგუფის წევრებს შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ, მაბამდე კი გთავაზობთ პატარა ამონარიდს. 

ადრიან სტაუტი, The Tiger Lillies:

„ჩვენ ყოველთვის ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. აქ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომლებიც აპროტესტებენ და არ სურთ აღმოჩნდნენ იმ ადგილას, სადაც არ უნდათ ყოფნა. ჩვენთვის, როგორც ბენდისთვის, როგორც არტისტებისათვის, ასეთი ქვეყნების, ასეთი საზოგადოებისათვის მხარდაჭერის გამოცხადება მნიშვნელოვანია.”

ფოტო: გიო მაჭავარიანი

მარტინ ჟაკი, The Tiger Lillies:

„ჩვენ ვიცით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია. პუტინი არის მოძალადე. მას არ აინტერესებს, თქვენ რა გინდათ, არ აინტერესებს, ხალხს რა უნდა, არ აინტერესებს, უკრაინელ ხალხს რა სურს. უბრალოდ იწყებს იმის მიტაცებას, რაც მოუნდება. ის ნამდვილად მოძალადე და მჩაგვრელია, ჩვენ კი არასდროს გვიყვარდა მჩაგვრელები. ის უბრალოდ მონსტრია.”

The Tiger Lillies-ის სანახაობრივი და მუსიკალურად შთამბეჭდავი პერფორმანსის შემდეგ, Tbilisi Open Air-ის მთავარი სცენა La Femme-მა დაიკავა ფრანგული თანამედროვე მუსიკალური სცენის ყველაზე პოპულარული ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა, თავისი ენერგიული ფრანგულენოვანი სიმღერებით არის ცნობილი. 

La Femme ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

პირველი სიურპრიზი, რომელიც ბენდისაგან გველოდა, ჯგუფის დამფუძნებელ წევრზე, საშა გოტზე მაისურის დანახვა იყო, რომელზეც ქართული მუსიკალური პროექტის სახელი – „Murman Tsuladze” ეწერა. ჯგუფის წევრმა, ლუკა ნუნიეზ რიტერმა კულისებში საუბრისას ისიც გვითხრა, რომ ის კარგად იცნობს მურმან წულაძეს და პროექტთან ერთად ლაივებზეც გამოდის. 

La Femme ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ამის შემდეგ La Femme სრული შემადგენლობით მთავარ სცენაზე გამოჩნდა და ფრანგული მუსიკალური სამყაროსთვის ჩვეული სილაღით, ენერგიითა და მხიარულებით გამორჩეული პერფორმანსი დაიწყო. ბენდის წევრები აუდიტორიას ხშირად მიმართავდნენ ქართულად, სცენაზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშაც ვიხილეთ. 

Tbilisi Open Air-ის წლევანდელი სეზონი იამაიკური წარმომავლობის ცნობილმა არტისტმა Masego-მ დახურა. საქსოფონზე შესრულებული კომპოზიციებითა და ძლიერი ვოკალური პერფორმანსით არტისტმა საკმაოდ ხანგრძლივი ლაივი შემოგვთავაზა. მუსიკოსი აუდიტორიასთან ინტერაქციითაც გამოირჩეოდა, რაც ძირითადად მუსიკალურ იმპროვიზაციებში ვლინდებოდა. Masego მსმენელს დაემშვიდობა თავისი ჰიტით – Tadow. 

Masego ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ასე დასრულდა Tbilisi Open Air-ის მე-15 საიუბილეო სეზონი. ფესტივალი მსმენელს ახალი ლაინაფით 2025 წლის ზაფხულში შეხვდება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნიმ ლონდონში ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებთან ერთად ტეილორის სიმღერაზე – But Daddy I Love Him იცეკვა

შემდეგი სტატია

კრისტ კოვოსელიკი

კრისტ ნოვოსელიკის ახალმა ჯგუფმა Nirvana-ს სიმღერა Love Buzz კურტ კობეინის მშობლიურ ქალაქ აბერდინში შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ის და ნოელი საერთო ინტერვიუების ჩაწერას არ აპირებენ, რადგან არ სურთ, პირადულ კითხვებს უპასუხონ

Oasis 2009 წელს დაიშალა. ცოტა ხნის წინ კი 2025 წლის ტურნეთი დაბრუნების შესახებ განაცხადა.
მეტი

პრინცი უილიამი და  ქეით მიდლტონი საუთპორტში ტეილორ სვიფტის თემატურ საცეკვაო კლასზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და დაზარალებულებს შეხვდნენ

სამეფო წყვილი ტრაგედიას სოციალურ მედიაშიც გამოეხმაურა.
მეტი

გრემის წლის კომპოზიტორის ნომინაცია აქამდე ქალს არ მოუგია – იქნება თუ არა წლევანდელი დაჯილდოება ამის პრეცედენტი?

ნახეთ იმ ქალების ჩამონათვალი, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირველად მოიგეს სხვა საკომპოზიტორო კატეგორიები.
მეტი