„ჩვენი მუსიკით სოციალურ რეალიზმზე ვყვებით” – ინტერვიუ The Tiger Lillies-თან

ჯგუფი Tbilisi Open Air 2024-ის დასკვნით დღეს მთავარ სცენაზე წარდგა.

Tbilisi Open Air 2024-ზე მსმენელმა არაერთი საერთაშორისო ჰედლაინერი მოისმინა. მათ შორის იყვნენ შემსრულებლები, რომლებიც ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგნენ და ისეთებიც, რომლებმაც ფესტივალის მთავარ სცენაზე მუსიკალური პერფორმანსი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე წარმოადგინეს. სწორედ ამ უკანასკნელთა რიგებს მიეკუთვნება ბრიტანული ჯგუფი The Tiger Lillies, რომელიც Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერი წარსულში ერთხელ უკვე იყო. ინსტრუმენტული ჟღერადობით, თეატრალური ელემენტებითა და სიურრეალისტური ტექსტებით ცნობილ ჯგუფს საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ერთგული მსმენელების აუდიტორია ჰყავს. 

მაშინ, როდესაც ლაივამდე არც ისე ბევრი დრო იყო დარჩენილი, Billboard Georgia ჯგუფს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. 

The Tiger Lillies ცნობილია მსმენელთან ახლო და უშუალო დამოკიდებულებით. ეს სცილდება მხოლოდ მუსიკალური შთაბეჭდილებების გადაცემას და უკუკავშირის მიღებას – ურთიერთობა ღირებულებების თანხვედრასა და მხარდაჭერაზე დგას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საინტერესო იყო ჯგუფის წევრების ხედვა, თუ როგორი ადამიანებისაგან შედგება The Tiger Lillies ლოიალური აუდიტორია. 

ადრიან სტაუტი, The Tiger Lillies:

„ჩვენი შემოქმედების განმავლობაში უამრავ ადგილას დაგვიკრავს და შესაბამისად მსმენელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში აუდიტორია განსხვავებულ დეტალებს აქცევს ყურადღებას. ისინი ისე იღებენ ჩვენს შემოქმედებას და იმ მხარეებს პოულობენ, რაც უფრო ახლოს არის მათ ისტორიასთან, ცხოვრების წესთან. მაგალითად, მექსიკაში თუ განსაკუთრებით ჩვენი ვიზუალური ნაწილი და პერფორმანსი მოსწონთ, ბერძნებმა, შესაძლოა,  ტექსტებში აღმოჩენილი ტრაგიზმი აღიქვან შთამბეჭდავ  მხარედ. ჩვენი შემოქმედება და კონცერტები არ არის მხოლოდ სიტყვებისა და მელოდიის ერთობლიობა. ეს არის პერფორმანსი, რომელსაც თუნდაც გარეგნული მხარეც ქმნის. ჩვენი მსმენელები ასაკითაც განსხვავდებიან. არიან ახალგაზრდებიც და ზოგჯერ  თავის შვილებთან ერთადაც მოდიან.”

თუკი შეგვიძლია, გავიხსენოთ ჩვენთვის ნაცნობი ჯგუფები, რომლებიც მსოფლიოში მომდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებზე მუდამ რეაგირებენ და ცალსახა, პრინციპულ პოზიციას აფიქსირებენ, მათ შორის აუცილებლად იქნება The Tiger Lillies. მსგავსი ღირებულებების და პრინციპების მატარებელი მუსიკალური კოლექტივისათვის, ბუნებრივია, ხელოვნებაც უკეთეს სამყაროში ცხოვრებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. 

ბადი ბატენოპი, The Tiger Lillies:

„ხელოვნება საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს სარკესავით აირეკლავს, ამიტომ აუცილებელია, რომ არტისტის შემოქმედება რეალობასთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული. ხელოვანი რეალობაში უნდა ცხოვრობდეს და არა – მხოლოდ საკუთარ სამყაროში. შესაძლოა, მუსიკოსმა ბევრი რამ ვერ შეცვალო, მაგრამ ხმა უნდა აიმაღლო, პოზიცია გამოხატო, ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადო.”

მარტინ ჟაკი, The Tiger Lillies:

„იმედგაცრუებას იწვევს, როცა ხელოვანები ჩვენ ირგვლივ არსებულ ვითარებაზე  პოზიციას არ აფიქსირებენ. ამავდროულად, დიდ პატივისცემას იწვევს, როცა ისინი მოვლენებს ეხმიანებიან. მაწუხებს, როცა  ადამიანებისაგან აპათიას ვხედავ. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერ საქართველოს  რუსეთის წინააღმდეგ პროტესტსა და ბრძოლას.”

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალობის კონტექსტის სწორად აღქმა და შეფასება განაპირობებს იმას, რომ  თუნდაც სიურრეალისტური ტექსტები, რეალურ ამბებს ეხება. 

ადრიან სტაუტი, The Tiger Lillies:

„ვცდილობთ შევქმნათ მუსიკა, რომელიც ეხება ცალკეული ინდივიდებისა და საზოგადოების ბრძოლებს, მათ პრობლემებს. ვცდილობთ, რომ ამ ადამიანების ხმა ვიყოთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუსიკით სოციალურ რეალიზმზე ვყვებით.”

როგორც The Tiger Lillies წევრები ამბობენ, მათი მუსიკა შორსაა პიროვნებების განსჯისგან. ის უბრალოდ იმ პერსონაჟებზე და სიტუაციებზეა, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით. ეს პერსონაჟები და გარემოებები მრავალმხრივები არიან – მათში ერთად არის სევდა, ბრძოლისუნარიანობა, იუმორი, სევდა, ინტრიგა.

The Tiger Lillies-ს  ქართველ მსმენელთან მრავალწლიანი მეგობრობა და არაერთი ლაივი აკავშირებს. თითოეული კონცერტი მათთვის განსაკუთრებული მოგონებაა. ამჯერად, Tbilisi Open Air-ის სცენაზე გამოსვლა ჯგუფისათვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით განსაკუთრებული იყო. 

მას შემდეგ, როცა წლების წინ The Tiger Lillies საქართველოს პირველად სტუმრობდა, ჯგუფის მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერი განცხადებები სოციალურ ქსელებში არაერთხელ ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მსმენელი ბენდისგან განსაკუთრებულ სიყვარულს და სოლიდარობას გრძნობს. კითხვაზე თუ, რით არის ეს თანაგრძნობა და თანადგომა გამოწვეული, ადრიან სტაუტი  გვპასუხობს: 

„ყოველთვის ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. აქ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომლებიც აპროტესტებენ და არ სურთ აღმოჩნდნენ იმ ადგილას, სადაც არ უნდათ ყოფნა. ჩვენთვის, როგორც ბენდისთვის, როგორც არტისტებისათვის, ასეთი ქვეყნების, ასეთი საზოგადოებისათვის მხარდაჭერის გამოცხადება მნიშვნელოვანია.”

მარტინ ჟაკი, The Tiger Lillies:

„ჩვენ ვიცით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია. პუტინი არის მოძალადე. მას არ აინტერესებს, თქვენ რა გინდათ, არ აინტერესებს, ხალხს რა უნდა, არ აინტერესებს, უკრაინელ ხალხს რა სურს. უბრალოდ იწყებს იმის მიტაცებას, რაც მოუნდება. ის ნამდვილად მოძალადე და მჩაგვრელია, ჩვენ კი არასდროს გვიყვარდა მჩაგვრელები. ის უბრალოდ მონსტრია.”

ამასობაში  The Tiger Lillies-ის პერფორმანსის დროც მოახლოვდა და ინტერვიუს დასრულება მოგვიწია. ამის შემდეგ მუსიკოსები ჩვეული გრიმით და სასცენო კოსტიუმებით სცენაზე გამოჩნდნენ. ლაივის დროს გაიჟღერა რუსეთის მიმართ პროტესტმა და საქართველოსადმი მხარდამჭერმა გზავნილებმა. Tbilisi Open Air 2024-ზე შესრულებულმა კომპოზიციებმა და მთლიანმა პერფორმანსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ The Tiger Lillies-ის მუსიკალური მემკვიდრეობა სახელოვნებო სივრცეში გამოკვეთილ კვალს ტოვებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Post Malone 2024 წლის 7 ივნისს ნიუ-იორკში Governors Ball-ზე

Post Malone ახალ სიმღერას კრის სტეპლტონთან ერთად აანონსებს

შემდეგი სტატია

Billboard Georgia-ს გუნდი Penske Media Corporation-ის წარმომადგენელს შეხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი
BTS BIGHIT MUSIC

როგორ გადაინაწილებენ BTS, Madonna და Shakira მსოფლიო ჩემპიონატის შესვენების 11-წუთიან დროს

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში ქეითი და კითი განიხილავენ, თუ როგორ გადაინაწილებს 19 ივლისს სცენაზე სამი სუპერვარსკვლავი დროს.
მეტი

ლორინ ჰილი განმარტავს, თუ რატომ აღარ გამოსცა ახალი ალბომი Miseducation-ის შემდეგ

„რაღაც მხრივ, ჰარიეტ ტაბმენის მსგავსი ფიგურა ვიყავი, რომელიც გარბოდა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მყოფთათვის მწარე სიმართლე ეთქვა, სანამ გარკვეული ძალები ამ კარებს არ დახურავდნენ.”
მეტი
პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი